მთავარი მოთხოვნა სახელფასო დავალიანების დაფარვა და “ადითის“ გაურკვეველი მომავალი იყო. როგორც გაფიცული მედიკოსები ამბობენ, მათ ხელფასები თებერვლის მერე არ მიუღიათ, ხოლო თავად საავადმყოფოს ბედი გაურკვეველია. მედიკოსები დახმარებისთვის სახელმწიფოს კიდევ ერთხელ მიმართავენ და ამბობენ, რომ ეს მხოლოდ გამაფრთხილებელი აქციაა, თუ მოთხოვნები ისევ არ იქნება შესრულებული, სამომავლოდ უფრო ფართომასშტაბიან სახეს მიიღებს და უკვე არა საავადმყოფოს ეზოში, არამედ მუნიციპალიტეტის გამგეობასთან გადაინაცვლებენ.
აქციას მედპერსონალთან ერთად რიგითი ლანჩხუთელებიც შეუერთდნენ. ადგილობრივების მოთხოვნა საავადმყოფოს შენარჩუნება და მედ.პერონალისთვის ყურადღების მიქცევაა, რადგან ისინი ყველაზე დიდ საქმეს აკეთებენ ლანჩხუთისთვის.
დღევანდელ აქციას რეფერალური დახმარების პერსონალის გარდა ყველა ექიმი შეუერთდა.
ნინო კვირკველია, ექიმი: ,,ადითის“ საავადმყოფოში, საპროტესტო აქციის გამო, შეწყდა მუშაობა. მინდა, გავიხსენო რეგიონულ გაზეთ “გურია ნიუსთან“ ჯანმრთელობის მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადება. მან თქვა, რომ კომპანია “ადითთან“ ყოველგვარი ულტიმატუმი ამოწურულია. მინისტრმა მან ვერ შეასრულა მასზე დაკისრებული მოვალეობა და სახელმწიფო მას დაელაპარაკება კანონის ენით. გავარკვიეთ ისიც, რომ შექმნილია მონიტორინგის ჯგუფები, რომლებიც სწავლობენ “ადითის“ საქმიანობას, მაგრამ, მიუხედავად ამისა, დღეს რაიონული საავადმყოფოს ბედი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. არავინ იცის, რა იქნება ხვალ და ის 90 მედპერსონალი, რომელიც აქ მუშაობს, წავა თუ არა სახლში. დღეს რაიონული საავადმყოფოს მომავალი გაურკვეველია მოსახლეობისთვის, მუნიციპალიტეტისთვის. მოსახლეობა დღეს ჩვენ გვერდით დგას. მეორე მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც “ადითის“ დაქვემდებარებაში მყოფ კლინიკებს აწუხებს, სახელფასო დავალიანებაა. მინდა, შეგახსენოთ, რომ სახელმწიფოში შეკრულია მანკიერი წრე, სახელმწიფო ყოველთვის ურიცხავს სადაზღვევო კომპანიებს თანხას, მაგრამ რატომღაც “ალფა“ არ გვირიცხავს. 5-6 თვეა, აუღებელი გვაქვს ხელფასები, ვმუშაობთ ენთუზიაზმზე. ჩვნეს უკან დგანან ჩვენი ოჯახები, სტუდენტი შვილები, დასაფარი კრედიტები. ჩვენ ვთხოვთ ხელისუფლებას, გამოიჩინონ გულისხმიერება , დაგვიზუსტონ ხელფასების აღების თარიღები და თუ რა ბედი ეწევა საავადმყოფოს ,,ადითის“ წასვლის შემდეგ“.
ელიკო ტუღუში, ოფთალმოლოგი: _ სახელმწიფოს კეთილგანწყობა ყველგან აისახა, ძირითადად, იმ სახით, რომ “ადითის“ მდგომარეობა გამოიკვლიეს, მაგრამ ჩვენ ვართ პაციენტებზე პასუხისმგებელი და ეს ჩვენზეც უნდა აისახოს, დაგვეხმარონ, ჩვენი კუთვნილი ანაზღაურების აღებაში. ყველა ინსტანცია მოვიარეთ, არ არსებობს ბერკეტი, რომელიც არ გამოგვიყემებია. ვითხოვთ, როგორმე ჩაერთოს სახელმწიფო ამ პრობლემის მოგვარებაში. თუ ასე გაგრძელდა, დაიკეტება აბსოლუტურად ყველა კარი, მიუხედავად იმისა, კანონით დავისჯებით თუ არა, რადგან ირღვევა ჩვენი უფლებებიც. გვეუბნებიან, არ შეიძლება გაფიცვა, მედიცინის მუშაკები ხართო, მაგრამ ჩვენც ხომ გვაქვს?!
გია ფიცხალაიშვილი, ლანჩხუთის მკვიდრი: _ საავადმყოფოს შენარჩუნებასა და ექიმების უფლებების დაცვაზე ბრძოლა ნებისმიერი ლანჩხუთელის მოვალეობაა. ძალიან რთული სიტუაციაა, ბევრი ექიმი აქედან ასეთი რთული მდგომარეობის გამო გაიქცა. ჩვენც ვუერთდებით მედპერსონალის მოთხოვნას და ვითხოვთ, რომ ხელისუფლებამ გაარკვიოს და დაეხმაროს მათ. როგორც რიგითი ლანჩხუთელი, 30 კაცით შევუერთდი აქციას.
მიხეილ ქურთუბაძე, შპს “ადითის“ ლანჩხუთის საავადმყოფოს იურისტი: _ როგორც სახელმწიფო გვეუბნება, “ადითთან“ ხელშეკრულების გაწყვეტის პროცესები დაწყებულია და ჩვენი ინფორმაციით, ალბათ, ეს საკითხი დადებითად გადაწყდება. ვაპირებთ, საჩივარი შევიტანოთ ხელფასებთან დაკავშირებით, მაგრამ ეს მეტად გრძელვადიანი პროცესია, ჯერ გადაწყვეტილება უნდა შევიდეს ძალაში, მერე სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს და შეიძლება, დროში გაიწელოს. თავისთავად, ამ ხნის განმავლობაში უხელფასოდ მუშაობა რთულია, ამიტომ თუ სახელმწიფოს დახმარება იქნება, მეტად ეფექტურია, სასამართლოსთვის მიმართვა ნაკლებეფექტურად მიმაჩნია.
გიორგი გეგიაძე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელი: _ ძალიან ცუდი ფაქტია, რომ რაიონის საავადმყოფო ასეთ დღეშია. საქმის კურსში ვარ, მოვლენები კარგად ვიცი. საქმე იმაშია, რომ “ადითი“ კერძო კომპანიაა, რომელმაც ხელშეკრულებით აღებული არც ერთი პუნქტი არ შეასრულა. მარტო ლანჩხუთის თავს არ ტრიალებს ასეთი ამბავი, მსგავს დღეშია შვიდი რაიონის საავადმყოფო. დეპუტატი აქტიურადა იყო ჩართული ამ საქმეში, ვის არ მივმართეთ, მაგრამ პასუხი ერთია, რომ “ადითთან“ მიმდინარეობს ინტენსიური მოლაპარაკება. მე ვფიქრობ, ეს კომპანია სასწრაფოდ უნდა მოშორდეს ლანჩხუთს და საავადმყოფო გადავიდეს სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში. დამერწმუნეთ, თუ ეს საავადმყოფო მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში გადავა, ძალიან კარგად ირჩენს თავს.