საკრებულოს დღეისათვის 9 ახალი ფრაქცია დაემატა.
ახალ ფრაქციებს ახალი ავტომანქანები, მძღოლები და ბენზინი სჭირდებათ და, შესაბამისად, საკრებულომ “სედანის” ტიპის ავტომობილების შეძენაზე არა ერთი ტენდერი გამოაცხადა. ბოლო სატენდერო განცხადება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე 6 აგვისტოს განთავსდა. სატენდერო განცხადების მიხედვით საკრებულო 44 ათასი ლარის ფარგლებში 2013 წელს გამოშვებული “სედანის” ყიდვას აპირებს.
“გურია ნიუსი” სატენდერო კომისიის აპარატში ვახტანგ თორთლაძეს დაუკავშირდა, რომელიც ამბობს, რომ არ იცის, ამჯერად ვისთვის ყიდულობენ ახალ ავტომანქანას.
“მანქანა ვისთვისაა განკუთვნილი, ეს მხოლოდ აპარატის უფროსმა იცის. ცხრა ფრაქცია დაგვემატა და ვერ გეტყვით, კონკრეტულად, რომელი ფრაქციისთვის არის საყიდელი. ამ მანქანის გარდა, კიდევ უნდა ვიყიდოთ მანქანები _ ახალ ფრაქციებს, კანონის მიხედვით, მანქანა, მძღოლი და ბენზინი ეკუთვნით. ისევეა, როგორც პარლამენტში.”
როგორც თორთლაძე ამბობს, თითო ფრაქციაზე თითო ავტომანქანაა გათვალისწინებული და ფრაქციებად დაშლის პროცესის პარალელურად ახალი მანქანების შეძენა მოუწევთ.
თბილისის საკრებულომ მიმდინარე წლის იანვარში 4 ახალი ” სედანის” შესაძენად 110 ათასი ლარი გამოყო, მას შემდეგ საკრებულოს კიდევ შეემატა ფრაქციები და შესაბამისად ახალი მანქანების შეძენის საჭიროებაც დადგა.
დღეისათვის საკრებულოში 15 ფრაქციაა: “დამოუკიდებელი დემოკრატები”, “ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველო”, “ქართული ოცნება – თბილისი”, “ქართული ოცნება – თბილისელები”, “თავისუფლება”, “ნაციონალური მოძრაობა – ახალი თბილისი”, “ნაციონალური მოძრაობა – ძველი თბილისი”, “ნაციონალური მოძრაობა – ჩვენი ქალაქი”, “ნაციონალური მოძრაობა – ნაცნობი თბილისი”, “ნაციონალური მოძრაობა – ტიფლისი”, “ნაციონალური მოძრაობა – რეფორმატორები”, “ნაციონალური მოძრაობა – განახლებული თბილისი”, “დედაქალაქი”, “ერთობა”, “დამოუკიდებელი დეპუტატები”.
“დღეისთვის რა ფულიც გვქონდა, იმით ვყიდულობთ 44 ათასლარიან “სედანს.” დანარჩენს მომავალში შევიძენთ,” _ ამბობს ვახტანგ თორთლაძე.