კვლევა საქართველოში განხორციელდა.
კვლევის პროცესში გაანალიზდა, როგორც ეროვნული მასშტაბით მომაცემები, ასევე კვლევა განხორციელდა სამიზნე მუნიციპალიტეტებში. კერძოდ: დმანისის, მარტვილის, ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისში. კვლევის განხორციელების მიზანი იყო ფინანსური დეცენტრალიზაციის ხარისხის შეფასება საქართველოში.
სწორედ ქუთაისში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა დღეს ამ კვლევის პრეზენტაცია.
კვლევის პროცესში გარდა იმ მიგნებისა, რომ თვითმმართველობებს არ გააჩნიათ საკმარისი საკუთარი ფინანსური რესურსები, ასევე გამოვლინდა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობებში ჯამურად, ერთ სულ მოსახლეზე საბიუჯეტო შემოსულობების გადანაწილება ხუთჯერ ნაკლებია ვიდრე ცენტრალური ბიუჯეტის ანალოგიური მაჩვენებელი. ამასთან კვლევამ აჩვენა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობებში ერთ სულ მოსახლეზე საბიუჯეტო შემოსულობები საკვლევი პერიოდის განმავლობაში (2009-2013 წწ.) კლებადი ხასიათისაა, ხოლო ცენტრალური ბიუჯეტის შემთხვევაში კი მოცემული მაჩვენებელი ზრდადია.
კვლევის პროცესში გაანალიზებული იქნა ევროპის ქვეყნების (ესტონეთი, ლატვია, ლიტვა) საბიუჯეტო მოწყობა და საბიუჯეტო დონეებსა და ერთ სულ მოსახლეზე საბიუჯეტო შემოსულობებს შორის თანაფარდობა. ანალიზმა აჩვენა, რომ საბიუჯეტო დონეებს შორის, როგორც საბიუჯეტო შემოსულობების ოდენობების, ასევე საბიუჯეტო შემოსულობების ერთ სულ მოსახლეზე გადანაწილების ოდენეობის წლიური მაჩვენებლების შეფარდება 1,8-დან 2,8-მდე მერყეობს.
კვლევამ გვიჩვენა, რომ არსებული საფინანსო სისტემის პირობებში ადგილობრივი თვითმმართველობა არ არის ფინანსურად დამოუკიდებელი. რაც ნიშნავს იმას, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის იდეა და უფლება, რომ თავად გადაწყვიტოს და გადაჭრას საკუთარი შეხედულებისამებრ ადგილობრივი პრობლემები – შეზღუდულია.