რათა საქართველომ, რაც შეიძლება მალე მოახდინოს “იძულებითი გაუჩინარებისგან ყველა პირთა დაცვის შესახებ” კონვენციის რატიფიცირება.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რეზოლუციით, 2006 წლის 20 დეკემბერს მიღებულ იქნა საერთაშორისო ხელშეკრულება “იძულებითი გაუჩინარებისგან ყველა პირთა დაცვის შესახებ”, რომელიც ძალაში 2010 წლის 23 დეკემბერს შევიდა.
ამ საერთაშორისო შეთანხმებას 2013 წლის 30 აგვისტოს მდგომარეობით 93 სახელმწიფომ მოაწერა ხელი. აქედან მისი რატიფიცირება 40-მა სახელმწიფომ უკვე განახორციელა. მათ შორის არ არის საქართველო.
საქართველოში, 1990-იანი წლებიდან დაწყებული, 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტების შემდეგ, არა ერთი პირი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
“გურია ნიუსი” უკვე რამდენიმე წელია მუშაობს უგზო-უვკლოდ გაუჩინარებული ადამიანების თემაზე.
2008 წლის 27 აგვისტოს ზუგდიდში გაუჩინარდა სამხედრო კონტრდაზვერვის თანამშრომელი პაატა ქარდავა; 2012 წლის 19 იანვარს, სოფელ ანაკლიაში გაუჩინარდა სასტუმრო “ანაკლიის” თანამშრომელი გოგიტა აბულაძე; 2012 წლის 13 მაისს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორულში, რამაზ ლატარია, რომელიც საკუთარი სახლის ეზოში დაიკარგა.
ცალკეულ საქმეებზე წლების განმავლობაში მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმის გამოძიება, თუმცა, შედეგი ამ დრომდე არ დამდგარა.
“გურია ნიუსის” კითხვაზე, რატომ მიმართა საქართველოს პრეზიდენტს “იძულებითი გაუჩინარებისგან ყველა პირთა დაცვის შესახებ” კონვენციის რატიფიცირების რეკომენდაციით, სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი პასუხობს:
_ პრობლემა არის სერიოზული. შეიძლება ითქვას, რომ ასეულობით გაუჩინარებული ადამიანია საქართველოში. მახსოვს, როდესაც 2 წლის წინ სტატისტიკა გამოვითხოვეთ, 900-ზე მეტი ადამიანი იყო სიაში. _საუბარია გაუჩინარებულებზე. მათ შორის, ზოგიერთი არის იძულებით გაუჩინარებული, თუნდაც, პაატა ქარდავა. აშკარაა, რომ ეს ადამიანი საკუთარი ნებით არ დამალულა არსად.
ფაქტია, იმ განუკითხაობის ფონზე, რაც არსებობდა ქვეყანაში, ეს პრობლემა არსებობს. შეიძლება ითქვას, რომ დიდი რაოდენობის საქმეებია დაგროვილი. გამოძიება, ფაქტობრივად, ჩიხშია შესული. სწორედ ამიტომ, ჩვენ სპეციალური განცხადება გავავრცელეთ და მოვითხოვეთ, საქართველოში გაეროს სპეციალური კონვენციის რატიფიკაცია მოხდეს. რადგან, ეს კონვენცია ქმნის დამატებით ბერკეტებს იმისთვის, რომ მსგავსი ფაქტები იყოს შესწავლილი, სისტემატიზირებული. მომზადდეს სპეციალური ანგარიში. გაერო იმ შემთხვევაში, როდესაც ქვეყანა გახდება მისი მონაწილე, მთელი რიგი ღონისძიების ჩატარებას მოითხოვს. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანი პრობლემაა.
წლების განმავლობაში ხდებოდა, საუბარია, ომის დროს, ასევე მშვიდობიან დროს მომხდარ გაუჩინარებებზე. სამწუხაროდ, ამის შესახებ ცნობიერებაც კი ძალიან დაბალია. კონვენცია და საერთაშორისო სტანდარტები აღიარებს, რომ აუცილებელი არ არის, ადამიანი გაუჩინარებული იყოს დღეების, ან თვეების განმავლობაში. რამდენიმე საათიც კი ადამიანი თუ არის დაკავებული ისე, რომ მის ახლობლებს, ოჯახის წევრებს არ აქვთ ინფორმაცია და მისი სურვილის წინააღმდეგ, ხდება ეს დაკავება, ეს გაუჩინარებს ტოლფასია.
ამ კუთხით ჩვენთან კანონმდებლობა არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. ვფიქრობ, ძალიან ბევრი რამეა გასაკეთებელი იმისთვის, რომ მომავალში ავიცილოთ და ავირიდოთ მსგავსი პრობლემები.
_ თქვენს წერილს თუ მოჰყვა გამოხმაურება?
_ პროცედურები გაწერილია. პრეზიდენტი რატიფიკაციის ინიციატივით უნდა გამოვიდეს. წერილი პრეზიდენტის ადმინისტრაციაშია გაგზავნილი. ჯერ-ჯერობით, არ არის პასუხი. იმედი მაქვს, რომ უახლოესი დღეების განმავლობაში გამოგვეხმაურებიან.