სირიიდან საქართველოში 18 მოქალაქე დაბრუნდება, რომლებმაც დახმარების თხოვნით საგარეო უწყებას მიმართეს.
_ 2013 წლის 29 აგვისტოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის ცნობილი გახდა, რომ სირიის არაბთა რესპუბლიკაში იმყოფებიან საქართველოს მოქალაქეები. 30 აგვისტოს საქართველოს 18 მოქალაქემ განაცხადა თანხმობა სამშობლოში დაბრუნებაზე და ითხოვა დახმარება, ქ. ბეირუთიდან ქ. თბილისის მიმართულებით ბილეთების შეძენაში.
30 აგვისტოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს მოქალაქეებისთვის შეიძინა 2013 წლის 1 სექტემბრით დათარიღებული ავიაბილეთები ბეირუთი-ქაირო-თბილისის მიმართულებით, თუმცა მათ თავი შეიკავეს 1 სექტემბერს გამომგზავრებისგან. სამინისტრომ ბილეთები ამჯერად 5 სექტემბრისთვის დაჯავშნა, თუმცა სირიის დატოვებაზე მოქალაქეებისგან კვლავ უარი მიიღო, რამაც ორგანიზაციული სახის სირთულეები შეუქმნა საგარეო უწყებას.
მიუხედავად ამისა, სამინისტრომ და საქართველოს საელჩომ ქ. კაიროში, მაქსიმალურად გამოიყენა დახმარების დროულად აღმოჩენისთვის არსებული ყველა რესურსი და შედეგად, საქართველოს მოქალაქეები 8 სექტემბერს საქართველოში გამოემგზავრებიან, _აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.