შარშანდელმა წვიმიანმა ზაფხულმა ძალიან შეუშალა ხელი მოსახლეობას სასოფლო სამუშაოების შესრულებაში, განსაკუთრებით კი იმ მეურნეებს, რომლებიც მცირე სასათბურე მეურნეობებს აწარმოებენ და სეზონურად ლუკმა-პურს ასე შოულობენ.
ახლა ჩითილების გადარგვის და ყიდვა-გაყიდვის პერიოდია და მიუხედავად იმისა, რომ მშრომელი კაცის მძიმე ეკონომიკურ ყოფას ამინდმაც უჟმურად შეუტია, ადამიანები თავს ძალას ატანენ და საკუთარ ბაღ-ბოსტანში დილიდან საღამომდე, თავდახრილი შრომობენ.
ოზურგეთში, სოფელ წითელმთის მკვიდრი მზია და ლადო ჯინჭარაძეების ოჯახი ჩითილების გამოყვანით არის დასაქმებული. მათი სათბური თვითნაკეთია, უფულო, მაგრამ ფუტკარივით მშრომელი კაცის მიერ შეკოწიწებული. აქ ყველაფერს აკურატული იერი დაჰკრავს _ ფართო მწკრივებად დაყოფილ მიწის ფართობზე პატარა აგრარული სამყაროა წარმოდგენილი. ნახევარრგოლებად მოდრეკილი მსხვილი წნელის რკალები, თანაბარი დაშორებით, მყარად არის მიწაში ჩამაგრებული და სიგრძივად ცელოფანი აქვს გადაფარებული, შიგნით კი ნაირ-ნაირი ჩითილების “ჯეჯილი” ხასხასებს. ზოგ რიგში გადარგული ჩითილების ჯარი დგას, რათა ღერო გაუძლიერდეს და გამსხვილდეს. როგორც ბატონი ლადო ამბობს, ასე უფრო იყიდება.
ჩითილების გამოსაყვანად ოჯახი სპეციალურად ამზადებს მიწის და სხვადასხვა მინერალური სასუქის ნაზავს.
_ ნერგი რომ საუკეთესო იყოს, საუკეთესო მიწაზე უნდა დარგო, _ გვიამბობს ცოლ-ქმარი, _ ძალიან კარგია სამი წილი მიწა და ორი წილი ნაკელი. ასე შეზავებულ მიწას გავცრით და მოვათავსებთ მთელ ფართობზე. მერე კალიუმისა და ფოსფორის სასუქის თხელ ფენას მოვაყრით და კვლავ მიწის და ნაკელის ნაზავით დავფარავთ. ამის შემდეგ ვთესავთ ბოსტნეულს. დღეში ორჯერ ვრწყავთ _ დილა-საღამოს. საოცარი ის არის, რომ ბალახი მაინც უფრო ჩქარა და უფრო მეტი ამოდის, ვიდრე ბოსტნეული. წვალებაა, მაგრამ რა ვქნათ? გასაყიდად მომზადებული ჩითილები ჩვენ თვითონ მიგვაქვს ბაზარში და ვყიდით.
ლადო ჯინჭარაძეს დიდი სურვილი აქვს, სათბური უფრო მეტ ფართობზე ჰქონდეს გაკეთებული, მაგრამ საამისოდ 1 000 ლარი მაინც სჭირდება:
_ ამ რაოდენობის თანხა რომ მქონდეს, მეტად გავიმართებოდი წელში და ორ-სამ კაცსაც დავასაქმებდი, _ ამბობს იგი და ძალიან ემადლიერება სოფლის გამგებელს ლაშა ლომაძეს, _ სანამ გამგებელი გახდებოდა, მანამდეც არაჩვეულებრივი ადამიანი იყო. საკუთარი ტრაქტორი ჰყავს, საწვავს კი ვუსხამთ და თანასოფლელებს საყანეების დახვნაში გვეხმარება ყოველგვარი გასამრჯელოს გარეშე. ნერგების სეზონის გასვლის შემდეგ, სიმინდის იმედად ვართ და იგი გვერდით გვიდგას. ახლა კი ფინანსების მოზიდვაზე ვფიქრობ და თანადგომას მპირდება. ხომ შეიძლება ამ ღვთისნიერ კაცზეც დაწეროთ?
ლადოსა და მზიას შრომაში ძალიან ეხმარებიან შვილები _ 10 წლის გურამი და 14 წლის ანა. ბავშვებსაც ძალიან სურთ, მშობლებს მეტი ფინანსური საშუალება ჰქონდეთ, რათა სათბური ტერიტორიულად გაზარდონ, მცენარისთვისაც და მომვლელისთვისაც უფრო კომფორტული გახადონ და აქედან გამომდინარე, ოჯახი ეკონომიკურად გააძლიერონ.
ჯინჭარაძეებს ბანკ “კრედოში” 1 000 ლარი სესხად აუღიათ და სწორედ ამ თანხის მეშვეობით შეძლეს ამ სეზონზე სულის მოთქმა.
_ “ტაოპრივატბანკშიც” მოვითხოვეთ 1000-ლარიანი კრედიტი, მაგრამ მხოლოდ 150 ლარი მოგვცეს, _ ამბობს ბატონი ლადო.
მის კარ-მიდამოს გვერდით მოზრდილი ღელე ჩამოუდის, რაც გვალვიან ზაფხულში მეურნე ოჯახისთვის არსებობის ტოლფასია. ქალბატონი მზია ამბობს კიდეც, რომ ამ წყალს მათი ოჯახისთვის მაცოცხლებელი ძალა აქვს.
ჩითილების გამოყვანისა და გაყიდვის სეზონი სულ ორ თვეს ან ცოტა მეტ ხანს გრძელდება. ოჯახის საშუალო შემოსავალი ამ დროის მანძილზე, საშუალოდ 3 000 ლარია. თუმცა, ეს მათთვის მთელი წლის შემოსავალიცაა და მომჭირნედ ანაწილებენ 12 თვეზე.
მიუხედავად იმისა, რომ გაზეთი “კარმიდამო ჩემი” სპეციფიკური ფორმატისა და შინაარსისაა, ჩვენ გვსურს, ერთი კითხვა მაინც დავუსვათ ჩვენს ხელფასმაღალ და პრემიამოჭარბებულ ხელისუფლებას: ლადო ჯინჭარაძის ოჯახი მცირე გრანტსა და 1000-ლარიან სესხზე ოცნებობს. ასეთი მეურნე საქართველოში უამრავია. შეგიძლიათ თუ არა, გამოიჩინოთ ინიციატივა და მხოლოდ ერთხელ (ოღონდ, არა _ ძილში) სოლიდურ პრემიებზე უარი თქვათ და ასეთ მეურნეებს ქველმოქმედების სახით გადასცეთ? მათი ვინაობისა და საქმიანობის შესახებ უტყუარ მასალას კი ჩვენ მოგაწვდით.