გიორგი ჯერ სოხუმის მესამე საშუალო სკოლაში სწავლობდა. ბიჭს ძალიან ავიწროვებდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ ქართველი იყო. მეხუთე კლასიდან მეორე სკოლაში გადავიდა, მაგრამ არც აქ მოგვარდა მისი პრობლემები. ბავშვი ჩაიკეტა, სახლიდან გასვლა აღარ უნდოდა. მხოლოდ ერთი სურვილი ჰქონდა _ ისეთ ადგილას წასულიყო, სადაც ქართველები იქნებოდნენ.
გიორგი ჟიჟიბაია: _ სკოლაში ბავშვებიც და მასწავლებლებიც საშინლად გვექცეოდნენ ქართველებს, ერთმანეთშიც ჩხუბობდნენ, მაგრამ მალევე რიგდებოდნენ, ქართველებს კი ერთ სიტყვასაც არ გვპატიობდნენ. ხატვა მიყვარს და კარგადაც ვხატავ, მაგრამ არც ერთ გამოფენაზე არ მიშვებდნენ _ ქართველი ხარ და აქ რა გინდა, წადი შენც სამშობლოშიო. ისეთი ბავშვები იღებდნენ გამოფენაზე მონაწილეობას, ფანქრის ხელში დაკავებაც რომ არ შეეძლოთ, მე კი საშინლად მტკიოდა გული. ჭადრაკის სკოლაში დავდიოდი. აქაც ვგრძნობდი ჩემდამი ცინიკურ და ცუდ დამოკიდებულებას. ვეღარ გავუძელი ამდენ დამცირებას, აბუჩად აგდებას და დედა იძულებული გახდა, მეორედ დაეტოვებინა და სოხუმი და თბილისი გადმოვედით. სამი წელია აქ ვცხოვრობთ, საშინელ პირობებში ვართ, სახლი არ გვაქვს, ახლა მერვე ბინა გამოვიცვალეთ. ქირის ფულსაც ძლივს ვიხდით, ხანდახან საჭმელიც არ გვაქვს, მაგრამ ქართველებთან ვარ და ეს ჩემთვის ყველაზე ბევრს ნიშნავს. მე არ მინდა ისეთ აფხაზეთში დავბრუნდე, სადაც ქართველი არ იქნება.
_ გიორგი, თბილისში სად სწავლობ?
_ თბილისის ზღვაზე, მესამე სკოლაში. მათემატიკა მიყვარს და კომაროვში მინდა გადასვლა. რომ გავიზრდები მხატვარი გამოვალ. რაც თბილისში ჩამოვედი, სხვადასხვა კონკურსებში და გამოფენებზე მივიღე მონაწილეობა, უამრავი დიპლომი და სიგელი მივიღე, გული მწყდება, აფხაზეთში გატარებული დრო ფუჭად ჩავლილად რომ უნდა ჩავთვალო.
_ არ გენატრება აფხაზეთი?
_ კი, ძალიან. ბებო მენატრება _ რაც გადმოვედი აღარ მინახავს. სპეციალური საშვი უნდა გქონდეს, რომ გადახვიდე, ან ფული, რაც მე და დედას არ გვაქვს. ზღვა მენატრება, პლაჟი, მაგრამ არ მინდა იქ წავიდე, სანამ ქართველები არ დაბრუნდებიან. ძალიან ბევრი ტკივილი მახსოვს. ჯერ 14 წლის ვარ და ხანდახან ასე მგონია, წინ უკეთესი აღარაფერი მელოდება. ძალიან დავიღალე. დავიღალე ყოველ ღამე შორეული ლანდების გახსენებით, დავიღალე ერთი ადგილიდან მეორეში გადასვლით. ძალიან მინდა სულ პატარა ოთახი მქონდეს, სადაც ჩემს ნახატებს დავკიდებ და ყუთებში აღარ გვექნება ნივთები შენახული. იმედი მქონდა, თბილისში ცოტას ამოვისუნთქებდით, დედაც დაწყნარდებოდა ცოტას, მაგრამ…
_ ოჯახში კიდევ ვინ გყავს?
_ არავინ, მე და დედა ვართ მარტო. დედამ მარტომ გამზარდა, თვითონ ყველაფერს იკლებდა, რომ მე საჭმელი მქონოდა და არ მოვმკვდარიყავი მშიერი. მსოფლიოში ყველაზე ძლიერი და კარგი დედა მყავს.
კიდევ დიდხანს ვისაუბრეთ მე და გიორგიმ. 14 წლის ბიჭი დიდი, გამოცდილი ადამიანივით აზროვნებს და კარგად თუ დააკვირდებით, მაშინვე შეამჩნევთ ბავშვურ სილაღეს შეპარულ სევდას, თვალებში კი დიდ ტკივილს წაიკითხავთ. ბიჭი, რომელმაც აფხაზების დამცირება გადაიტანა, რომელიც მეორეჯერ გახდა გარემოებების მსხვერპლი, რომელიც ორჯერ გახდა დევნილი საკუთარი სამშობლოდან, საკუთარ პატარა სახლზე ოცნებობს. ოცნებობს, მაგრამ იმედი აღარ აქვს.