მან ადუაშვილის მკვლელობა კი უარყო, მაგრამ აღიარა, რომ მეგის ქარდავა და კოხტა კოდუა მათთვის არასასურველ ადამიანებს მისი ხელით იშორებდნენ. უბილავა ამტკიცებს, რომ ადუაშვილის მკვლელობა მას ქარდავამ და კოდუამ 2012 წლის აგვისტოში დაუკვეთეს.
42 წლის გელა უბილავა გალში დაიბადა, აფხაზეთის ომის დროს საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდა, ბოლოს კი ხობში ცხოვრობდა და როგორც თავად ამბობს, ხე-ტყის და თხილის ბიზნესით ირჩენდა თავს. უბილავა ყვება, რომ გალსა და სოხუმში, სადაც უამრავი მეგობარი ჰყავდა, უპრობლემოდ გადადიოდა, რაც მისი მეგობრის, სამხედრო დაზვერვის თანამშრომლის თეიმურაზ ქობალიას მეშვეობით მეგის ქარდავას ყურამდეც მივიდა.
თეიმურაზ ქობალია, იგივე “მუხა”, ავთო ადუაშვილის მკვლელობის საქმეში ერთ-ერთი ბრალდებულია, მას დანაშაულის დაფარვაში ედება ბრალი. ამავე დროს. ის ბრალდების ერთ-ერთი მთავარი მოწმეა, რომელიც მკვლელობის უშუალო შემსრულებლებს დანაშაულში ამხელს.
გელა უბილავა წარსულში ნასამართლევია; 2010 წელს ის ხე-ტყის უკნონო შეძენა-ტრანსპორტირებისთვის გაასამართლეს და 3-წლიანი პირობითი სასჯელი დააკისრეს. დახმარება მან მეგობარ ქობალიას სთხოვა, რომელიც სამხედრო პოლიციაში მუშაობდა და კარგი კავშირები ჰქონდა. ქობალია არ დაეხმარა, რადგან მისი თქმით, უბრალო საქმისთვის უფროსობას ვერ შეაწუხებდა.
დავით ძაძუას გაუჩინარება
2011 წელს, თეიმურაზ ქობალიამ გალში ვინმე დავით ძაძუას მოძებნა სთხოვა; უბილავას თქმით, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოში ის მუქარით დაითანხმეს თანამშრომლობაზე.
“ქობალიამ გზაში დამიწყო ლაპარაკი, რომ პირობითი სასჯელის ამბავს მომიგვარებდა, მისი სიტყვებით რომ ვთქვათ საქმეს გამისუფთავებდა. მივედით სამხარეოში, სადაც დამხვდნენ მეგის ქარდავა და კოხტა კოდუა. შეხვედრა იყო მეგისის კაბინეტში. ამ დროს მოიყვანეს ჩემი მეგობარი თორნიკე კვარაცხელიაც. კომპიუტერში ამობეჭდეს სურათი, მოგვცეს მე და კვარაცხელიას და გვითხრეს, ეს პიროვნება გვჭირდებაო, როგორც გინდათ, საიდანაც გინდათ ეს კაცი გალიდან ჩვენთან უნდა აღმოჩნდესო. ეს კაცი იყო დავით ძაძუა, რომელიც აფხაზეთიდან უნდა ჩამომეყვანა ქარდავასთვის. “მუხა” დამპირდა, დაუჯერე მეგისისს და ეს მოგიგვარებს საქმესო. ვიცოდით ვინც იყო მეგის ქარდავა და დავთანხმდით. მოგვცეს ტელეფონები, ჩაგვსვეს პიკაპში, მოგვცეს იარაღი, “სუხოი პაიოკი” და დაგვტოვეს ენგურთან. კვარაცხელია აფხაზეთში ნაომარი ბიჭი იყო, ძალიან მაგრად ისროდა ყველა იარაღიდან და ამიტომაც სცადეს მისი გამოყენება. თორნიკემ მითხრა, სამი დღე ზემოთ სოფელში გავჩერდეთ, დრო გავიყვანოთ, მეგისის კი ვუთხრათ, რომ ვითომ ძაძუა სახლში არ დაგვხვდაო. თურმე, ჩვენი ტელეფონები ისმინებოდა, გაგვიგეს, რომ ვატყუებდით, წაგვიყვანეს სამხარეოში და გვცემეს; კვარაცხელია ისეთი ნაცემი იყო, თვითონ რომ არ ეთქვათ ვინ იყო, ვერ ვიცნობდი. მეგისი ცოფებს ყრიდა, თემურ ქობალიამ დაამშვიდა: კვარაცხელია სულ არ სჭირდება ამას, მარტოც გადმოგვიყვანს იმ კაცსო.
მომცეს ავტომატი და გამიშვეს გალში. ვნახე ძაძუა, დავუახლოვდი და ისე მოვახერხე, რომ ის კაცი ენგურამდე მოვიყვანე. ვუთხარი შენთან შეხვედრა უნდათ და გინდა თუ არა, უნდა შეხვდე, მეც მძიმე დღეში ვარ-თქო.”
უბილავა ყვება, რომ ძაძუას სანაცვლოდ, მეგის ქარდავას კვარაცხელიას გათავისუფლება სთხოვა.
“კვარაცხელია დავიტოვე ჩემთან. ძაძუა ჩაისვეს მანქანაში და მას მერე ამ კაცის შესახებ არაფერი მსმენია. ეს საქმე გამაკეთებინეს, მაგრამ დაპირება არ შეასრულეს და პირობითი არ მომიხსნეს”.
ნორა კვიციანის შვილის საქმე
2012 წლის ზაფხულის დასაწყისში, უბილავას თქმით, თეიმურაზ ქობალიამ მას ახალი დავალება მისცა _ ნორა კვიციანის შვილის ბაჩო არღვლიანის ლიკვიდაცია.
“მუხამ” ისევ სამხარეოში მიმიყვანა მეგის ქარდავასთან და მეუბნებიან, არღვლიანი საფრთხეს წარმოადგენს და უნდა განადგურდესო. ბაჩო არღვლიანი ჩემი აფხაზი მეგობრის ომარ ტარბას უახლოესი მეგობარი იყო და ეს ურთიერთობა უნდა გამომეყენებინა მისი ლიკვიდაციისთვის. ორ პატარა კოლოფში ჩამიდეს ასაფეთქებელი მოწყობილობა და მასწავლეს როგორ იმართებოდა. ასაფეთქებელი უნდა დამეტოვებინა ბაჩოს მანქანაში და ტელეფონის საშუალებით მომეყვანა მოქმედებაში. ყველამ იცის, რომ ბაჩო ნარკომანია, წამალზე იჯდა ტარბაც, ამიტომ მათთვის წამალი გამატანეს. მომცეს ფული, ახალი ტელეფონი და აფხაზური სიმ -ბარათი, რაც სამეგრელოში მომუშავე ყველა სამართალდამცავს აქვს.”
როგორც თავად ამბობს, ასაფეთქებელი მოწყობილობა უბილავამ ტარბას დახმარებით გადაიტანა აფხაზეთში, რადგან ეს უკანასკნელი ავტორიტეტით სარგებლობდა და მის მანქანას არავინ გააჩერებდა. უბილავამ აფხაზ მეგობარს უთხრა, რომ საქართველოში იძებნებოდა და ამიტომ, პასპორტი და რუსეთში სასწრაფოდ გადასვლა სჭირდებოდა. საბოლოოდ, უბილავამ ტარბას სოხუმში ჩასვლის ნამდვილი მიზეზი უთხრა, რამაც ეს უკანასკნელი შოკში ჩააგდო. ბაჩო არღვლიანის ლიკვიდაცია ჩავარდა, უბილავას სამეგრელოში დაბრუნება მოსთხოვეს. კოდუა და ქარდავა ამბობდნენ, “პირველია” გაცოფებული და კაი დღე არ დაგვადგებაო.
გელა უბილავა ყვება, რომ მეგის ქარდავას და კოხტა კოდუას ზუგდიდში რამდენიმე ბინა ჰქონდათ დაქირავებული, ერთ-ერთში შეასახლეს უბილავაც, რომელსაც მეთვალყურედ ქობალია მიუჩინეს. ბაჩო არღვლიანის ლიკვიდაციის საქმეში “მუხამ” უბილავას მეგობარი კვარაცხელიაც ჩართო. ოთხკაციანი ჯგუფი, რომელშიც ვინმე შაფათავა და ერთი აფხაზი შედიოდნენ სოხუმში გაემგზავრა. გეგმის მიხედვით, თუ კვარაცხელია არღვლიანთან ახლოს ვერ მივიდოდა, შორიდან უნდა ესროლა. ხობელი თორნიკე კვარაცხელია, რომელიც აფხაზთან ერთად გაემგზავრა სოხუმში, იმ დღის შემდეგ თვალით არავის უნახავს. არღვლიანის მკვლელობის დაგეგმვა ამით არ დასრულებულა; უბილავა თბილისში ჩამოდის და მეთადონის პროგრამაში ჩართულ ერთ-ერთ აფხაზთან დაახლოებას ცდილობს, რომელიც არღვლიანის მეგობარია. ეს ოპერაცია საბოლოოდ ჩაიშალა, რადგან საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მეგის ქარდავამ მალევე დატოვა საქართველო და როგორც უბილავა ამბობს, მისმა ხელქვეითმა ქობალიამ ყოფილ უფროსზე ნადირობა გამოაცხადა.
ავთო ადუაშვილის საქმე
ბიზნესმენ ავთო ადუაშვილის მკვლელობა უბილავას მტკიცებით მესამე საქმე იყო, რომელიც მეგის ქარდავამ დაავალა. ამ ვერსიას მოკლული ბიზნესმენის ოჯახის მხრიდან უკმაყოფილება მოყვა. ადუაშვილები ფიქრობენ, რომ უბილავა ცრუობს, რადგან ავთო ადუაშვილს არასოდეს ჰქონია ქარდავასთან ურთიერთობა და ბრალდებული მსაჯულებზე ზემოქმედებას ცდილობს.
“2012 წლის აგვისტო იყო; “მუხამ” ჯიპში ჩამსვა, სადაც მეგისი და კოხტა ისხდნენ, მეგისმა თეთრი ფერის “მერსედესის” ფოტო მაჩვენა და მითხრა: ამის პატრონის ლიკვიდაციაა საჭირო, პირობა არ შეასრულა და პასუხი უნდა აგოსო.”
უბილავას ვერსიით, ადუაშვილის მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე, უბილავა, ქობალია და ჩხაპელია თბილისში ხვდებიან ერთმანეთს; უბილავა ამტკიცებს, რომ შეხვედრის მიზეზი ჩხაპელიას მიერ თხილის ბიზნესით დაინტერესება იყო. უბილავას პირადი კონტაქტების წყალობით, ჩხაპელიას აფხაზეთიდან თხილის გადმოტანა არ უნდა გასჭირვებოდა. თავის შვიდსაათიან ჩვენებაში, უბილავამ მკვლელობასთან ყოველგვარი კავშირი უარყო, თუმცა სხვა ბრალდებულებთან ნაცნობობა დაადასტურა. ბრალდებული უბილავა ბიზნესმენის მკვლელობიდან ერთ თვეში დააკავეს. როგორც ეს უკანასკნელი ამბობს, აფხაზეთიდან იმ განზრახვით გადმოვიდა, რომ პოლიციას ჩაბარებოდა, თანაც ქობალია არწმუნებდა, 2 წელზე მეტს არ მოგისჯიანო. ბრალდებულის თქმით, დანაშაულში სოსო პავლიაშვილის მხილების სანაცვლოდ, მას საპროცესო შეთანხმებას დაპირდნენ.
“მე უნდა მეთქვა, რომ ეს ფული მოდიოდა პავლიაშვილისგან. ჩვენებას თვითონ წერდნენ და როგორც ჩანს, თვითონვე დაავიწყდათ ამის ჩაწერა. მეორე დღეს პროკურორი ბიბილაშვილი და ლადო, რომელიც თბილისის სამმართველოში მუშაობს, ციხეში მომივარდნენ, რაც გითხარით ის არ დაგიწერია სოსოზეო. ამ ჩვენებებს ბიბილაშვილის კარნახით წერდნენ და მე რა შუაში ვარ?! მითხრეს, საპროცესოს გაგიფორმებთო. თუ კბილაშვილს მიმართავ განცხადებით და მოითხოვ დაკითხვას სოსო პავლიაშვილთან დაკავშირებით, 2 წელზე მეტს არ ჩაგსვამთო. დავწერე ეს განცხადება, იმედი მქონდა, რომ სასამართლოში ვიტყოდი სიმართლეს.”
დღევანდელ პროცესზე ჩვენებას სოსო პავლიაშვილის სიძე ვახტანგ ჩხაპელია მისცემს. უკვე ცნობილია, რომ ის თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს, თუმცა, მოწმედ დაკითხვის და საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მან ადუაშვილის მკვლელობა აღიარა. პროკურორის შუამდგომლობა ამ აღიარების ვიდეო ჩანაწერის საჯაროდ ჩვენების შესახებ მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. არ დაკმაყოფილდა გელა უბილავას აღიარების ვიდეო ჩანაწერის ჩვენების შუამდგომლობაც, რადგან მას ბრალდებულთა ადვოკატებმა მხარი არ დაუჭირეს.
ტელეკომპანია “იმედის” ფოტო: სასამართლო პროცესზე