პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება კომიტეტის წევრებმა ინიციატორთან, ზაქარია ქუცნაშვილთან ერთად მიიღეს. კუბლაშვილის შენიშვნები დაფინანსების საკითხებთან დაკავშირებული ნორმების ტექნიკურ დახვეწასა და კანონში უფრო მკაფიო ჩანაწერების გაკეთებაში მდგომარეობდა.
პარტიათა საბიუჯეტო დაფინანსების გაზრდის თაობაზე შემუშავებული ინიციატივა ჯამში 18 პარტიის ბიუჯეტზე აისახება. კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, საბაზისო დაფინანსების არსებული ოდენობა ორმაგდება. მოქმედი კანონით საბაზისო დაფინანსება წელიწადში 150 ათასი ლარია, პროექტის მიხედვით კი, ის 300 ათას ლარამდე იზრდება. ეს ზრდა 14 კვალიფიციურ სუბიექტს შეეხება.
პროექტის თანახმად, წელიწადში 300-300 ათასი ლარი ემატება პარტიას, რომელმაც საარჩევნო ბარიერი გადალახა და პარლამენტში ფრაქცია შექმნა. პარტიის მიერ მისაღები საბიუჯეტო დაფინანსების გაანგარიშების ფორმულაში პირდაპირ განისაზღვრება, რომ ბიუჯეტიდან დაფინანსებას იღებს პარტია, რომელიც ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიზნით ცესკო-ში იყო რეგისტრირებული და პარლამენტში ფრაქცია შექმნა. ფრაქციის შექმნისთვის მისაღების დაფინანსება კი საბაზისო დაფინანსების ტოლია, ანუ ისიც 300 ათასს ლარს შეადგენს. დამატებით 300 ათასის მიმღები შვიდი პარტია: – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და კოალიცია “ქართულ ოცნებაში” შემავალი ექვსი პოლიტიკური გაერთიანება იქნება. დაფინანსების ამ პრინციპის შემოღებით, მათთვის ბიუჯეტიდან დამატებით 2 მილიონ 100 ათასი ლარი უნდა გამოიყოს.
რაც შეეხება არასაპარლამენტო პარტიებისთვის ბიუჯეტიდან ერთჯერადი სახით 150-150 ათასი ლარის გამოყოფის საკითხს, ამ მიმართულებით ცვლილება კანონის გარდამავალ დებულებებში შედის, რომლის თანახმად, 2012 წლის 1 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე შვიდი საუკეთესო შედეგის მქონე საარჩევნო სუბიექტს, რომლებიც პარლამენტში წარმოდგენილი არ არიან, ერთჯერადად პარტიების საბაზისო დაფინანსების ნახევარი უნდა მიეცეს, ანუ საუბარია 150 ათასს ლარზე. ასეთი საარჩევნო სუბიექტი დაფინანსებას მხოლოდ წინასწარი წერილობითი თანხმობის საფუძველზე მიიღებს, რომელიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურს კანონის ამოქმედებიდან 20 დღის ვადაში უნდა წარედგინოს. თუკი პარტია აღნიშნულ ვადაში თანხმობას არ წარადგენს, დაფინანსების მიღების უფლებას კარგავს.
კანონპროექტში არსებული ფორმულირების გათვალისწინებით, ერთჯერად 150-150 ათასს ლარს მიიღებს: “ქრისტიან-დემოკრატებისა” და “ევროპელი-დემოკრატების კოალიცია, “ახალი მემარჯვენეები”, “ქართული დასი”, “თავისუფალი საქართველო”, “ლეიბორისტები”, “ეროვნულ-დემოკრატიული პარტია”, პარტია “სამართლიანი საქართველოსთვის”. ჯამში მათთვის 1 მილიონ 50 ათასი ლარი უნდა გამოიყოს. შვიდი არასაპარლამენტო პოლიტიკური გაერთიანება ერთჯერადი საბაზისო დაფინანსების სახით განსაზღვრულ 150-150 ათასს ლარს, კანონის ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში მიიღებს.