პარტიის ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის, დავით დარჩიას თქმით, ისინი კოალიციაში შემავალი პარტიების წარმომადგენლების გარეშე ატარებენ შეხვედრებს.
_ ბატონო დავით, როგორც გავიგეთ, წინასაარჩევნო შეხვედრები ოზურგეთში უკვე დაწყებულია.
_ დიახ, ჩვენ შეხვედრებს ვაგრძელებთ. რამდენიმე ხნის წინ დვაბზუში გვქონდა შეხვედრა.
_ ეს შეხვედრები კოალიციის სახელით მიმდინარეობს თუ პარტიის სახელით?
_ ჩათვალეთ, რომ კოალიციის სახელით. ინფორმაციისთვის მასშტაბურად ჯერ არ დაგვიწყია შეხვედრები.
_ შეხვედრას კოალიციაში შემავალი პარტიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ?
_ არა, არ ესწრებოდნენ. ეს დღეებია, აღარ ვაკეთებთ შეხვედრებს. სანამდე კოალიციურ რეჟიმში არ დავიწყებთ მუშაობას, მანამდე გავჩერდებით.
_ სხვა პარტიებთან ერთად რატომ არ ხდებოდა ეს შეხვედრები _ რამე პრობლემა იყო?
_ არა, არაფერი პრობლემა იყო. ჩვენი ძალის მოსიჯვა გვაინტერესებდა და ამიტომ.
“რესპუბლიკური პარტიის” ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის, ტიფო მიქატაძის თქმით, პარტია “ქართული ოცნება _ დემოკრატიული ოცნება” მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავს კოალიციაში შემავალი სხვა პარტიებისგან დამოუკიდებლად:
_ ამაში განსაკუთრებულს და მიუღებელს ვერაფერს ვხედავ. ჯერ, სანამ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის კოალიციური, რაიონული შტაბი არ ჩამოყალიბებულა და ერთობლივად არ დაგვიწყია წინასაარჩევნო ღონისძიებების დაგეგმვა-ჩატარება, თითოეულ პარტიას აქვს მსგავსი აქტივობების უფლება. თუ პარტია “ქართული ოცნება” მოსახლეობასთან შეხვედრებით ცდილობს საუბარს არსებული პრობლემების შესახებ, კითხვების გაცემას აქტუალურ შეკითხვებზე, მხარდამჭერთა რიცხვის გაზრდას, ეს ძალიან კარგია.
საინტერესოა, შეხვედრებისას, როცა სავარაუდოდ შეკითხვები შეეხება კოალიციურად მუშაობის და კოალიციაში შემავალ სხვა პარტიებთან დამოკიდებულებას, რა პასუხს იძლევიან “ქართული ოცნების” რაიონული ლიდერები? მათ ხომ ყველაფერი გააკეთეს ამ ურთიერთობების გაფუჭებისთვის. ეს კიდევ რბილად ნათქვამია _ არჩევნებიდან 10 თვის განმავლობაში მათგან ვხედავთ მხოლოდ ხმალამოღებულ ბრძოლას ჩვენს წინააღმდეგ, “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტებთან, ცნობილ ოდიოზებთან შეხმატკბილებული თანაცხოვრების ფონზე, ათას სიბინძურის ტირაჟირებას, რომელიც, გაგიკვირდებათ და “ნაციონალების” ტვინებშიც კი არ მწიფდებოდა. ადრე “ქართული ოცნების” რაიონული ლიდერების შორის დემოკრატიული დეფიციტზე ვსაუბრობდი, ვწუხვარ, მაგრამ ამჯერად, ამის გარდა, გონიერების, კულტურისა და ზნეობის დეფიციტზეც რომ მიწევს ლაპარაკი, _ თქვა ჩვენთან საუბრის დროს ტიფო მიქატაძემ.