სოფელს, ერთი მხრივ გოდერძის უღელტეხილი, მეორე მხარეს კი ბახმარო ესაზღვრება.
სოფელში 220 კომლი, აჭარელი მოსახლეობა ცხოვრობს, თუმცა რამდენიმე თვით… ეს ადგილი, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი იალაღია.
აქ ცხოვრება მაისის ბოლოდან იწყება და ოქტომბრის დასაწყისამდე გრძელდება…
სოფელში ორი სალოცავია _ ერთი ქალებისთვის, მეორე კი მამაკაცებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ სოფელი საუკუნეზე მეტს ითვლის, სალოცავები, აქ მობინადრეებმა, საკუთარი ხარჯებით ბოლო ათი წელია, რაც ააგეს.
სალოცავებში ბავშვები ყურანს სწავლობენ და კვირაში ორჯერ მოლა სპეციალურ გაკვეთილებს უტარებს.
_ ჩვენ აქ ვსწავლობთ, ციცეებისთვის სასწავლებელი ზევით არის, _ გვეუბნება პატარა ჯამბული, რომელიც ყურანის სახელმძღვანელოს გულში იხუტებს.
პატარა ჯამბული და მისი მეგობრები გვიხსნიან, რომ ამ წიგნის სწავლა აუცილებელია. გვიყვებიან, რომ სალოცავში ქუდის გარეშე შესვლა არ შეიძლება.
_ კარგად რომ სწავლობ, ჯილდოს გაძლევენ?
_ ვერ ხედავ, პირი კანფეტებით მაქვს სავსე?! _ სხარტად გვპასუხობს პატარა ბიჭი.
_ არაბულში რამდენი ასოა?
_ ჯერ არ დამითვლია, _ გვეუბნება ჯამბული და თანატოლებთან ერთად სათამაშოდ გარბის.
ამ სოფელში ქალები ჩადრებით დადიან. როგორც მამაკაცები გვეუბნებიან, თანამედროვეობამ მათთანაც შეაღწია და ახალგაზრდა გოგონები უკვე შარვლებსაც იცვამენ. მართალია, ეს დიდად არ სიამოვნებთ უხუცესებს, მაგრამ დროის წინააღმდეგ არ მიდიან.
სოფელში მაღაზიაც არის, ელექტროენერგიაც, სატელიტური თეფშებიც. ერთი სიტყვით, აქ ჩვეულებრივად ცხოვრობენ… თოვლის გადნობიდან თოვლის მოსვლამდე. თესავენ კარტოფილს და უვლიან საქონელს: _ ვაგროვებთ რძეს, ყველს, ვაკეთებთ კარაქს. ერთი სიტყვით, ზამთრის მარაგს ვაგროვებთ, _ გვეუბნებიან სოფელში.
ზოტიყელში, აგვისტოს შუა რიცხვებში ტრადიციულ დღესასწაულს _ ზიტიყელობას აღნიშნავენ. მართავენ სპორტულ ღონისძიებებს, დოღს, კონცერტს…
ზოტიყელობის დღესასწაულის ერთ-ერთი ტრადიციაა ასევე საჯილდაო ქვის ატანა. სხვადასხვა შეჯიბრებებში გამარჯვებულებს ფასიანი საჩუქრებითაც აჯილდოებენ.