სასწავლებლის დამფუძნებლის, ანსამბლ “შავნაბადას” ხელმძღვანელის, დათო ცინცაძის თქმით, სასწავლებელში მოზარდების მოხვედრა მათ სურვილსა და მონაცემებზეა დამოკიდებული.
_ არ არსებობს აღზრდაზე უმაღლესი ხელოვნება. საზოგადოების განვითარების ყველა საფეხურზე აღზრდის ტრადიციაში ხედავდნენ ოჯახისა და საზოგადოების ძლიერების საფუძველს. “სკოლა” საგანმანათლებლო სისტემას და სამხატვრო სახეს ნიშნავს. ჩვენი სასწავლებელი ორივე მნიშვნელობას აკმაყოფილებს _ ერთის მხრივ, საგანმანათლებლო-საგაკვეთილო პროცესს და მეორე _ ჩვენი სამხატვრო სახე გურული სასიმღერო კულტურაა.
სკოლაში სწავლის პერიოდი 2 წელიწადს მოიცავს. შეისწავლება შემდეგი საგნები: სიმღერა, გალობა, საკრავები, სოლფეჯიო, ხალხური მუსიკის ისტორია და ლოტბარობა. ყოველი სემესტრის ბოლოს მოსწავლეებს ჩაუტარდებათ გამოცდები, რომლის შედეგებიც გადაეცემა თბილისის გიორგი მთაწმინდელის სიმღერა-გალობის უმაღლეს სასწავლებელს. ეს სასწავლებელი 2005 წელს შეიქმნა და აკრედიტირებულ უმაღლეს სასწავლებელს წარმოადგენს. სასწავლებელის კურსდამთავრებულები ეუფლებიან შემდეგ სპეციალობებს: რეგენტი, ლოტბარ-რეგენტი, ლოტბარი, მგალობელი, მომღერალი და მგალობელ-მომღერალი.
ხალხური სიმღერის სასწავლებლის დასრულების შემდეგ, კურსამთავრებულებს, რომლებსაც სურვილი ექნებათ ამ მიმართულებით განაგრძონ მოღვაწეობა, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მხოლოდ ქართულისა და ისტორიის ჩაბარება მოუწევთ და დაგროვილი ქულების მინიმალური რაოდენობით ისინი, უგამოცდოდ ჩაირიცხებიან თბილისის გიორგი მთაწმინდელის სიმღერა-გალობის უმაღლეს სასწავლებელში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მათ აღარ მოუწევთ იმ სირთულის გადალახვა, რასაც წარმოადგენს თბილისის სიმღერა-გალობის უმაღლესი სასწავლებლის მისაღებ გამოცდებზე გასვლა, რომელსაც ესწრებიან: ანზორ ერქომაიშვილი, მეუფე იოანე, ვანო ჩხარტიშვილი, სასულიერო აკადემიის რექტორი _ გიორგი ზვიადაძე, ანჩისხატის მგალობელთა გუნდის ხელმძღვანელი _ მალხაზ ერქვანიძე, სამების საპატრიარქოს საკათედრო ტაძრის გუნდის ხელმძღვანელები: სვიმონ ჯანგულაშვილი, გიორგი დონაძე, კონსერვატორიის გალობის კათედრის ხელმძღვანელი: მ. სუხიაშვილი, ეთნომუსიკოლოგები და ფოლკლორისტები, მუსიკათმცოდნეები და თეოლოგები. ეს ადამიანები ნდობას უცხადებენ ჩოხატაურში ჩატარებულ გამოცდებს. ჩოხატაურის სასწავლებლიდან წარგზავნილი სტუდენტები თბილისში უფასოდ ისწავლიან, მათ შორის წარჩინებული კი უზრუნველყოფილი იქნება საცხოვრებელი ფართით, კვებით და სამგზავრო პირობებით. აღსანიშნავი ფაქტია, რომ თბილისის სიმღერა-გალობის უმაღლესი სასწავლებლები სტუდენტებს ათავისუფლებს სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან. 4 წლის შემდეგ, ანუ მაშინ., როდესაც სტუდენტი დაასრულებს სწავლას უმაღლეს სასწავლებელში, ბაკალავრის დიპლომით მას შეეძლება დასაქმება ადგილობრივ მუნიციპალიტეტსა და ეპარქიებში, ამას თავად უმაღლეს სასწავლებელი უზრუნველყოფს. უმაღლესი სასწავლებლის კურსდამთავრებულს სწავლა შეუძლია, გააგრძელოს სამეცნიერო კუთხითაც. სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევითა და ფონდი ქართული გალობის ინიციატივით, კურსდამთავრებულები, რომლებიც საკუთარ რაიონებში დაბრუნების შემდეგ განაგრძობენ პროფესიულ საქმიანობას, დაენიშნებათ ხელფასი 500 ლარის ოდენობით და მას მიიღებენ 5 წლის განმავლობაში. გასახარია, რომ ჩვენი კურსდამთავრებულები, ერთ-ერთი პირველები იქნებიან, ვისაც ექნებათ სახელმწიფო ფოლკლორული ანსამბლებისა და საკათედრო ტაძრების რეგენტ-ლოტბარობის იურიდიული და კვალიფიციური უფლება.
აქვე გავიხსენოთ ისიც, რომ უახლოეს ისტორიაში არსებობენ ადამიანები, რომლებიც წმინდანებად სწორედ ასეთი ღირსეული საქმიანობისთვის შეირაცხნენ (ფილიმონ ქორიძე, ძმები კარბელაშვილები, ექვთიმე კერესელიძე), _ ამბობს ჩვენთან საუბრისას ცინცაძე.
როგორც სალოტბარო სკოლის დამაარსებელმა გვითხრა, სკოლაში სწავლა უფასო იქნება:
_ ადგილობრივი ხელისუფლების და განსაკუთრებით ჩოხატაურის გამგებლის თამაზ ჯინჭარაძის თანადგომით სწავლა უფასო იქნება და ეს ძალიან მახარებს, _ დასძინა ცინცაძემ.