ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი, ნინო გიორგობიანი ადასტურებს.
“გურია ნიუსი” უკვე ყოფილ პოლიციის უფროსს დაუკავშირდა, რომელიც ამბობს, რომ გათავისუფლების მიზეზები მისთვის უცნობია:
_ არაფრის საქმის კურსში არ ვარ. რატომ გამიშვეს ეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდა ჰკითხოთ. გენინსპექცია ნამდვილად იყო ჩვენთან, მაგრამ დასკვნას არ გავცნობივარ.
_ დასკვნას არ იცნობთ, მაგრამ მიზეზი არ გითხრეს?
_ მოსახლეობის სახელით მელაპარაკებოდნენ, ხალხი არის უკმაყოფილო პოლიციის მუშაობითო. რაღაც ბრალდებები იყო, მაგრამ არც ერთს არ დავეთანხმე, გადამოწმებას ექვემდებარება,-მეთქი. თუ რაიმე ფინანსური დარღვევაა, მაშინ გეტყვით, რომ ფინანსებთან შეხება არ მქონდა.
ილია გერლიანი მესტიის პოლიციის უფროსად ახალმა შინაგან საქმეთა მინისტრმა დანიშნა. დაახლოებით ერთი კვირის წინ მედიასაშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლიციის უფროსმა გერლიანმა ქელეხი გადაუხადა კრიმინალურ ავტორიტეტს, კანონიერი ქურდის, ბესო, იგივე “მუნჯო” ჯაფარიძის ძმას, ტარიელ, “ტაი” ჯაფარიძეს. ქელეხის ღონისძიებაში მთელი პოლიცია იყო ჩართული, რომლებიც სამსახურეობრივი პიკაპებით ეზიდებოდნენ სურსათ-სანოვაგეს.
მესტიის პოლიციის უფროს ილია გერლიანს “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატის, ვიქტორ ჯაფარიძის კადრად მოიაზრებენ.