ქართული სახელმწიფოს აღმშენებლობით პროცესში გარკვეული წვლილი ჩვენ, ურეკისა და მის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა, ბიზნესში ჩართულმა მოქალაქეებმა და უკლებლივ ყველა პატრიოტმა გვინდა შევიტანოთ.
მოგეხსენებათ ჩვენი კურორტის, რეგიონისა და მთლიანად ქვეყნის სოციალურ- ეკონომიკური პრობლემების გადაჭრას წლების განმავლობაში ხელს უშლიდა თავსმოხვეული დამახინჯებული ნიულიბერალური მსოფლმხედველობა, აყვავავებული ბიუროკრატია, უცოდინარობა, საქმეში ჩაუხედაობა, მცოდნისა და გამოცდილისთვის დაუჯერებლობა და მისი ღირსებების აბუჩად აგდება .
ჩვენ ქართველები ბუნებრივია მენტალურად ვგავართ ერთმანეთს და ჯერ კიდევ არსებობს რისკები ასეთმა პრობლემებმა კვლავ იჩინოს თავი .
ჩვენ, ღრმად ვართ დარწმუნებული ასეთ რისკებს კურორტ ურეკისა და რეგიონისთვის თავიდან ავირიდებთ და სწრაფი ტემპებით შევძლებთ განვითარებას თუ ქვეყნის მართვის პროცესში იმ მექანიზმებს გამოვიყენებთ, რომელსაც მდგრადი განვითარების ინტეგრირებული მართვის მექანიზმები ჰქვია და რომელიც მრავალ განვითარებულ ქვეყანაში დიდი ხანია აპრობირებული და დაკანონებულია .
საქართველოში მართვის ასეთი მექანიზმების დანერგვას უკვე 20 წელია პერმანენტულად გვთავაზობენ საერთაშორისო ორგანიზაციები, მეგობარი ქვეყნების მთავრობები და ევროკომისია.
ისმის მრავალი კითხვა და არსებობს ლოგიკური პასუხები :
• რატომ ვერ ხერხდება რეკომენდაციებზე სწრაფი რეაგირება ?
– ბიუროკრატია ნებისმიერ შემთხვევაში ინერტულია, ხშირად თემატურ საკითხებთან დაკავშირებით თავს არიდებს პოლემიკას, უფრო მეტიც, არ პასუხობს ოფიციალურ წერილებზე . ამა თუ იმ საკითხზე პოლიტიკოსები და გადაწყვეტილების მიმღები პირები საჭიროებენ მეტ ინფორმირებულობას.
• რატომ ვერ ხერხდება ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებების ნებისა და ხედვის სისტემური კონცენტრირება ?
– მათ არ გააჩნიათ სათანადო ცოდნა, ხედვა – პოლიტიკა, პროცესების მართვის უზრუნველსაყოფად საკანონმდებლო ბაზა, ინსტიტუციები და ა.შ. (ყველაფერს ვერ გადავაბრალებთ არ შემდგარ პოლიტიკურ კოჰაბიტაციას).
• რატომ ვერ ხერხდება კურორტ ურეკში ელემენტარული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება და ტურისტული პროდუქტების შექმნა ? (მდგომარეობა სხვა კურორტებზეც ანალოგიურია ).
– არ არის სათანადო დაინტერესება, არ არის შესაბამისი თანხები, პრობლემების აღმოფხვრაზე ზრუნავენ ისეთი ადამიანები, რომელთაც არ გააჩნიათ სათანადო ცოდნა, გამოცდილება, ისინი საჭიროებენ მომზადებას, კვალიფიკაციის ამაღლებას. უბრალოდ მათ არ იციან კურორტის განვითარებისთვის, როგორ გადადგან ნაბიჯები და მოიძიონ სათანადო ფინანსები .
მოგეხსენებათ , მდგრადი ინტეგრირებული მართვის მექანიზმები უზრუნველყოფენ ეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი (მათ შორის ბუნებრივი რესურსებით რაციონალური სარგებლობის) ხედვებისა და მოქმედებების ურთიერთ შესაბამისობაში მოყვანას და რაც მთავარია უზრუნველყოფენ პრიორიტეტების გამოყოფას მართვის ყველაზე ქვედა რგოლში, აგრეთვე ძირითადი და მთავარი ბენეფიციარების ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
შევეცდებით არგუმენტირებულად დავასაბუთოთ ჩვენი ხედვა.
1. მიუხედავად იმისა, რომ უკვე ათი თვეა რიგი სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელები, სპეციალისტები და პოლიტიკოსები კომისიური წესით მუშაობენ თვითმმართველობის რეფორმაზე და პერიოდულად ამასთან დაკავშირებით გარკვეულ ხედვებს აყალიბებენ მედიის საშუალებით უნდა ითქვას, რომ მათ მიერ ვერ გამოიკვეთა საკურორტო ზონების მართვის სავარაუდო მექანიზმი.
პრაქტიკამ დაგვანახა და მიგვაჩნია, რომ საჭიროა კურორტის მართვის საზოგადოებრივი საბჭოს შექმნა ( არჩევა), რომელიც აგრეთვე შეასრულებს კურორტის განვითარების ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს ფუნქციასაც
(ფონდში ფინანსური შენატანები უნდა შეიტანონ ეკონომიკურმა აგენტებმა, ცენტრალურმა და ადგილობრივმა ხელისუფლებამ და ა.შ.);
კურორტის ტერიტორიაზე მოქმედმა ყველა ეკონომიკურმა აგენტმა და მოსახლეობამ უნდა იზრუნოს საკუთარი კურორტის განვითარებაზე;
ეკონომიკურად, როგორი ძლიერიც არ უნდა იყოს სახელმწიფო მას ძალა არ შესწევს მართოს ქვეყნის კურორტები;
კურორტის მართვა მისმა არჩეულმა საზოგადოებრივმა საბჭომ უნდა უზრუნველყოს და მას კანონმდებლობით უნდა მიეცეს ამისთვის სათანადო შესაძლებლობები.
შავი ზღვის სანაპირო ზონაში კურორტების მართვა პირდაპირ არის დაკავშირებული სანაპირო ზონის ინტეგრირებული მართვის პრინციპების დაცვასთან , რაც სასწრაფოდ საჭიროებს შესაბამისი სტრატეგიის ჩამოყალიბებას, საკანონმდებლო ბაზის შექმნას და გეგმის შემუშავებას.
ინტეგრირებული მართვის ეს მექანიზმი უზრუნველყოფს:
მდგრად განვითარებას, რისკების შემცირებას, პროგნოზირებას, რესტიტუციას, დამბინძურებელი და მომხმარებელი გადაიხდის-პოლიტიკის გატარებას , საუკეთესო ტექნოლოგიისა და საუკეთესო გარემოსდაცვითი გამოცდილების დანერგვას, ინფორმაციის ხელმისაწვდომობასა და საზოგადოების მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საერთაშორისო თანამშრომლობას, რესურსების თანაბარ განაწილებას და მდგრად მართვას, განვითარებისთვის შემოთავაზებული საქმიანობის სოციალურ–ეკონომიკური აუცილებლობის დასაბუთებას, ბიომრავალფეროვნების დაცვას, ზღვის აკვა–კულტურის განვითარებას, სანაპირო ზონის ესთეტიკურ ღირებულებათა დაცვას, აგრეთვე ხმელეთის სანაპირო ზოლის დაცვას.
ამ პრინციპებზე დაყრდნობით ჩვენ პირველ რიგში შევძლებთ ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების დაცვას და დასაქმებისთვის მათ სწორ ორიენტაციას.
მართვის ამ სისტემის დანერგვა სახელმწიფოსთვის ამცირებს ეკონომიკურ რისკებს, უზრუნველყოფს სტაბილურ განვითარებას და საიმედოს ხდის მომავალს.
2. კურორტი ურეკი მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული მდინარეების, ნატანებისა და სუფსის აუზში წყლისა და მიწის რესურსების ინტეგრირებული მართვის პროცესთან, რაც საჭიროებს პრიორიტეტული ღონისძიებების გამოყოფის საფუძველზე სათანადო მოქმედებათა გეგმის შემუშავებას და მთავრობის მიერ მის დამტკიცებას, რაც არამარტო ურეკის არამედ მთის კურორტებისთვისაც (მაგალითად ბახმაროსთვის) უზრუნველყოფს მთელი რიგი პრობლემების გადაჭრას.
მართვის ეს მექანიზმი რეგიონში უზრუნველყოფს წყალმომარაგებისა და წყალარინების პოლიტიკის სწორად განვითარებას, სათანადო მოთხოვნებს დააწესებს ნარჩენების მართვაზე, სანიტარიაზე, გარემოს დაცვაზე, ბუნებრივი რესურსების რაციონალურ მოხმარებაზე, პრევენციულ ღონისძიებებს განახორციელებს მოსალოდნელი ბუნებრივი კატაკლიზმების ( წყალდიდობა, გრიგალი და სხვა ) შედეგების შესარბილებლად, მაქსიმალურად უვნებელს გახდის ჰიდროელექტრო ენერგიის მისაღებად ჰიდროტექნიკური ნაგებობების მშენებლობას.
3. საკურორტო ზონების განვითარებისთვის გადაუდებელ ღონისძიებას წარმოადგენს ტერიტორიის (სივრცის) განვითარების გეგმების გადახედვა ან ახლის შემუშავება, როგორც ურეკის, ასევე ბახმაროს და სხვა კურორტების განვითარებისთვის აუცილებელ ღონისძიებას წარმოადგენს ტერიტორიის (სივრცის) განვითარების გეგმის ( გენერალური გეგმის) გადახედვა, მასში შესწორებების შეტანა, გეგმის ახალი ვარიანტის პროექტზე გარემოზე ზემოქმედების შეფასების განხორციელება, გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფა და მისი მოქმედებაში შეყვანა ეს პროცესიც საჭიროებს საკანონმდებლო ბაზის რეფორმირებას.
4. რეგიონისთვის ნებისმიერ შემთხვევაში გასათვალისწინებელია კლიმატის გლობალური ცვლილებების ადაპტაციისა და შერბილების კონკრეტული ღონისძიებები, რომელმაც ასახვა უნდა ჰპოვოს სახელმწიფო პროგრამებში.
5. ზემოთ ჩამოყალიბებული მოქმედებების განსახორციელებლად მიზანშეწონილად მიგვაჩნია მთავრობამ უზრუნველყოს პროცესების მართვის ხელშეწყობა ქვემოდან ზემოთ და ამ მიზნით რეგიონისთვის შექმნას მდგრადი განვითარების ცენტრი (საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შეიძლება სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სისტემაშიც მოიაზრებოდეს და მართვის პროცესებში უზრუნველყოს მეცნიერების ჩართულობა)
მიზანშეწონილად მიგვაჩნია ასეთი ცენტრი დისლოცირებული იქნას დაბა ურეკში.
მდგრადი განვითარების ცენტრმა უნდა უზრუნველყოს:
_ რეგიონის მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად დარგობრივი და დარგთაშორისი ინტეგრირებული მართვის მექანიზმების ურთიერთ შესაბამისობაში მოყვანა.
მდგრადი განვითარების კონცეფციის ( საერთო ხედვის ) ჩამოყალიბება და მთავრობისთვის მისი წარდგენა დასამტკიცებლად.
_ ადგილობრივ დონეზე საკურორტო მართვის პროცესების რეფორმირების დაჩქარება.
_ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ძირითადი და მთავარი ბენეფიციარების (საზოგადოების ფართო ფენების: სამოქალაქო სექტორის, მეცნიერების, სპეციალისტების, პოლიტიკოსების და სხვათა) ჩართულობა.
_ საკანონმდებლო და ნორმატიული ბაზის რეფორმირების უზრუნველსაყოფად პარლამენტისა და თვითმმართველ ორგანოებისადმი ინიციატივით წინადადებებით მიმართვა,
_ ბუნებრივი და ანთროპოგენური ხასიათის (ტექნიკური წარმოშობის) კატაკლიზმების შედეგების შერბილების უზრუნველსაყოფად მათ გამომწვევ მიზეზებზე და ძალაში მყოფ პროცესებზე მონიტორინგის დაწესება, პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა.
ჩამოყალიბებული ხედვის რეალიზებით მიგვაჩნია, რომ შავი ზღვის გურიის სანაპირო ზონაში და მთლიანად რეგიონში დავაჩქარებთ სოციალურ – ეკონომიკური მდგომარეობის სწრაფად გაუმჯობესებას. ეს პროცესი, როგორც სამოდელო პროცესი მაგალითის მიმცემი გახდება სხვა რეგიონებისთვის და იმედი გვაქვს მთავრობა დაინტერესდება ამ ინიციატივით .
გვაქვს დიდი სურვილი პირისპირ უფრო დაწვრილებით გაგაცნოთ ჩვენი ხედვა, რისთვისაც გთხოვთ აუდიენციას ან საჯარო შეხვედრას .
პატივისცემით,
ურეკის ახალგაზრდული მოძრაობის თავმჯდომარე თენგიზ ქურცუა; ურეკის ახალგაზრდული მოძრაობის თანათავმჯდომარე მალხაზ ბაბლუანი; IT სპეციალისტი, ფიზიკოსი გიგლა მორგოშია; “ავერსის” ქსელის მენეჯერი პაატა გოგუაძე;
“TT group” მენეჯერი გიორგი ხიდიბეგიშვილი; ანტიკრიზისულ საქმეთა ექსპერტები მდგრადი განვითარებისთვის თავჯდომარე, ტ.მ.დ. აკაკი ფანჩულიძე