(გურია ნიუსი, ბათუმი) _ გასულ უქმეებზე ბათუმში ყველაფერი იყო _ დანიშნულ დროს თითქმის ცარიელი მოედანი, აჭარისა და გურიის სოფლებიდან თუ რაიონებიდან ორგანიზებულად მომავალი კოლონები, “დამუნჯებული” ტელეკომპანია “აჭარა” და მის ოფისთან მივარდნილი ხალხი, ჩამტვრეული მინები და დარბეული ოპოზიციონერები, ძირს დაგდებული 80 წლის მოხუცი და ნაცემი ქალბატონები…
წინა კვირიდან მოყოლებული, როცა მხარდამჭერები ბათუმში “ქართულმა პარტიამ” ჩაიყვანა, მიკროავტობუსის მძღოლებს პრობლემები შეექმნათ _ პატრულმა მძღოლები უმიზეზოდ ან სხვა მოგონილი “ბრალდებით” დააჯარიმა, თანაც, არ დაუმალავთ, რომ ოპოზიციონერთა მომსახურებისთვის აჯარიმებდნენ: ეს ჯარიმა ოპოზიციამ გადაგიხადოთო, _ ცინიკურად უთქვამთ მძღოლებისთვის. ჩვენთვის ცნობილი გახდა ის ფაქტიც, რომ საპატრულო პოლიციამ რამდენიმე მძღოლის “წამოკიდებაც” მოახერხა და ერთ-ერთ მათგანს მართვის უფლება 2-წლითაც ჩამოართვა. ამიტომ, მიკროავტობუსების გურულმა მძღოლებმა “სახალხო კრების” მხარდამჭერების ტრანსპორტირებაზეც უარი განაცხადეს.
ოპოზიციამაც ტაქტიკა შეცვალა _ წინა დღეს და შაბათ დილით მატარებლით მოხერხდა 300-მდე გურულის ბათუმში ჩაყვანა. ოპოზიციის მხარდამჭერთა ნაწილმა ავტოსადგურში მიკროავტობუსის ბილეთი აიღო და რიგითი მგზავრის სტატუსით ეწვია ბათუმს. თუმცა, როგორც ჩანს, ხელისუფლებამ გვიან, მაგრამ მაინც “იყნოსა” ეს და აქციის წინა საათებში ლანჩხუთის გავლით მოძრავმა მიკროავტობუსებმა “ერთობლივად გადაწყვიტეს დასვენება”, როცა სხვა დღეებში გადასწრებაზე არიან, რომ გზაზე მგზავრების აყვანა სხვებს დაასწრონ. როგორც ჩანს, მძღოლების დაშინებამ გაჭრა. როგორც აქციის გურულმა ორგანიზატორმა, მანანა სალუქვაძემ გვითხრა, ჩოხატაურიდანაც ვერ მოახერხა დიდმა ნაწილმა ჩამოსვლა, ხოლო ოზურგეთელების ტრანსპორტი შეაჩერეს და საჯარიმოზე გადაიყვანეს.
ერას მოედანზე, აქციის დაწყების გამოცხადებულ დროს, 100-მდე ადამიანი თუ იქნებოდა შეკრებილი.
_ რატომ ხარ, ბაბუ, აქ მოსული? _ ვკითხეთ გულზე მედალდაკიდებულ და ხელშეხვეულ მოხუცს.
_ რა მინდა, ბაბუ და ამ მთავრობამ ყველაფერი წაგვართვა.
სანამ აქცია “გახურდებოდა”, მოედანზე მყოფ თითო-ოროლა მომიტინგეს გამოველაპარაკეთ. უმეტესობამ ფოტოს გადაღებაზე უარი გვითხრა, შეშფოთებული იყვნენ, რადგან ხალხი არ ჩანდა.
თუმცა, მალე სიტუაცია შეიცვალა _ პირველად გონიოს კოლონა გამოჩნდა, მას “ბენზე” მოჰყვა, შემდეგ _ ლანჩხუთი, გურიის სხვა წარმომადგენლები, ჯგუფები აჭარის ქალაქებიდან, სოფლებიდან და სულ რაღაც ნახევარ საათში ერას მოედანზე ტევა არ იყო _ აქციის დაწყებისთვის 4 ათასზე მეტმა ადამიანმა მოიყარა თავი.
აქციის მონაწილეებს ლიდერებმა და საზოგადოების ცნობილმა სახეებმა მიმართეს. ყველაზე მეტად მოქმედი ხელისუფლება თემურ შაშიაშვილმა დაასამარა: _ მინდა მივესალმო ჩემს აჭარას, გურიას, სამეგრელოს და სრულიად საქართველოს! თქვენი აქ ყოფნა მაძლევს იმედს, რომ ჩვენ დავამთავრებთ ამ ხელისუფლებას! ნახეთ ჩვენი “ქამარშემოჭერილი” სააკაშვილი სიხარულის ქუჩაზე რა სასახლეს იკეთებს! იქვე აქვს სახლი ვანო მერაბიშვილს. საუბრობენ რუსეთზე და ყველაფერი რუსეთს მიჰყიდეს. მე მზად ვარ ბოლომდე ბრძოლისა და თავგანწირვისთვის. შესაძლოა, ამ ბრძოლას შევეწირო, მაგრამ ჩემს შვილს ვერავინ ეტყვის, რომ ლაჩარი მამა ჰყავდა. ეს ხელისუფლება კი ლაჩარი რომ არის, დღესაც კარგად ჩანს!
სიტყვებით გამოვიდნენ ელიზბარ ჯაველიძე, მურმან დუმბაძე, გურამ ფირცხალავა და სხვა ლიდერები. აქციაზე გამოაცხადეს, რომ მათ შეუერთდათ პოლიციელი გოჩა მუხაშავრია, რომელმაც ქართულ პოლიციას მიმართა: “ხელისუფლება ლაჩარია. მინდა მივმართო ქართულ პოლიციას, ჯარს _ ნუ გადაუდგებით ქართველ ხალხს! გაიხსენეთ, რომ 1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა პოლიცია დადგა ქართველი ხალხის მხარეზე!
ამ დროს, აქციის ორგანიზატორებს უთხრეს, რომ ტელეკომპანია “აჭარა” არ აშუქებდა თუ რა ხდებოდა ერას მოედანზე. ანალოგიური პრეტენზია თბილისის აქციას “საზოგადოებრივ მაუწყებელთან” ჰქონდა. ამიტომაც, ერთობლივი გადაწყვეტილებით, მომიტინგეებმა ერას მოედნიდან ტელეკომპანია “აჭარის” წინ გადაინაცვლეს. “ჩვენ არ ვართ ჟურნალისტების წინააღმდეგი! ჩვენ მათ საქმეს გავაკეთებთ, გავათავისუფლებთ ცენზურისაგან!” _ თქვეს თემურ შაშიაშვილმა და მურმან დუმბაძემ.
მას შემდეგ, რაც 700-მდე ოპოზიციონერმა ტელეკომპანია “აჭარის” მიმდებარე ტერიტორია დაიკავა, ლიდერებმა მიმართეს ტელეკომპანიის ხელმძღვანელობას: “ჩვენ ვითხოვთ მხოლოდ ერთს _ გადაიცეს ეთერში, რაც დღეს ხდება. ფირს ჩვენ მივცემთ, თუ მათ არ გადაუღიათ. ამასთან, ვითხოვთ პირდაპირ ეთერს არხზე, რომელიც ჩვენი თანხებით ფინანსდება. ამ ეთერს უნდა დაესწრონ ჟურნალისტები და ჩვენი რამდენიმე წარმომადგენელი,” _ თქვა შაშიაშვილმა.
ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ტელევიზიიდან მათთან შეხვედრა არავინ იკადრა. გარეთ გამოსულმა ერთ-ერთმა ჟურნალისტმა კი პროცედურების დაცვა და მიმართვის დაბეჭდვა მოითხოვა _ შევიტან და პასუხს გაგცემთო. “შეუშვით ერთი ადამიანი _ ცოტნე ანანიძეს ყველა იცნობს, უპატიოსნესი ბიჭია. ხელში მხოლოდ ავტოკალამი უჭირავს. დაელაპარაკება დირექტორს, რატომ ართულებთ მდგომარეობას?” _ გაკვირვებას ვერ მალავდა აჭარის ტელევიზიის ყოფილი ხელმძღვანელი, მწერალი ვახტანგ ახვლედიანი.
ამის მიუხედავად, ვითარება არ შეცვლილა. ტელეკომპანია მეორე სართულიდან გამომწვევად ახდენდა იმის გადაღებას, რაც ტელევიზიის შესასვლელთან ხდებოდა, თანდათან დაძაბულობა მატულობდა. “80 წლის კაცი ვარ. ამ მთავრობამ მოგვსპო და დაგვაქცია. ორი ბადიში მყავს, რითი ვარჩინო? აქ სწორედ მათთვის ვარ გამოსული,” _ ამბობდა ასაკოვანიკაცი, რომელსაც მოგვიანებით, პოლიციელებისგან გვარიანად მოხვდა და რომ არ მიშველებოდნენ, არავინ იცის, ამ ჭარმაგ ადამიანს რა ბედი ეწეოდა.
როცა შეკრებილები პასუხის ღირსად არ გახადეს, თბილისთან შეთანხმებით, ლიდერებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ტელეკომპანია დაეკავებინათ. თუმცა, მანამდე პოლიცია უკვე დიდ სამზადისში იყო. მივხვდით, რომ მომიტინგეებს კარგი დღე არ ელოდათ _ დარბევამდე 15 წუთით ადრე, რამდენიმე ათეული ადამიანი ისე უხეშად შემოვიდა ხალხის მასაში, რომ აშკარა იყო, ისინი მომიტინგეები არ იყვნენ. სიფრთხილე რომ არ გამოგვეჩინა, ვერც ფოტოაპარატის გადარჩენას შევძლებდით და ვერც _ კადრების. დარბევას წინ უსწრებდა აპრობირებული მეთოდი _ ვიდეოკამერით აქციაზე მოსულთა დაფიქსირება, სავარაუდოდ, სამომავლოდ დასასჯელად.
მას შემდეგ, რაც ოპოზიციამ ტელეკომპანიას 15-წუთიანი ვადა მისცა, მარცხენა მხრიდან პოლიციის მთლიანი რიგი შემოიჭრა _ ისინი ქალბატონებსაც არ ინდობდნენ, მას შემდეგ, რაც მამაკაცებმა ეპიცენტრის დატოვება მოახერხეს. ხმამაღალი შეძახილით ისინი ერთობლივად უტევდნენ მომიტინგეებს და მათ გაფანტვას ცდილობდნენ. სხვათა შორის, ქალბატონებიდან რამდენიმე არ შეეპუა და პოლიციელებსაც გვარიანად მოხვდათ. ერთ-ერთი მომიტინგე კარატისტი აღმოჩნდა და რამდენიმე სამართალდამცველი “მოიგერია”, ბოლოს მასაც წამოეშველნენ, რომ არ დაეპატიმრებინათ. მალე ტელევიზიასთან დამატებითი ჯგუფები გამოჩნდნენ _ შენობის მისადგომებს უკვე პოლიცია აკონტროლებდა.
ამ შეხლა-შემოხლაში, ტელეკომპანიის შენობის რამდენიმე მინა ჩაიმსხვრა. ვინ ჩაამტვრია მინები, ამის თქმა დაზუსტებით ძნელია. თუმცა, როგორც მომიტინგეები და მათი ლიდერები აცხადებენ, პოლიციის მიერ შემოგზავნილმა პროვოკატორებმა დაიწყეს მინების ჩამტვრევა და ეს პროვოკაცია იყო. ოპოზიციას საკმაოდ მყარი არგუმენტიც აქვს _ ჩვენს მხარდამჭერს რომ ჩაემტვრია, მაშინვე დაიჭერდნენო.
ტელეკომპანია “აჭარასთან” დარბევის დროს მყოფი 700-მდე აქტივისტი, მას შემდეგ, რაც მათ პოლიციელები გაუსწორდნენ, ერას მოედანზე დაბრუნდნენ. უნდა ითქვას, რომ რაოდენობა აშკარად გაზრდილი იყო და სავარაუდოდ, მოედანი კიდევ გაივსებოდა ხალხით, მაგრამ როგორც აქციაზე გამოაცხადეს, ხელისუფლებამ ჩაახშო დამოუკიდებელი ტელეკომპანია “25”-ის სიგნალი, რამაც ოპოზიციას მხარდამჭერთა მობილიზების საკმაოდ იოლი საშუალება მოუსპო. ადამიანები მობილურებით ახდენდნენ ახლობლების ინფორმირებას. რა თქმა უნდა, დარბევის შემდეგ მომიტინგეთა რაოდენობა ბათუმელების ხარჯზე გაიზარდა, მაგრამ ზოგადად, იქ მოსული ბათუმელებიც კი უკმაყოფილოები იყვნენ თანაქალაქელთა პასიურობით.
საღამოს 10-ის ნახევარზე საგანგებო განცხადება გაავრცელეს და კვირის აქცია დღის პირველ საათზე დაინიშნა, ხოლო მცირე ნაწილმა ღამე “სამიტინგო არენაზე” გაათია…
გვიან ღამით, ბათუმში წვიმამ იმატა. ამიტომაც, ორგანიზატორებმა აქციის მონაწილეებს დასვენება ურჩიეს, ხოლო ვისაც ღამის გათევის პრობლემა ჰქონდა, ჟორდანიას ქუჩაზე მდებარე ოფისში მიიპატიჟეს. შუაღამით ოფისში ტევა არ იყო და ლიდერები სათათბიროდ იქვე ახლოს სხვა ბინაში გადავიდნენ. დაახლოებით ღამის 2.20 საათისთვის ოფისთან შავი ფერის ჯიპები მივიდა, საიდანაც რამდენიმე ათეული “სამართალდამცავი” “სახალხო კრების” ოფისში შეიჭრა. მათ ადგილზე მყოფ ოპოზიციონერებს იატაკზე დაწოლა უბრძანეს. იმის გამო, რომ ოფისში ხალხმრავლობა იყო, ყველას ასე ვერ მოექცნენ. ხმაურზე ლიდერები შემთხვევის ადგილზე მალევე მივიდნენ. ამასობაში ნიღბიანები სცემდნენ ოპოზიციის მხარდამჭერებს. როგორც “სახალხო კრების” კოორდინატორმა აჭარა-გურიაში მანანა სალუქვაძემ გვითხრა, მისმა წარმომადგენლებმა შენიშნეს, რომ ნიღბიანებს ჰქონდათ სია და ფოტოები, სავარაუდოდ, იმ ადამიანებისა, რომელთა დაჭერაც იგეგმებოდა. ოფისის დარბევისას, “ღამის სტუმრებმა” თან წაიყვანეს წინა დღის აქციის ყველაზე აქტიური წევრები. ღამის ტერორი ამ ფაქტით არ შემოფარგლულა _ ცოტა ხნით ადრე, სახლში აქციიდან მიმავალ პედაგოგს მანანა სურგულაძეს, რომელიც აქციაზე გამოვიდა და ხელისუფლება მკაცრად გააკრიტიკა, საკუთარ სადარბაზოსთან უცნობები დახვდნენ და დაუნდობლად სცემეს. როგორც “სახალხო კრების” ოფისში გვითხრეს, ქალბატონის მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ ის კვირის აქციაზე ვერ მოვიდა. დარბევისთანავე, შემთხვევის ადგილზე დარბეულების მხარდასაჭერად “ლეიბორისტები” მივიდნენ პარტიის ადგილობრივ ლიდერთან დავით რობაქიძესთან ერთად.
დილით ხელისუფლებამ რამდენიმე ლიდერიც დააკავა. დაკავებულთა შორის უმეტესად ზონების კოორდინატორები მოხვდნენ, რასაც იმ ფაქტით ხსნიან, რომ სურთ აჭარა-გურიაში მოძრაობა დაშალონ. სამართალდამცველები ასევე “ეტანებიან” შეფიცულებს. მათი თავკაცი გოჩა მუხაშავრია სწორედ დილით დააკავეს. ის ტაქსით დასამალად მიდიოდა, რადგან ღამის დარბევისას, ნიღბიანები აშკარად ეძებდნენ ყოფილ პოლიციელს. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, დაკავებულთა სია ასე გამოიყურება: როლანდ ხოზრევანიძე, დავით ფარტენაძე, თემურ ჭანტურიშვილი, ჯამბულ შარაბიძე, მარად სოლომონიძე, როლანდ აბულაძე, დიმიტრი ჭეიშვილი, ემზარი (ხულოს კოორდინატორი), ვახტანგ სიორიძე (ნატანებელი), დავით ნაგელვაძე, ხვიჩა გამარჯვებაძე, ტარიელ ფუტკარაძე, ანზორ სოლომონიძე, გოჩა მუხაშავრია. უცნობია დავით სამნიძის ადგილსამყოფელი. დაკავებულთა ნაწილს ადმინისტრაციული სასჯელი გამოუტანეს, ნაწილს კი, როგორც ოფისში გვითხრეს, ტელევიზიის ქონების დაზიანებაში ედებათ ბრალი. ჩვენ ვიყავით თვითმხილველი ტელევიზიასთან მომხდარი ფაქტისა და იქ ტელევიზიის ინვენტარი არ დამტვრეულა! თუ მინებს ინვენტარად მიიჩნევენ, ისიც საკითხავია, ვინ ჩაამტვრია ტელევიზიის მინები! კოორდინატორები, პირიქით, სიმშვიდისკენ და პროვოკაციების თავიდან აცილებისკენ მოუწოდებდნენ მხარდამჭერებს დარბევის დაწყებამდე. ქვების მოძიებას და აღებას ვერავინ მოახერხებდა, რადგან ტელევიზიასთან ჩოჩქოლი იყო და პოლიცია ხალხს დასარბევად მისდევდა. ამასთან, ქვის გასროლა, რომლითაც მინები ჩაიმსხვრა, ოპოზიციონერ ლიდერთა მიმართულებით იყო, რადგან შესასვლელთან სწორედ ისინი იდგნენ და ცოტა ძნელი დასაჯერებელია, რომ მხარდამჭერები თავისიანებს ესროდნენ. ჩვენი ინფორმაციით, დაკავებულებს არ აძლევენ ადვოკატის აყვანის უფლებას _ მათ 2-დან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
ასეთი ზეწოლის მიუხედავად, “სახალხო კრებამ” ბათუმში მუშაობა გააგრძელა. კოორდინატორების ფუნქცია თემურ შაშიაშვილმა შეითავსა _ თუ დამიჭერენ, აგერ ვარ და ვნახოთ, რაში გამოადგებათო! ოპოზიციის აქტივისტებმა ჯერ ილია ჭავჭავაძის ძეგლთან გამართეს მიტინგი, შემდეგ კი მემედ აბაშიძის ძეგლთან გადაინაცვლეს. გურულ კონსერვატორთა ლიდერმა, მაკა კვირკველიამ მოგვაწოდა ექსკლუზიური ინფორმაცია, რომ დააკავეს კახა კუკავას მოძრაობის ხელმძღვანელი ხელვაჩაურში. ასევე გვითხრეს, რომ სოფლებში ღამით დაბრუნებულ მომიტინგეებს სახლებში “სტუმრობდნენ” ძალოვანები.
კვირას, საინფორმაციო მიტინგი ერას მოედანზე დღის 3 საათზე დაიწყო. თემურ შაშიაშვილმა 500-მდე მხარდამჭერს ბათუმიდან თბილისში გამგზავრება შესთავაზა, რაზეც მომიტინგეებისგან თანხმობა მიიღო. ერას მოედნიდან ოპოზიციის აქტივისტებმა ჟორდანიას ქუჩაზე მდებარე ოფისისკენ გადაინაცვლეს, სადაც წამსვლელთა სია შედგა.
ბათუმიდან ოპოზიციის მხარდამჭერთა კოლონა თბილისში ორშაბათს გამთენიისას უნდა შემოსულიყო, თუმცა ხელისუფლებამ მათ პრობლემები შეუქმნა. როგორც ცნობილია, მიკროავტობუსის მძღოლები უარს ამბობენ ოპოზიციონერთა გადაადგილებაზე, ამიტომაც, ავტობუსების თურქული კომპანიისგან ქირაობა გადაწყდა, თუმცა, როგორც გაირკვა, თურქმა მძღოლებმაც უარი განაცხადეს (!!!). ამის შემდეგ ოპოზიციამ სხვა გზების მოძებნა დაიწყო და ამიტომაც, ბათუმიდან მხარდამჭერების თბილისში ჩამოსვლა ნაშუადღევამდე გადაიწია.
ჩვენი ინფორმაციით, კოლონას პირველი პრობლემა ქობულეთში შეუქმნეს, როცა ტრანსპორტი პოლიციამ დააკავა _ პატრულის მსხვერპლი აჭარის ნომრებიანი მიკროავტობუსები აღმოჩნდა, რომლებიც საჯარიმოზე გადაიყვანეს, მძღოლებს კი მართვის მოწმობები ჩამოართვეს. “დიახ, ქობულეთში შეგვიქმნეს პრობლემა. ათეულობით ადამიანი ტრანსპორტის გარეშე დარჩა, მაგრამ უკან არავინ მიბრუნებულა _ ყველა მათგანი სხვადასხვა გზებით თბილისამდე ჩამოაღწევს. ჩვენ ახლა შევდივართ თბილისში. მსუბუქი ავტომობილით გადაადგილება უფრო იოლია, ან მიკროავტობუსში რიგითი მგზავრის რანგში” _ გვითხრა “სახალხო კრების” წარმომადგენელმა ლანჩხუთში გია მაჭარაშვილმა.
მორიგი პრობლემა კოლონას ურეკში შეექმნა. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები აჩერებდნენ “საეჭვო მიკროავტობუსებს”, მძღოლებს “უხსნიდნენ”, რომ მათი ავტომობილები პატრულის დაუმორჩილებლობისთვის ძებნაში იყვნენ და რომ საჭირო იყო მათი გადაყვანა საჯარიმო სადგომზე და 1-დან 3-წლამდე მართვის უფლების ჩამორთმევითაც იმუქრებოდნენ. “სახალხო კრების” კოორდინატორი აჭარა-გურიაში მანანა სალუქვაძე ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ მათ მხარდამჭერებს მთელ გზაზე პრობლემებს უქმნიდნენ. “პატრულს სასაცილო მიზეზები მოჰყავს, ნორმალურ მიზეზსაც ვერ იფიქრებენ,” _ ამბობს სალუქვაძე.
“გურია ნიუსი” შაბათ-კვირას ბათუმის აქციაზე დაკავებული ადამიანების ბედითაც დაინტერესდა; მათი სასამართლო პროცესი გაიმართა და წინასწარი 2-თვიანი პატიმრობა მიესაჯათ. ჩვენი ინფორმაციით, დაკავებულებს ბრალი ხულიგნობასა და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობაში, ასევე ტელევიზიაზე თავდასხმაში ედებათ. ოპოზიციის მხარდამჭერებმა გვაცნობეს, რომ სოფლებში მიმდინარეობა იმ ადამიანების დაწიოკება, რომლებიც აქციაზე იმყოფებოდნენ. რამდენიმე ადამიანი კი მიმალულია _ მათზე პოლიციას ნადირობა აქვს გამოცხადებული. “ხალხს სახლებში აკითხავენ და აშინებენ, აღარ გაბედონ აქციაზე მეორედ წასვლა. ზოგს ოჯახის წევრის სამსახურიდან მოხსნით ემუქრებიან, ზოგსაც _ დაჭერით და ათასი უბედურებით,” _ გვითხრეს “სახალხო კრების” ოფისში.
აქციების დასრულების შემდეგ, ბათუმში, ერას მოედანზე სიხალვათეა, თუმცა ყველა ისევ პოლიტიკაზე საუბრობს.
_ ესეც ასე, დამთავრდა მორიგი აქცია… არა მგონია, რამე გამოუვიდეთ _ შავოსანი ახალგაზრდა ქალბატონი გულისტკივილს, სავარაუდოდ, მეგობრებს უზიარებდა.
_ კი მეგონა, უფრო მეტი ბათუმელი გამოვიდოდა. აქ რომ ხალხი არ დაშლილიყო და შემცირებულიყო, თბილისში არავინ წავიდოდა, _ უპასუხა მის გვერდით მჯდომმა ქალბატონმა.
_ რატომ არ გამოვიდნენ ბათუმელები? როგორც ჩანს, ისინი კმაყოფილები არიან იმით, რასაც აჭარაში სააკაშვილის ხელისუფლება აკეთებს…
_ არ დაიჯერო, შვილო. აქ ბათუმში გგონია ხალხი აშენდა? მთავრობის ხალხი გაკეთდა და ჩვეულებრივი ბათუმელისთვის სახეირო არაფერია; მას იგივე პრობლემები აქვს, როგორც სხვა ქალაქის მოსახლეობას.
_ შენ ის მითხარი, შვილო, ოქრუაშვილი მართლა ჩამოდის?
_ ვერაფერს გეტყვით, თავად კი თქვა ასე!
_ მაგან იგიც კი თქვა, 1 იანვარს ცხინვალში შევალო, მაგრამ შეძლო? _ “ჩაგვჭრა” შავოსანმა.
მას მეგობარი აჰყვა: _ მაგან რაც აღიარა, მას შემდეგ, რისი იმედი უნდა მქონდეს? მაგრამ ერთს ვერ დავუკარგავ _ ჯარში ავტორიტეტია. კომანდოშია ჩემი ახლობლის შვილი და რომ ვუთხარი, ოქრუაშვილი რა კაცია, ერთ დღეში აღიარა ყველაფერი, ჭკვიანიც ვერ ყოფილა-თქო, ასე მიპასუხა _ ახლა ხომ გვყავს უფრო ჭკვიანებიო? ჯარს უყვარს მაგი.
_ ოქრუაშვილი თუ ჩამოვა 25-ში, ბათუმში მაშინ ასლანიც კი ჩამოვა, მაგაზე ნაკლები ვაჟკაცია თუ რა? _ თქვა შავოსანმა.
_ თქვენ ფიქრობთ, რომ ჩამოვა?
_ თუ ოქრუაშვილი ჩამოვა, რატომაც არა?
_ თქვენ მიესალმებით მის ჩამოსვლას?
_ ჩვენთვის სულ ერთია, არც მაგი იკლავდა ხალხისთვის თავს.
გზად მომავალ ორ უცხოელ სტუდენტს გამოველაპარაკე. მართალია, ვიცი მათი სადაურობა და ვინაობა, მაგრამ მათივე უსაფრთხოების გამო, არც ქვეყანას ვასახელებ და არც გვარ-სახელს.
_ აქციაზე ხომ არ ყოფილხართ?
_ (გაეღიმათ) არა, არა…
21 წლის სტუდენტი კარგად არის ინფორმირებული, რაც ჩვენ ქვეყანაში ხდება.
_ თქვენთან ხალხს პოლიტიკა ასე აინტერესებს?
_ კი, კი… პრეზიდენტის მეგობარი ჩემი მეგობარია.
_ ამის გამო პრივილეგიები გაქვს?
_ არა, რას ამბობთ! პრივილეგია რომ მქონდეს, ბიზნესი აქ კი არ მექნება!
_ ბიზნესიც გაქვს? აკი, ვსწავლობო?
_ ორივე ერთად არ შეიძლება?
ახალგაზრდამ მისი ბიზნესის დეტალებიც მიამბო: მცირე ბიზნესი აქვს, მასთან ათამდე ქართველია დასაქმებული. ქართული გადასახადებით უკმაყოფილო არ არის, არც ქირით. მის ქვეყანაში უფრო რთულია ბიზნესის წამოწყება. აქ კარგი ხალხია, იაფია ცხოვრება, ერთი ეგაა კომუნალური გადასახადებია ძალიან მაღალი, მაღალია ფასებიც ტექნიკაზე. თუმცა, ქართველებს კეთილი გული აქვთ და ესაა მთავარი. ბევრი აქაური მეგობარი ჰყავს; ცოლად ქართველი გოგონას შერთვა სურს… მაგრამ არ მოსწონს საქართველოს პრეზიდენტი.
_ რატომ?
_ რა ვიცი, არ მომწონს და…
_ ეგ არ თქვა, თორემ აქ ქართველ ბიზნესმენებს ამის გამო აწიოკებენ, არც შენ დაგაყრიან ხეირს.
_ ვაი, დედა! _ ქართველი მეგობრისგან ნასწავლი დაკვნესება კარგად გამოუვიდა და განაგრძო: _ ჰო, ზუსტად ამიტომ არ მომწონს, რომ ამ ქვეყანაში არ არის დემოკრატია. ჩემ ქვეყანაში ასე არ ხდება _ დემოკრატია მთავარია. ჩემი მეგობრებიც ხშირად აღნიშნავენ, რომ ეს ხელისუფლება კარგი არ არის. მეც ამიტომ ვთქვი… კარგი, აწი აღარ ვიტყვი, _ “დამაიმედა” უცხოელმა სტუდენტმა, რომელიც თვეში 1000-დოლარიანი ბიზნესით კმაყოფილია და არ აინტერესებს, რა დღეშია ქართული ბიზნესი. თუმცა მისი ნათქვამიდან ერთი რამ გაუგებარია _ თუ მთავრობას ბევრი ლანძღავს ბათუმში, რატომ არ გამოვიდა “ნახევარი ბათუმი” მაინც ერას მოედანზე ან რის თქმასაც უცხოელი ბედავს, რატომ ვერ ბედავენ “მაგარი ქართველები!”