ლევან მეგრელიშვილი, ქირურგი: _ შპს “ადითის” ჩოხატაურის ფილიალის თანამშრომლები, სოლიდარობას ვუცხადებთ რვავე რაიონს, სადაც “ადითს” აქვს ფილიალები, 6 თვეა ხელფასები მიუღებელი გვაქვს. ყველგან იგივე მდგომარეობაა, რაც ჩვენთან _ არ არის ხელფასები, ინფრასტრუქტურა, გამოკვლევის აპარატები მწყობრიდან არის გამოსულები და, შესაბამისად, ვერ ხერხდება პაციენტებისთვის ისეთი მომსახურების გაწევა, როგორიც საჭიროა ჩვენ გამოვედით, რომ დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია. მედპერსონალის პრობლემები პრობლემებს უქმნის პაციენტებსაც. ამიტომ დღეს შპს “ადითის” ჩოხატაურის ფილიალის თანამშრომლები გამოვედით და ვაწყობთ სოლიდარობის აქციას რვავე რაიონთან ერთად.
ცისანა გოგოლაძე, ქირურგიული განყოფილების გამგე: _
თებერვლის შემდეგ ხელფასები არ აგვიღია, მთავარი ისაა, რომ ადამიანებად არ გვთვლიან, იმის პასუხისმგებლობა არ აქვთ, რომ აქ ხალხი ვმუშაობთ და რა მინიმალურ ხელფასსაც გვაძლევენ, ისიც კი არ აგვიღია. რომ დავრეკავთ, გვეუბნებიან, არ არის და რომ გვექნება, გამოგიგზავნითო, ხელშეკრულებაში ეს ასე არ წერია. დაარღვიეს ყველანაირი ხელშეკრულება. საავადმყოფო ხომ პაციენტებზეა ორიენტირებული?! ინფრასტრუქტურა არანაირად არ ვარგა, რენტგენი გაფუჭებულია, საოპერაციოში არ შეისვლება, თეთრეული შესაცვლელია. ხალხს როგორ უნდა მოვემსახუროთ! რამდენიმე თვეა, უხელფასოდ ვმუშაობთ. ჩვენ დღისით თუ ღამით, შაბათს თუ კვირას ვმუშაობთ ხალხისთვის.
თავისი უკმაყოფილება ვერც პაციენტებმა დამალეს, რომლებიც იმ დროისთვის საავადმყოფოს ეზოში იმყოფებოდნენ.
ლილი დოლიძე, პაციენტი: _ თუ ექიმს ხელფასს არ მისცემენ, როგორ იმუშავებს, მაგრამ ეს ხალხი მუშაობს. რამდენჯერ ღამით სახლიდან წამომიყვანია ექიმი ან როგორ შეიძლება ჩვენს რაიონში არ იყოს ნორმალური საავადმყოფო?! იმას ამბობენ, ყველაზე მივარდნილ სოფლებშიც კი გაიხსნება საავადმყოფოო და ეს საავადმყოფო ხუთ საწოლზეა დაყვანილი. ჩვილ ბავშვიანი ქალი მყავს მოყვანილი. ამას რომ რამე დასჭირდება და აქ საავადმყოფო არ იქნება, ან ექიმები არ იქნებიან, სად უნდა წავიდე ოზურგეთში თუ თბილისში? თუ ვინმეს შეუძლია გვერდში დაუდგეს ამ ხალხს, ნამდვილად ასე უნდა გააკეთონ. თვითონ პაციენტები და ხალხი უნდა დავუდგეთ გვერდით.
დარეჯან ლომთათიძე, პაციენტი: _ მეც და ჩემი მეუღლეც ამ საავადმყოფოს პაციენტები ვართ. თვეში ორ-სამჯერ გვიწევს მოსვლა და აქ რომ საავადმყოფო არ იქნება, იმის საშუალება ნამდვილად არ გვაქვს, ოზურგეთში ან სამტრედიაში ვიაროთ. აქ თუ საავადმყოფო არ იქნება, ან ოთხ და ხუთკაციანი იქნება. რა ქნას ამ ხალხმა, სად წავიდეს. ამხელა რაიონია. ცოტა ამ ხალხზე ხომ უნდა იფიქროს ვინმემ.
მიუხედავად იმისა, რომ მედპერსონალი აქციას მართავდა, იმ დროისთვის, საავადმყოფოში მისულ პაციენტებს საჭირო დახმარების მიღებაზე ხელი არ შეშლიათ.