მოკლული გოჩა გუჯაბიძე, საკუთარ სახლთან, ჯერ კიდევ დაუდგენელმა პირებმა ცეცხლსასროლი ავტომატებით ჩაცხრილეს.
მოკლულის მამა, ვარდენ გუჯაბიძე ” გურია ნიუსთან” საუბარში აცხადებდა, რომ მისი შვილის მკვლელობა შეკვეთილი იყო: _დამკვეთი არის სხვა, შემსრულებლები კი _ სხვები, _ ამბობდა ის.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, მაშინ პოლიციას კომენტარი არ გაუკეთებია, საქმე კი ისევ გაუხსნელია. “გურია ნიუსთან” ბევრი მოქალაქე ამბობს, რომ მათ საქმის გახსნის იმედი აღარ აქვთ და შესაძლოა, ამ საქმეს გურიის პოლიციის უფროსების სავარძლებიც შეეწიროს.
აღსანიშნავია, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურში მომხდარი ყაჩაღობაც გაუხსნელია _ 30 მარტს, ღამით, დავით დოლიძეს, საკუთარ სახლში ყაჩაღებმა ცეცხლსასროლი იარაღით რამდენიმე მძიმე ჭრილობა მიაყენეს.
” რაც არ უნდა დამიჯდეს, პირადად უნდა შევხვდე შს მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს. 21-ე საუკუნეში სახლში ნიღბიანები რომ შემოგიცვივდებიან და ოჯახის წევრების თვალწინ სიკვდილს თვალით გაჩვენებენ, ესაა ცხოვრება?” _ აცხადებდა “გურია ნიუსთან” დავით დოლიძე.
როგორც შსს სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი გოჩა ფერსაშვილი მაშინ “გურია ნიუსთან” ამბობდა, აღნიშნულ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობდა და ოპერატიული სამუშაოების შედეგად საქმე მალე გაიხსნებოდა. თუმცა, აღნიშნული ყაჩაღობა უკვე მეხუთე თვეა, რაც გაუხსნელია.
ამ საქმეებთან დაკავშირებით, კომენტარი ისევ ვთხოვეთ შსს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსს გოჩა ფერსაშვილს, რომლის პასუხიც, როგორც ყოველთვის, შაბლონურია: _ მიმდინარეობს გამოძიება.
_ ანუ გოჩა გუჯაბიძის მკვლელობასთან დაკავშირებით რაიმე სიახლე არ არის?
_ სხვას ვერაფერს გეტყვით, საქმე ჯერ გაუხსნელია და მიმდინარეობს გამოძიება.
_ რა ხდება 5 თვის წინ, სოფელ ლიხაურში მომხდარ ყაჩაღობასთან დაკავშირებით? ეს საქმე ხომ არ გაგიხსნიათ?
_ არა, არა, იმ საქმეზეც მიმდინარეობს გამოძიება.
_ ბატონო გოჩა, საზოგადოება აქტიურად სვამს კითხვას, რატომ გახდა კრიმინოგენური სიტუაცია გურიაში უმართავი?
_ გასაგებია თქვენი კითხვა, მაგრამ ვერაფერს ვერ გეტყვით ამასთან დაკავშირებით. კი, ბატონო, ძალიან ცუდი ამბავია, გეთანხმებით.
_ არ გთხოვენ შსს სამინისტროდან, რომ ეს საქმეები გახსნათ?
_ თქვენ როგორ ფიქრობთ, არ მთხოვენ, რომ საქმის გაიხსნას?
_ რა გიშლით ხელს, რომ აქამდე ეს საქმეები ვერ გახსენით, პოლიციის სისუსტე?
_ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, აქტიურად მუშაობენ ოპერატიული სამსახურები და მეტი არ გითხრათ? დაველოდოთ შედეგს.
_ გაქვთ იმედი, რომ ეს საქმეები გაიხსნება? საზოგადოება პასუხს ელის.
_ კი, გვაქვს, _ გვითხრა ფერსაშვილმა.