ამ ინფორმაცია დიდი გამოხმაურება მოჰყვა. დასახელებული პირებიდან ბურჯანაძის შტაბში გადასვლა მხოლოდ იური იმნაიშვილმა უარყო. ბურჯანაძის შტაბის ხელმძღვანელ, გია გურგენაძე ამბობს, რომ ის არც დაადასტურებს და არც უარყოფს ამ ინფორმაციას, რადგან შტაბში გადასულ “ოცნების” წევრებზე ზეწოლა მიდის.
_ ისეთივე ზეწოლები მიმდინარეობს, როგორიც იყო ნაციონალების დროს. იბარებენ გამგეობის შენობაში, ემუქრებიან; ზოგი რაღაც პროექტშია ჩართული და აიძულებენ ამ გადაწყვეტილების მიღებისგან თავი შეიკავონ. ამის შემდეგ მე ვერავის გადმოსვლას ვერ დაგიდასტურებთ და ვერც უარვყოფ, საკუთარ თავზე თვითონ აგონ პასუხი, _ გვითხრა გია გურგენაძემ.
არ უარყო ბურჯანაძის შტაბში გადასვლა კოტე ქანთარიამ და ისიც დაადასტურა, რომ იყო რესპუბლიკური პარტიის წევრი. რადიკალურად განსხვავებული აზრი აქვს აღნიშნულ საკითხზე რესპუბლიკური პარტიის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელს რომან ბიწაძეს, რომელმაც, ჩვენი ბევრი მცდელობის მიუხედავად, სატელეფონო ზარებზე არ გვიპასუხა.
კოტე ქანთარია: “მე განცხადება მქონდა 6 თვის წინ დაწერილი პარტიაში შესვლაზე. მაგათ ხან ვყავდი წევრად და ხან _ არ ვყავდი, ვერ გავიგე, რა უნდათ. თუ არ ვიყავი პარტიის თავიდან, ხომ უნდა ეთქვათ, თუ ახლა მარტო გაახსენდათ, რომ არ ვყოფილვარ?!” _ გვითხრა ქანთარიამ.
ჩვენ “თავისუფალი დემოკრატების” წევრს იური იმნაიშვილს დავუკავშირდით, რომელმაც უარყო ბურჯანაძის შტაბში გადასვლა და გვითხრა, რომ ჯერ-ჯერობით არსად გადასვლას არ აპირებს _ პირიქით ჩამოშორდა პოლიტიკას: “ჯერ-ჯერობით არსად არ გადავსულვარ, არ ვერევი პოლიტიკაში საერთოდ. სამეგობრო წრე მყავს ბურჯანაძის შტაბშიც და ” ქართულ ოცნებაშიც”. უბრალოდ მათ მოსანახულებლად დავდიოდი. დღეს-დღეობით არ ვარ არსად გადასული, თუ რამეს გადავწყვეტ, გაგაგებინებთ აუცილებლად.”
_ თქვენ არაერთხელ ახსენეთ სიტყვა _ ჯერ-ჯერობით, სამომავლოდ ხომ არ გეგმავთ ბურჯანაძის შტაბში გადასვლას?
– ამჯერად ასეა და მერე შევხედავ, რა იქნება, რას შემომთავაზებენ და ამის მიხედვით მივიღებ გადაწყვეტილებას. “ქართული ოცნების” ბიუროს ხელმძღვანელზე, გოგი გეგიაძეზე კი ვარ განაწყენებული პირადი საქმის გამო, მაგრამ ჯერ-ჯერობით არსად გადავსულვარ, _ გვითხრა იური იმნაიშვილმა.