თვითონ დაკავებული თავს დამნაშავედ არ ცნობს და აცხადებს, რომ გასროლა ჰაერში განახორციელა.
როგორც ჯგუშიას ადვოკატი, ჯიტა გულუა აცხადებს, სოფელ რიყეში ერთ სუფრასთან მსხდომ ჯგუშიასა და მერაბ ქვარაიას შორის დაპირისპირება მოხდა. თენგიზ ჯგუშიამ ინციდენტის თავიდან აცილების მიზნით სოფელი დატოვა, თუმცა, მას გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი, გამგეობის სხვა წევრებთან ერთად, უკან მანქანით გაჰყვა, ენგურქაღალდკომბინატის დასახლებაში კი ჯგუშიას მანქანა ჩიხში მოექცა, რის გამოც იძულებული გახდა მანქანა გაეჩერებინა.
ჯიტა გულუა: “მოწინააღმდეგე მხარეს იყო ძალთა უმრავლესობა. სიტყვიერი შელაპარაკება შეიძლებოდა უარეს ინციდენტში გადაზრდილიყო და თენგიზ ჯგუშიამ სიტუაციის განსამუხტად გამოიყენა იარაღი. მან ჰაერში გაისროლა. თენგიზ ჯგუშია თავს დამნაშავედ არ ცნობს. ის კატეგორიულად უარყოფს ფაქტს, რომ ქვარაიას მისამართით ისროდა. ის კარგი მსროლელია, ამიტომ საკმაოდ ადვილად შეეძლო ნახევარ მეტრში მიზანში ამოეღო და დაეზიანებინა ქვარაია, მაგრამ მას ეს აზრადაც არ მოსვლია _ უბრალოდ, სიტუაციის განსამუხტავად ჰაერში გაისროლა.”
თენგიზ ჯგუშიას დაკავებას ეხმაურება “სამეგრელოს ხმის” წარმომადგენელი ბეჟან შანავა.
“ჯგუშიას დაკავება სოფელ რიყეში, სასმელი წყლის მილების ამოღების ფაქტების გახმაურებას უკავშირდება, რადგან წყლის მილების მოპარვის შესახებ ქვეყანამ სწორედ ჯგუშიასგან შეიტყო. გამგეობა მილების საქმეში დამნაშავეს შეგნებულად აფარებს ხელს, რასაც თენგიზ ჯგუშია ხმამაღლა აფიქსირებდა,” _ აცხადებს შანავა.
როგორც ცნობილია, არსებობენ თვითმხილველებიც, რომლებიც აცხადებენ, რომ ჯგუშიამ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე რამდენჯერმე გაისროლა ზუგდიდის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის, მერაბ ქვარაიას მისამართით. თავად დაზარალებული კი ამ ეტაპზე ჟურნალისტებთან მცირე კომენტარით შემოიფარგლა და განაცხადა: “დეტალებზე საუბრისგან ამ ეტაპზე თავს ვიკავებ. მჯერა, რომ გამოძიება დაადგენს ინციდენტის დეტალებს და დამნაშავე პირებს”.
მკითხველს შევახსენებთ, რომ თენგიზ ჯგუშია, ხუთშაბათ საღამოს, იარაღის გამოყენებით ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს.