ისტორიული წყაროებით, ოზურგეთი ოდითგანვე იყო მნიშვნელოვანი სავაჭრო ცენტრი, რასაც ადასტურებს ოზურგეთში, სერის უბანში აღმოჩენილი ვერცხლის მონეტები (1953 წ. სკოლა-ინტერნატის ბიოლოგიის მასწავლებელმა, ლეონიდე ნიორაძემ, მოსწავლეებთან ერთად, სკოლის საცდელ ნაკვეთში, მიწაში ჩაფლული 270 ცალი ვერცხლის უიშვიათესი მონეტა აღმოაჩინა), რომელიც დღეს სამეცნიერო ლიტერატურაში “ოზურგეთის განძად” არის ცნობილი. ამავე სერის უბანში, გასული საუკუნის 80-იან წლებში, აღმოჩნდა, დაახლოებით, 5 კილოგრამამდე ვერცხლის მონეტა, რომელიც, სამწუხაროდ, აღმოჩენისთანავე უკვალოდ გაქრა.
ოზურგეთის ისტორიულ მუზეუმში დაცული ნუმიზმატიკური კოლექციები, მათ შორის, ზემოთ აღნიშნული ოზურგეთის განძად წოდებული 112 მონეტა, გვაძლევს იმის საფუძველს, ვივარაუდოთ, რომ საუკუნეების წინათ აქ ფართო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები წარმოებდა.
ოზურგეთის სავაჭრო ქალაქად გადაქცევა გურიის უკანასკნელ მთავრის, მამია V გურიელის (1789-1926) სახელს უკავშირდება.
თანამედროვეთა სიტყვით: “მამია გურიელი ყოველნაირად ცდილობდა გურიაში ევროპული კულტურის შეტანას. მის დროს ოზურგეთში მოწვეული მუსიკოსებისთვის, მთავრის სასახლის ეზოში აუგიათ საგანგებო ნაგებობა _ “ბესეტკა”… გურიელი განსაკუთრებით დაინტერესებული იყო, ევროპულ კულტურას ზიარებოდნენ მისი ქვეშევრდომი ახალგაზრდები. მამია უაღრესად ზრდილი და გონიერი ადამიანი იყო. იგი მთელი ძალით ცდილობდა, ევროპულ ყაიდაზე გარდაექმნა გურია. სასახლეში ხშირად ხალისით იღებდა უცხოელ სტუმრებს. საფრანგეთის თბილისელი კონსულის, გამბას სიტყვით, მამია გურიელს ძალიან მოსწონებია ევროპული ზნე-ჩვეულებანი და ცდილობდა, გურიაში მის გავრცელებას. გურიელის აღტაცებას იწვევდა ევროპული მრეწველობის ნაწარმიც და იგი დიდად უწყობდა ხელს ევროპასთან სავაჭრო ურთიერთობის განვითარებას” (ქვ. ჩხატარაშვილი, “გურიის სამთავრო შეერთება რუსეთთან” თბ. 1989 წ. გვ. 56).
მამია გურიელმა ქალაქ ოზურგეთში ყრმათათვის გახსნა სასწავლებელი, ხოლო ვაჭრობის გასავითარებლად მოაწყო “იარმარკა”. ოზურგეთთან ერთად, მაშინ გურიის ცენტრი იყო გურიელების საზამთრო სადგომი ნაგომარი. აქ დააარსა გურიელმა თავისი დედის, 1814 წელს გარდაცვლილი მარინას ხსოვნის აღსანიშნავად, მარინობა. 1816 წლის 17 ივლისს (წმიდა მარინას დღე) ქალაქობა ანუ “იარმარკა”, რომელიც შემდეგ ყოველწლიურად იმართებოდა. “მარინობა” 17 ივლისიდან თვის ბოლომდე გრძელდებოდა და იგი გურიის სამთავროსა და მეზობელი მოსახლეობის თავშეყრის ადგილი იყო. ორი კვირის განმავლობაში აქ იყიდებოდა, როგორც ადგილობრივი, ისე შემოტანილი საქონელი. ამავე დროს ქალაქობა ხალხის გართობისა და ახალი ამბების გაგების ადგილიც იყო. აქ იმართებოდა ბურთაობა, ჯირითობა, ჭაკუნობიე (ბალახის ჰოკეი), ბაწარზე ხტომა, კაცზე გადახტომა და სხვა. ბაზრობები იმართებოდა გურიის სხვადასხვა სოფლებში, ცნობილი იყო დვაბზუს ბაზრობა, რომლის შესახებ არსებობს საქართველოს მთავარმართებლის _ ბარონ როზენის 1857 წლის ცნობა: “გურიაში დაბა დვაბზუ არის ბაზარი და სწარმოებს ყოველკვირეული ვაჭრობა, რომელზედაც მოდიან იმერლები, გურულები, ქობულეთელი თურქები და სხვა მოსაზღვრე ხალხი”.
ოზურგეთის პარასკევობის შესახებ საინტერესო ცნობას გვაწვდის ჟურნალ “მოგზაურის” ოზურგეთელი კორესპონდენტი: “პარასკევობით ბაზრობა, ანუ როგორც აქ ეძახიან, “პარასკევობა” იციან. გარშემო სოფლებიდან შემოაქვთ გასასყიდად ყოველგვარი ნაწარმოები სოფლისა: ხილი, წვანილი, ფრთოსანი, ოთხფეხი, სხვადასხვა ნაქსოვები, როგორც აბრეშუმისა, ისე მატყლის, თიხის ჭურჭელი, ქვევრები, კოპები, დოქები, ჭადის საცხობი კეცები, ბაზარშივე გამოაქვთ გათლილი ფიცრები, აბა, კარგი საყურებელი მაშინაა, როცა მილეთის ხალხი ბუზებივით ირევა, სხაპასხუპით ლაპარაკი, მარდი-მიხვრა-მოხვრა სიცოცხლე დუღს და გადმოდის” (ჟურნალი მოგზაური 1897 წელი #12).
რაც შეეხება საპარასკევოს, როგორც ოზურგეთის უბანს, მისი სახელი უნდა მოდიოდეს წმიდა პარასკევასაგან (ვაჭრობის მფარველი წმინდანი). საპარასკევოს გარდა, ძველი ოზურგეთის უბნებიდან ჩვენთვის ცნობილია: სერი, ექადია, ბასრა, მოიდანახე, ზვანი, ლაშე-გაკირული, ტოლაბაკური. ზოგიერთი მათგანის სახელწოდების შესახებ შემორჩენილია ლეგენდა თუ გადმოცემა, ზოგიც უცნობია. საინტერესო ლეგენდაა შემორჩენილი ექადიის შესახებ _ მოქალაქე სიო ქადეიშვილის გადმოცემით: “ვიღაც ჩვენი წინაპარი ყოფილა “ქადია”. ეს ქადია ხალხის საყვარელი გმირი ვაჟკაცი და მეთავე ყოფილა. ერთხელაც შემოსულ მტერს სწორედ ის ქადია მოუკლავს უთანასწორო ბრძოლაში ოზურგეთთან, წყლის გაღმა, რის შემდეგაც მტერს ხალხისთვის გადმოუკიჟინებია მაღალი გორაკიდან, ე, ქადიაო. ე.ი. ესეც თქვენი ქადიაო. ხალხს შემოსული მტერი გაურეკავს და იმ ადგილას, სადაც ქადია უნახავთ, პატარა სამლოცველო აუგია, გორაკისათვის კი ქადია შეურქმევია. ახლა ეძახიან ექადიას” (ო.ი. მ.ფ საქმე #185 ფ. 5).
არანაკლებ საინტერესო მეორე ლეგენდა მოგვითხრობს მოიდანახეს შესახებ: “ქალაქ ოზურგეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, სადაც გაუვალი ტყე იყო, მოურავს, თურმე, იარაღით ხარ-ირემი მოუკლავს. შემდეგ მისულა და გურიის მთავრისთვის მოუხსენებია. გაკვირვებულ მთავარს არ დაუჯერებია მოურავის სიტყვები. მაშინ ამ უკანასკნელს მიუმართავს მისთვის, თუ არ გჯერა თვით მოდი და ნახეო.” ფიქრობენ, აქედან წარმოდგა ამ უბნის სახელწოდება, მოიდანახე.
ძველი ოზურგეთისა და მისი უბნის _ საპარასკევოს შესახებ საინტერესო ცნობები აქვს დაცული ცნობილ საბავშვო მწერალს და საზოგადო მოღვაწეს ნინო ანთაძე-ნაკაშიძეს (1872-1963 წ) თავის მოგონებაში “გურიაში” (მოგონებები ხელნაწერის სახით დაცულია ოზურგეთის ისტორიული მუზეუმის ფონდებში, საქმე #533). ეს არის ბავშვობისა და ახალგაზრდობისდროინდელი მოგონებები, შთაბეჭდილებები, მისი თვალით დანახული ძველი ოზურგეთი (მოგონებებში აღწერილია ოზურგეთის მდგომარეობა 1905,1924 და 1952 წლებში.). მოგონებები საყურადღებოა იმ მხრივ, რომ მის მიერ აღწერილი ძველი ოზურგეთის ქუჩები, სახლები და მათი სახელები დღეს უკვე აღარ არსებობს. ნინო ნაკაშიძე გადმოგვცემს ძველ ოზურგეთს 1905 წლის მდგომარეობით. 1952 წელის კი, როცა მას თითქმის შეცვლილი დახვდა ოზურგეთი, ასე იგონებს: “მე გავიზარდე ქალაქ ოზურგეთში. ჩემი ბავშვობა და სკოლის წლები იქ გავატარე და ვფიქრობდი, ოზურგეთზე უკეთესი და ულამაზესი ქალაქი ქვეყანაზე არ იყო. ოზურგეთი სამაგალითო ქალაქად მიმაჩნდა. როდესაც სუროთი შეფოთლილ სამსართულიანი ძველი ციხის გვერდით, ქალაქის თავში პატარა დაღმართზე ჩავირბენდით, ამ ციხეში, ჩემს მახსოვრობაში ყოველთვის ორი როტა რუსის სალდათი, თავის ოჯახით ბინადრობდა. ხალხს ეშინოდა მათი. ჩვენ, ბავშვები არ ვეკარებოდით ციხეს. მხოლოდ ვიცოდით, რომ ეს ციხე ძველად გურიის მთავრის, გურიელის სასახლე იყო და გურიელი ამ ციხიდან გადაცქეროდა “თავის ქალაქს”. ციხის გვერდით, მარჯვნივ იდგა ქველია მენაბდის კარგად მოზრდილი ოდა. ოდის წინ მშვენიერი კოინდარით ამწვანებული ეზო იყო. ყოველთვის მიყვარდა იქეთ გახედვა, აყვავებული ატმის, ბროწეულის და ქლიავის ყვავილების ყურება, მაგრამ ჩემს ყურადღებას უფრო დიდი ჭა იპყრობდა, რომელიც ჩოხატაურიდან მომავალი მოკენჭილი გზის ბოლოს, ქალაქის თავში იდგა და მაღალი ოწინარი ჰქონდა. ოწინარზე კი მაგარ რკინის ჯაჭვზე გამომბული დიდი კასრი (ვედრო) ეკიდა, ჭის უკან ჩამწკრივებული იყო 6 სამჭედლო დუქანი, დუქნების წინ ყოველთვის ეწყო ახალ გამოჭედილი ლამაზი, წითელი, პრიალა სპილენძის ტაშტები, ქვაბები და თუნგები. წითელი სპილენძის ჭურჭლების პრიალი ახარებდა ჩემს თვალებს, საათობით ვიდექი ხოლმე ამ სამჭედლოების წინ.
სამჭედლოს მოსდევდა “საპარასკევო.” რატომ ეძახდნენ, მე არ ვიცი და მიკვირდა, რადგან საპარასკევოზე ვაჭრობა იყო, როგორც პარასკევობით, ისე კვირაობითაც და რა არ იყო პარასკევობით და კვირაობით აქ გასაყიდი. ყველაზე მეტად იყო ჭურჭლეულობა: ხის გობები, ჯამები, ციცხვები და სხვა. არანაკლებ იყო თიხის ჭურჭლეულობაც, სოფელ აკეთიდან შემოტანილი იქაური სოფლელების ნახელავი, ყველა ზომის ჭურები (ქვევრები), კოკები, დოქები, ქოთნები, ხელადები და სტვირებიც კი. სხვადასხვა სოფლებიდან შემოჰქონდათ ხილეულობა, სანოვაგე, ფქვილი, ყველი უბრალო და სულგუნები ხის კასრებით, მწვანილი და სხვა.
საპარასკევოზე იდგა განუწყნარებელი გუგუნი, სიცილი და კამათიც მყიდველ-გამყიდველს შორის. საპარასკევოს განაპირას, უფრო კვირაობით, იდგა ვინმე მოხუცი მესტვირე ან ბრმა მელექსე, რომელიც ლექსს ან ამბავს მოუთხრობდა ხალხს გაბმული სიმღერით. ასე ფულს შოულობდნენ. ხალხი ყოველთვის თავისი სავაჭრო გასაღების შემდეგ, სიამოვნებით უსმენდა მას და არ იშურებდა, გაენაწილებინა მათთვის მოსაგებიდან ცოტაოდენი პროცენტი. სამჭედლოების ქვემოთ, გზის მეორე მხარეს, საპარასკევოს გასწვრივ, პირდაპირ იყო სხვადასხვა საქონლით მოვაჭრე დუქნები, რასაკვირველია, იყო ფართლეულის დუქნებიც. მე, როდესაც ბაზარში ჩავიდოდი, ყოველთვის შევიხედავდი ერთ მაღაზიაში, სადაც შავ შოხა-ახალუხში გამოწყობილი, წელზე ხანჯალშემოკრული, ბიბლიური შესახედაობის მაღალი კაცი იდგა. სავაჭრო მაღაზიებიდან პირველი პატარა დუქანი ეკუთვნოდა მამაჩემის კარგ მეგობარ ვაჭარს, ახლა ეს დუქანი გადაკეთებულია წიგნის დიდ მაღაზიად და მაღალ სართულში, რომელიც მაშინ სრულიად არ არსებობდა, გამართულია ქალაქ მახარაძის სამხარეო მუზეუმი (ამჟამად ეს ადგილი გახლავთ ყოფილი “ბავშვთა სამყაროს” წინ არსებული სკვერი, ასევე ყოფილი ავტოსადგურის ტერიტორია, მ. ლ.). ამ პატარა მაღაზიაში ვნახე პირველად ჩვენი ძვირფასი მწერალი ეგნატე ნინოშვილი-ინგოროყვა. ეს დუქანი, მიუხედავად სიპატარავისა, უნივერმაღს ჰგავდა და ყველაფერი იყო გასაყიდი, რაც ღარიბი ხალხისთვის საჭირო და ხელმისაწდომი იყო: ფართლეული, ფეხსაცმელი, ქალისა და კაცის ქუდები, ასე განსაჯეთ ტარანებიც, ჩიბუხი, შიბაქებიც კი. ქალაქის ამ მეორე მხარეს იყო სამიკიტნოები, სანოვაგის სავაჭროები და საკონდიტროები, თუმცა, შიგადაშიგ ფართლეულის მაღაზიები და სახარაზოებიც იყო. მაღაზიების წინ ქუჩის ორივე მხარეს ქვაფენილზე დადიოდა სავაჭროდ და სასეირნოდ მოსული ხალხი. შუაზე კი მოემართებოდა მოკენჭილი სუფთა ქუჩა ურმების, ომნიბუსების და ეტლების სასიარულოდ, იქით და აქეთ ქუჩის პირას მირაკრაკებდა გაყვანილ თხილებში “ბაზრის წყალი და ცლიდა ბაზარს ნაგვისა და ჭუჭყისაგან.” ქალბატონი ნინო ბაზრის წყალის შესახებ გვიამბობს შემდეგს: “ქალაქის ტერიტორიაზე მომჩქეფარე პატარა მდინარე ორ სახელწოდებას ატარებს _ ნაბჟუარი და ბაზრის წყალი. ზეპირი გადმოცემების და თქმულებების შესაბამისად, იმ ადგილას, სადაც ახლა ნაბჟუარი მიედინება, ასი და მეტი წლის წინათ გადაწოლილი იყო მდინარე ბჟუჟის მარჯვენა ტოტი, რომელიც წყალდიდობის დროს დიდ ზიანს აყენებდა ქალაქის ტერიტორიას. სოფელ გომის ტერიტორიაზე ორ ნაწილად იყოფოდა მდინარე ბჟუჟი, აქედან ერთი მიედინებოდა ქალაქის ტერიტორიის იმ ადგილას, სადაც ახლა მიედინება მდინარე ნაბჟუარა, რომელიც გურიელს გადაუგდია მარცხნივ. მდინარე ნაბჟუარას ავსებს პატარა ღელე ოჯომი (სათავეს პოულობს სოფელ დვაბზუს ტერიტორიაზე), დვაბზუაი (სათავეს პოულობს უჩხობში) და მდინარე ბჟუჟიდან გადმოყვანილი პატარა საწისქვილე შტოები და ის სანამ ქალაქის ცენტრში შემოიჭრებოდეს, ნაბჟუარას სახელს ატარებს და იმის შემდეგ, სადაც მას ეკისრება ქალაქის ჭუჭყის და ნაგვის გაზიდვა, იქ კი მას ბაზრის წყალს ეძახიან. ქუჩა მუდამ სუფთად გამოიყურებოდა. დუქნების ბოლოს გამართული იყო ეტლებისა და დილიჟანსების დასაქირავებელი კანტორა, რომელიც დაარსებული იყო ამხანაგობის მიერ _ რაჟდენ წუწუნავას ხელმძღვანელობით. კანტორის გამგეც თვითონ რაჟდენი იყო, სახელოვანი რეჟისორის _ ალექსანდრე წუწუნავას და სახელოვანი არტისტი ქალის _ ცეცილია წუწუნავას მამა. ყველა ამბობდა, რომ რაჟდენი სერიოზული, საქმიანი და პატიოსანი კაციაო. ამხანაგობას ჰყავდა ეტლები და დილიჟანსები, სადგურ ნატანებამდე მიმავალი მგზავრებისათვის. ერთი ადგილი ეტლში და დელიჟანსშიც 10 შაური ღირდა. ეს დიდი შეღავათი იყო, რადგანაც მატარებელი მაშინ ნატანებიდან ოზურგეთამდე არ დადიოდა და 18 ვერსის გავლა ფეხით სჭირდებოდა კაცს, კერძო ეტლით სიარული კი ძალიან ძვირი ჯდებოდა, ამიტომ ხალხი მადლობელი იყო რაჟდენის, რომელიც სულ მუდამ ტრიალებდა თავის კანტორაში. ამხანაგობის კანტორის ქვევით მოჩანდა სხვადასხვა საწყობები, ქალაქის ბოლოს კი იყო საქალაქო 6-კლასიანი სასწავლებლის შენობა.”
1952 წელს ოზურგეთში ჩამოსული, უკვე ხანში შესული ქალბატონი, რომელსაც ოზურგეთი მთლიანად გადასხვაფერებული დახვდა, ასე იგონებს ქალაქს:
“მოთმინება არ მყოფნიდა, მენახა ჩემი ოზურგეთი, ჩემი სათაყვანებელი ქალაქი. ყველაზე უწინ გავემართე ქალაქის ბაღის სანახავად. მთელი ჩემი ბავშვობა ამ ბაღთან იყო დაკავშირებული _ მიყვარდა ლამაზი, ფართო ფოთლებიანი დიდრონი ჭადრები, მაღალი წიფლები, ასკილის ბუჩქები, თეთრი ხეები და რცხილებიც. აქ იყო მსუბუქი შენობა, “როტონდა”, სადაც ადგილობრივი სცენის მოყვარულები წარმოდგენებს მართავდნენ. ციხე ისევ ისე იდგა, თავის ადგილას და გადაჰყურებდა ქალაქს. ციხეში ცხოვრობდნენ წითელარმიელები, ბაღის ქვემოთ აღარ იდგა, არც ის ორი ეკლესია, ქართული და რუსული. იმათ ადგილას ხარობდა ციტრუსოვანი ბაღი. ჩავედი ციხესთან, პატარა თავჩაღმართით, ქალაქის სანახავად. ჭა აღარ იყო თავის ადგილას ქალაქის თავში, სადაც მეგულებოდა, იმ ადგილას აღმართული იყო ჩვენი ბელადის მონუმენტი. მე ვერ მოვითმინე, არ მენახა ის ადგილი, სადაც ჩემი მშობლები ცხოვრობდნენ, ჩემი სოფელი ღანუელი, ღანუელისაკენ მიმავალი ქუჩა ზამთრობით ყოველთვის საშინლად ატალახებული იყო, ზაფხულობით კი ურმის და ეტლების ბორბლებისაგან ღრმად დაღარული, ოღრო-ჩოღროდ დასერილი გამხმარი ტალახის ფხვიერი გზა მიემართებოდა. ამ გზის მარცხენა მხარეს, მთელ მიდამოში ერთი თაყა სალუქვაძის ორსართულიანი სახლი იყო. იქეთ დიდ მინდორში გავედით, მაგრამ ამ მინდორში ახლა თაყას სახლი შეუმჩნეველი რჩებოდა, რადგან აბრეშუმის საქსოვი ფაბრიკა გუგუნებდა და მისთვის საჭირო შენობები აღმართულ იყო. გზა, რომელიც ერთ დროს ტალახით იყო დაფარული, ახლა ასფალტირებული ქუჩა მიემართებოდა. მეჩქარებოდა იმ ადგილის ნახვა, სადაც ამ 77 წლის წინათ მამაჩემმა სოფელ ბახვიდან გადმოიტანა თავისი წაბლის ოთხთვალიანი ოდა და ღანუელის ყვავილებით მორთულ ტრიალ მინდორზე ააშენა სახლი, ჩვენს ეზოს გვერდით ჩამოუდიოდა პატარა მდინარე, რომელსაც ჩვენ სკურჩა-ფირუზს ვეძახოდით, რადგან წყალი ფირუზივით მწვანე იყო. წყლის გაღმა, სერზე შეფენილი იყო მწვანე, ლამაზი ნოხივით ჩაი. ნინო ნაკაშიძის აღწერის მიხედვით, სოფელი ღანუელი უნდა ყოფილიყო ყოფილი აბრეშუმის ფაბრიკის შენობის გადაღმა, გაღმა დვაბზუსა და მელექედურს შორის მიმდებარე ტერიტორია.”
საინტერესოა ნინო ნაკაშიძის მიერ საკუთარი თვალით დანახული და მოსმენილი ალიხანოვ-ავარსკის გამოსვლა ოზურგეთლების წინაშე. სახლი, რომლის აივნიდანაც 1906 წელს დამსჯელი რაზმის გენერალმა ალეხანოვ-ავარსკიმ შეკრიბა გურული დარბეული ხალხი და უბრძანა, დაეჩოქათ და მოესმინათ მისი ბრძანება, ეკუთვნოდა მალაქია გურიელს: “იყო 1906 წლის თებერვალი, წვიმდა. მე სახლის ღობესთან დამალული ვიდექი და ყურს ვუგდებდი. მაშინ გაზეთ “ცნობის ფურცელის” კორესპორენტი ვიყავი. სახლს შეუნახავს თავისი სახე, მაგრამ მარცხნივ კი აღარაფერი აღარ იყო. მის პირდაპირ ლევან გურიელის ორ სართულიანი ძველი ქვის “პალატიანი” ოდა და ასკოკიანი ჭური (ქვევრი) იყო, რომელიც სახლის გვერდით, ფარდულის ქვეშ იყო აღმართული და გვაცნობდა, თუ რამდენ ღვინოს სვამდენ სასახლეში. არც იასე გურიელის სახლი იყო, სადაც მე მახსოვს _ იასე გურიელის სიკვდილის შემდეგ, პოლიციის დაწესებულებები იყო გამართული. ახლა ამ ადგილას კინოს მშვენიერი და ქალაქის ორსართულიანი შენობები იდგა. კიდევ იქით თაყაიშვილის ნასახლარი იყო. ფოსტის ორსართულიანი ლამაზი შენობა იდგა” (დღეს კინოს შენობა უცვლელია. ასევე დგას ძველი ფოსტისა და ქალაქის ორსართულიანი შენობები, რომლებშიც სხვადასხვა დაწესებულებებია განთავსებული. მ. ლ.).
დღეისთვის, სამწუხაროდ, ძველი ოზურგეთის შენობებიდან მხოლოდ დიმიტრი გურიელის სახლიღაა შემორჩენილი (აგებული 1873 წელს. ახლანდელი გურიის ეპარქიის რეზიდენცია). ძველი საპარასკევო უბანი სახეშეცვლილია მთლიანად და, ფაქტობრივად, აღარ არსებობს. სასურველი იქნება ის ადგილი, სადაც ახლა მარადიული ცეცხლია და მის გაყოლებაზე არსებულ სკვერში (სავარაუდოდ, ყოფილი საპარასკევო) გაკეთდეს ძველებური ჭა, ოწინარით. სკვერი კიდევ უფრო უნდა კეთილმოეწყოს და დაიდგას ოზურგეთელი გმირების ბიუსტები, რომლებმაც თავი ისახელეს მეორე მსოფლიო ომში (ბიუსტები, რომლებიც ახლა გაძარცვული, უპატრონოდ ყრია ისტორიული მუზეუმის მარცხენა ფლიგერში). ასევე თხოვნა გვაქვს ახლანდელი რაიონის ხელმძღვანელობის მიმართ, გურიელების ნაფუძარზე აგებული საზოგადოებრივი ტუალეტი (მართალია, დღეისათვის არ მოქმედებს) გადაკეთდეს სუვენირების მაღაზიად.
მანანა ლომაძე,
ოზურგეთის ისტორიული მუზეუმის ფონდების მთავარი მცველი