ჩვენი უფლებების დაცვის ერთადერთ იმედად, თქვენდამი მომართვის საჯარო ფორმას ვარჩევთ.
მოგახსენებთ, რომ ჩვენი უფლებები ჯერ კიდევ მაშინ დაირღვა, როდესაც სახელმწიფო თეატრებისთვის სამხატვრო ხელმძღვანელების შესარჩევი სარეკომენდაციო საბჭო დაკომპლექტდა არა თეატრის დასთან შეთანხმებით (როგორც ამას კანონი ითვალისწინებდა), არამედ უშუალოდ თეატრის მმართველის პირადი ინტერესებიდან გამომდინარე ერთპიროვნული გადაწყვეტილებით.
თეატრის დასმა ერთსულოვანი მხარდაჭერა გამოვუცხადეთ რეჟისორ თამაზ იმნაძეს და დასის 19 წევრიდან 16-მა წარვადგინეთ სამხატვრო ხელმძღვანელის კანდიდატად (აქვე აღვნიშნავთ, რომ დარჩენილი 3 მსახიობიდან ერთი _ მმართველის ოჯახის წევრია, მეორე _ თეატრიდან სხვა სამსახურში გადასული ჟურნალისტი, ხოლო მესამემ ნეიტრალური პოზიცია დაიკავა.) მაგრამ სარეკომენდაციო საბჭომ არ გაითვალისწინა ჩვენი სურვილი და რეკომენდაცია გაუწია მეორე კანდიდატს _ თეატრის ყოფილ მმართველს, ქალბატონ ლია სულუაშვილს, რომელმაც თეატრში მრავალწლიანი მოღვაწეობის მიუხედავად, 5 ხმაც კი ვერ მოაგროვა და სამხატვრო ხელმძღვანელობის კანდიდატად თეატრალური უნივერსიტეტიდან წარსდგა, რომელიც დამთავრებულიც კი არ აქვს (სამწუხაროდ, მას არც სხვა უმაღლესი სახელოვნებო სასწავლებლის დიპლომი გააჩნია). სარეკომენდაციო საბჭომ არჩევანი ისტორიაზე _ ლია სულუაშვილის წარსულ სამსახიობო დამსახურებაზე გააკეთა და არა რეალობაზე _თეატრის წინაშე არსებულ პრობლემებზე, ცვლილებების გატარების აუცილებლობასა და იმ გამოწვევებზე, რომელიც მესხეთის თეატრისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
აქვე გაცნობებთ, რომ სარეკომენდაციო საბჭოს მიერ ახალციხის საკრებულოსა და გამგეობაში განსახილველად გამოგზავნილ ლია სულუაშვილის კანდიდატურაზე ადგილობრივმა ხელისუფლებამ, თეატრის დასის აზრის გათვალისწინებით, პასუხისმგებლობა ვერ აიღო და საბოლოო ვერდიქტის გამოსატანად ისევ კულტურის სამინისტროს გადმოუგზავნა. სხვათაშორის, მესხეთის თეატრი, რეგიონების სხვა თეატრებისგან განსხვავებით, ერთადერთია, რომელიც არა ადგილობრივი ხელისუფლების, არამედ უშუალოდ კულტურის სამინისტროს ბიუჯეტზეა და შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღების ვალდებულებაც მას ეკუთვნის.
ბატონო მინისტრო, გვინდა გაცნობოთ, რომ სარეკომენდაციო საბჭოს წევრებისა და სამხატვრო ხელმძღვანელობის კანდიდატ, მსახიობ ლია სულუაშვილისადმი ღრმა პატივისცემის მიუხედავად, ჩვენი შეხედულებები თეატრის განვითარებასა და პერსპექტივებზე, მკვეთრად განსხვავებულია, ამიტომ ჩვენ მასთან, სამხატვრო ხელმძღვანელის რანგში, მუშაობას ვერ მოვახერხებთ.
მესხეთის თეატრის მსახიობები იმედს ვიტოვებთ, რომ თქვენ, ჩვენი აზრის გათვალისწინებით, სწორ და ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებთ და ამით ახალციხის თეატრალური პროცესების მსვლელობას სწორ მიმართულებას მისცემთ.