“განახლებული ბახმარო”, საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გასული წლის 19 აგვისტოს ზარზეიმით გახსნა. ოღონდ ზეიმში მონაწილეობა, მხოლოდ გამონაკლისებს ხვდათ წილად.
ჯერ იყო და, “ნაციონალების” ატრიბუტიკიანი მაისურების დარიგებაში მთელი ადმინისტრაციული რესურსი გამოიყენეს პოლიციელების ჩათვლით, მერე კი “ქართული ოცნების” წევრები არ შეუშვეს ბახმაროში. სხვათაშორის, არა მარტო “ქართული ოცნების” წარმომადგენლები _ არ შეუშვეს რიგითი ადამიანები, რომლებმაც გაბედეს და “მეოცნებეებს” სალამი მისცეს.
იმ დროს, როცა ბახმაროს შესასვლელთან მობილიზებული სპეცრაზმი “ქართული ოცნების” მხარდამჭერებთან “საქმეებს არჩევდა”, საქართველოს პრეზიდენტი კურორტზე ახალაშენებულ სასტუმროს, ამფითეატრს და ამბულატორიას ხსნიდა, ოღონდ ნახევრად დასრულებულს და, თავის დროზე, სხვის მიერ აშენებულს. სასტუმრო, რომლის “ფეშენით” საქართველოს პრეზიდენტი ტელეკამერების წინ თავს ამაყად იწონებდა, ჯერ კიდევ კომუნისტების ეპოქაში აიგო _ “ნაციონალურმა ხელისუფლებამ” ის მხოლოდ კოსმეტიკურად გაარემონტა და როგორც 19 აგვისტოს ბახმაროში მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, “კურორტის სავიზიტო ბარათად აქცია”.
თუმცა, ეს რომ მხოლოდ და მხოლოდ კამერებისთვის დადგმული სპექტაკლი იყო, იმითაც დასტურდება, რომ სასტუმროში დღეს ავეჯის ნასახიც არ არის.
უფრო მეტიც, სასტუმრო, რომელიც საქართველოს ბიუჯეტს 879 338 ლარი დაუჯდა, დღეს უფუნქციოა. როგორც გავარკვიეთ, ის ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა და ამ დრომდე ვერ გარკვეულა, ვინ უნდა მართოს.
სანამ სამინისტრო სასტუმროს მეპატრონეს მოუძებნის, მანამდე კურორტზე სეზონი დასრულდება (ბახმაროში სეზონი აგვისტოს ბოლოს მთავრდება) და, შესაბამისად, პრეზიდენტის გაპიარებული სასტუმრო, მხოლოდ და მხოლოდ მედიის არქივს შემორჩება:
_ ლამაზად კი გამოიყურება, მაგრამ რად გინდა? დღის განმავლობაში ათობით ადამიანი ამოდის. ბევრს უნდა რამდენიმე დღით დარჩენა, მაგრამ მსგავსი სერვისი ამ კურორტზე არ არსებობს, რაც ძალიან სამწუხაროა, _ აღნიშნავენ დამსვენებლები.
ბახმაროში არც რესტორანია და არც კაფე. არადა, აღნიშნული ობიექტები სააკაშვილმა სასტუმროსთან ერთად გახსნა. პრეზიდენტს გააჭრევინეს ლენტი ამფითეატრში. მისი აშენება, რომელშიც წყალი გახსნის დღესვე ჩავიდა, 200 000 ლარამდე დაჯდა. იმ დღეს ლენტები გაიჭრა სუპერმარკეტსა და ამბულატორიაში. თუმცა, ამ ეტაპზე არც ერთი მათგანი არ ფუნქციონირებს. როგორც ბახმაროს ადმინისტრაციაში გვითხრეს, სუპერმარკეტი და ამფითეატრი მალე გაიხსნება.
ბახმაროში ყველაზე მწვავედ ელექტროენერგიის პრობლემა დგას. ძაბვა ძალიან დაბალია და ხშირადაც ითიშება. როგორც გვეუბნებიან, ამის მიზეზი მოძველებული ტრასფორმატორებია, რომლებიც ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა.
_ ჩვენგან რაც არის საჭირო, ყველაფერი კეთდება. დღესაც წასულები არიან ჩემი თანამშრომლები და თუ რაიმე პრობლემა იქნება, აუცილებლად გამოსწორდება, _ გვითხრა “ენერგო პრო ჯორჯიას” ჩოხატაურის სერვისცენტრის ხელმძღვანელმა, ვანო ჭარბაძემ.
_ დაბალ ძაბვას ის განაპირობებს, რომ ცუდ ამინდებში, 3-4 გამათბობელი ერთდროულად არის ჩართული, _ დასძენს კურორტ ბახმაროს ხელმძღვანელი, დავით საჯაია.
დამსვენებლები ამბობენ, რომ ნაგვის გატანაც გვიანდება. კურორტის ხელმძღვანელი ამ ინფორმაციას უარყოფს: _ ადრე, ნაგავსაყრელი ბახმაროში იყო მოწყობილი. თუმცა, გარემოს დაცვის სამინისტრომ სტანდარტებთან შეუსაბამობის გამო მოითხოვა, ნაგავი ჩოხატაურში ჩავიტანოთ. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ნაგვის ურნები ყოველდღე არ იცლება. დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს ნაგავი ყველა უბნიდან, ყოველდღე გააქვთ, _ ამბობს საჯაია.
აღსანიშნავია, რომ ბახმარო მეტად სერიოზული პრობლემის წინაშე დგას _ უნიკალური ნაძვნარი დაავადებულია და სასწრაფოდ ზომების მიღებას საჭიროებს. მიუხედავად იმისა, რომ “გურია ნიუსი” ამის შესახებ დიდი ხანია წერს, რეაგირებას არც ერთი შესაბამისი უწყება არ ახდენს. არადა, დაავადებული ხეები წამოსულ ტყეს აზიანებს, რაც სპეციალისტების შეფასებით, საბოლოოდ ნაძვნარის სრულ განადგურებას გამოიწვევს.