სოფლის მეურნეობაში ინოვაციური მიდგომა და დარგების განვითარება აუცილებელია _ საქონელს ანტიკურ ეპოქაშიც უვლიდნენ, ხორბალს თესდნენ, ბოსტნეულიც მოჰყავდათ, მაგრამ მაშინ მომხმარებელი ცოტა იყო და მოთხოვნილებაც მოკრძალებული ჰქონდათ.
დღევანდელ პირობებში, როცა ყველაზე დაუნდობელი, მაგრამ განვითარებისთვის აუცილებელი ფაქტორი _ კონკურენცია სულ უფრო გვიახლოვდება, არქაული მეთოდებით სოფლის მეურნეობის გაძღოლა კონკურენტულ გარემოში, ენერგიისა და ფულის უაზრო ფლანგვაა. ამ დროს უპრიანია შეიძინო მისგან, ვინც უფრო იაფად აწარმოებს. ხელოვნური ბარიერებით ამ სიტუაციის შეცვლა, მომხმარებელს სათანადო პროდუქტის გარეშე დატოვების ან ამ პროდუქტებზე ფასების გაზრდის საფრთხის წინ აყენებს. არის სხვა ფაქტორიც _ ენერგომატარებლებზე ფასების ზრდა, რაც, პირველ რიგში საკვებ პროდუქტებზე აისახება.
ინოვაციური ტექნოლოგიის და ახალი თანამედროვე ტექნოლოგიების გარეშე, არც ერთ და, პირველ რიგში, სოფლის მეურნეობის დარგებში საქმიანობა, სათანადო შედეგის მომტანი ვერ იქნება.
ბაღდათის მუნიციპალიტეტში (დადიანის ქუჩა #8) 2011 წელს დავაარსეთ საწარმო შპს “არწივი”, ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია “პინ”-ის თანადგომით. ერთი უმთავრესი ფაქტორი ამ იდეის გახორციელებისა გოგი არწივიძის გამოგონება _ ჩირის დასამზადებელი საჩირავი აპარატი იყო, რომელსაც ანალოგი არ აქვს.
საწარმოში იმთავითვე თორმეტი ადამიანი დასაქმდა, რაც, არც ისე ბევრია, თუმცა, იმედისმომცემია სამუშაო ადგილების შესაქმნელად, რადგან, მიუხედავად არც ისე სწრაფი ტემპისა, საწარმოს წინსვლა აშკარაა.
სამუშაო სეზონი დროებითია, ძირითადად მუშაობა ზაფხულის მეორე ნახევარში იწყება და შემოდგომის ბოლომდე გრძელდება. საწარმო მშრალი პროდუქტების წარმოებითაა დაკავებული. ძირითადად ხილ-კენკროვანების და ბოსტნეულის გაშრობა-გადამუშავებაზე ვმუშაობთ. დიდი მოწონება დაიმსახურა შოკოლადით მოჭიქულმა ჩირმა, ასევე შავ ქლიავთან ერთად გატარებულმა მშრალი ხურმის ჩირმა შოკოლადში, რომელიც ჩვენ დავამზადეთ და ძალზე ნუგბარი საჭმელია.
გაშრობის ტექნოლოგიისთვის მზის ენერგიას ვიყენებთ, რამაც დიდი დანაზოგი მოგვცა, პროდუქციის ხარისხის ამაღლებასაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი და უმთავრესი ის მივიღეთ, რომ პროდუქცია ნატურალური, ვიტამინებით უდანაკარგო და სასარგებლოა. აღსანიშნავია, რომ ანალოგიური სომხური ჩირი გაცილებით ძვირია.
საწარმოს ამუშავების მთავარი ფაქტორია ის, რომ ზოგ პროდუქტს, რომელიც უცხოეთიდან შემოდის ჩვენს ქვეყანაში, ეს საწარმო ბაზარს სთავაზობს ორჯერ დაბალ ფასში _ კილოგრამი ჩირის ფასი 15 ლარიდან 22 ლარამდე მერყეობს. ამასთან, მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ აღნიშნული პროდუქციის წარმოებისას საერთოდ არ გამოიყენება ენერგიის ტრადიციული სახეები _ პროდუქტი შრება მზის ენერგიით, სტერილურ გარემოში.
საწარმო ნედლეულად იყენებს ადგილობრივ პროდუქტს, ვაშლს, მსხალს, ლეღვს, შავ ქლიავს, კომშს, თითქმის ყველაფერს, რომლის ნაწილს თვითონაც აწარმოებს. პროდუქტის წარმოებისას არ გამოიყენება შხამქიმიკატები. ტექნოლოგიური თვალსაზრისით, ჩვენთან შექმნილია სათანადო პირობები იმისთვის, რომ იწარმოებოდეს მაღალი ხარისხის, კონკურენტული ფასების მქონე, ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტი. ჩვენთან სხვადასხვა სახის მწვანილეულის (ოხრახუში, ქინძი, ცერეცო, ნიახური, შაშტრამი, კვლიავი…) შრობა და ფხვნილის სახით მიღება ხდება, რაც შემდეგ პაკეტებში ფასოვდება. ასევე ხდება ბოსტნეული კულტურების ჩირის სახით გამოყვანა ზეითუნის ზეთში. ჯერ მწიფე პომიდვრის გამოშრობა ხდება და შემდეგ იგი 200-გრამიან ქილებში თავსდება, ზეითუნის ზეთთან ერთად.
ყოველივე ამას წინ უძღოდა ხანგრძლივი შრომა, რომელიც მეტია იმ შედეგზე, რაც სადღეისოდ გვაქვს მიღებული. თუმცა, ახლა საწარმოში შექმნილია საკვები პროდუქტის სახეობა, რომელიც ექსკლუზიურია და ამჟამად მიმდინარეობს მისი შესაბამისი წესით რეგისტრაციის პროცესი. ამ გამოგონებით სერიოზულ წარმატებას ველოდებით.
პრობლემების გარეშე საქმე არ არსებობს და სამწუხაროდ, ამ საწარმოსთვისაც აშკარად ახლობელია.
საწარმო ფინანსური რესურსების დეფიციტს განიცდის, საწარმოს ადმინისტრაცია მცდელობას არ აკლებს საბანკო სექტორთან ურთიერთობას, რათა ამ პრობლემის თუ სრულად არა, მის ნაწილობრივ დაძლევას მაინც მიაღწიოს, თუმცა. ჯერ შედეგი ნაკლებად ჩანს.
საწარმო, შპს “არწივი” აშკარა მაგალითია მათთვის, ვისაც შეზღუდული ფინანსური და ტექნიკური საშუალებების რესურსების პირობებში, გადაწყვეტილი აქვს სასოფლო-სამეურნეო საქმანობას მოჰკიდოს ხელი და საკუთარი წარმოების პროდუქტი შესთავაზოს ბაზარს.
პროდუქტის წარმოებამდე ადმინისტრაციის ტექნიკურ ნაწილზე პასუხისმგებელი პირები მუდმივად იმყოფებოდნენ სხვადასხვა ტრენინგებზე და სწავლებებზე. მიღებული ცოდნის წყალობით, მათ შეძლეს შეცდომების თავიდან აცილება, ფინანსური რესურსების და დროის დაზოგვა.
მერაბ ბარათაშვილი,შპს “არწივის” თანამფლობელი, ასოცირებული პროფესორი სოფლის მეურნეობის დარგში