ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოზურგეთელი ნონა ბლაგიძე ერთერთი იმათგანია, ვის საცხოვრებელ სახლსაც 1 სექტემბრს ღამით ამოვარდნილ ძლიერმა ქარმა, ისედაც ავარიულ მდგომარეობაში მყოფი საცხოვრებელი სახლის, ე.წ.“ქოხის“ სახურავი სულ გადახადა. წუხელ ნონამ და მისი ოჯახის წევრებმა ღია ცის ქვეშ გაათენეს. მათ დახმარებისთვის „ გურია ნიუსს“ მიმართეს.
_ თქვენი თვალითაც ხედავთ რა დღეში და რა პირობებში ვართ, როგორც გარეთ, ისე წვიმს შიგნით, სულ გამინადგურდა ყველაფერი, აღარც დასაწოლი გვაქვს. 50 წლის ქვრივი ქალი ვარ, 26 წლის შვილი მიწაში მიწევს, 5 შვილის პატრონი დედა ვარ, იქნებ თქვენი მეშვეობით გაიგონ ცოტა ზევით, რომ ასეთი გაჭირვებული ძალიან ბევრი ცხოვრობს ოზურგეთში, ვინც ხელსუფლებისიგან დახმარებას მართლაც საჭიროებს, მაგრამ რატომღაც არ ეხმარებიან.
_ვცხოვრობ ორ ოთახიან ქოხში, რამდენიმე წელია ვითხოვ დახმარებას, წინასაარჩევნოდ წინა ხელისუფლებამ მომიტანა რამდენიმე ცალი მეორადი შიფერი, რომელიც ისედაც ავარიული იყო და ახლა სტიქიის დროს სულ ჩამოყარა ქარმა და დაამსხვრია. დავრჩით ღია ცის ქვეშ ვართ, ტაშტებთ, ბანკებით დავრბივართ. ისედაც ვერ ვარ ჯანმრთელი ქალი, რამდენიმე თვის წინ თირკმელების ანთება მქონდა ძალიან მძიმე ფორმით, მჭირდებოდა უამრავი წამალი, მივმართე გამგეობას, ერთჯერადი დახმარებისთვის, სადაც წამლების თანხას ვითხოვდი, მაგრამ არაფერი, უარით გამომისტუმრეს, არ გვაქვს 100 ლარის დახმარების საშუალებაო, ასე შეიძლება? ახალი ხელისუფლების იმედი მქონდა და ასეა ბევრი, ნუთუ არავის აღარ უნდა ირწმუნო? ჩვენნაირ გაჭირვებულებს რომ არ დაეხმარებიან, რაა 100 ლარი, მაგათთვის ხომ შეიძლება და არის ყველაფერი?
_ მოვიდა რწმუნებული რამდენიმეჯერ, ის კი მაქცევს ყურადღებას, დარბის ყველა გაწვიმებაზე, იმ ღამეს ლამის გაატენა ჩვენთან ერთად, ძალიან შეწუხებულია, მაგრამ რა ქნას სოფლის რწმუნებულმა? ახლა ბრიზენტი მოგვიტანა რამდენიმე დღე გადახურეთო, მერე რა უნდა ვქნათ? გვითხრა გამგებე ლი საქმის კურსშიაო და მეტი დახმარება არ შემიძლია. ახლა მინდა მივმართო გამგებელს, მოვიდეს თვითონ და ნახოს, შეამოწმოს შეიძლება თუ არა ასეთ ქოხში, სადაც როგორც გარეთ ისე წვიმს, გავძლოთ? ასე გაუსაძლისად ცხოვრება მეტი აღარ შეიძლება! თუ არ დაგვეხმარნენ ამ ზამთარში ჩვენ იძულებული ვიქნებით სხვა ზომებს მივმართოთ, _განაცხადა ნონა ბლაგიძემ “გურია ნიუსთან“.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოზურგეთის რწმუნებული ვალერიან ჯინჭარაძე “ გურია ნიუსთან“ აღნიშნავს, რომ მის ძალებს რაც შეეძლო ამ ოჯახს ყველანაირად დაეხმარა.
_ მე მეტი საშუალება არ მაქვს, ახლა მივუტანე ბრიზენტი, ძალიან გაჭირვებულები არიან და ნამდვილად სჭირდებათ დახმარება. მიტანილი მაქვს გამგეობაში განცხადებები, შედგენილია აქტი და ველოდები, რომ და ეხმარებიან, _განაცხადა ჯინჭარაძემ.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახური აღნიშნულ ოჯახთან დაკავშირებით ასეთ კომენტარს აკეთებს:
_სოფელ ოზურგეთის რწმუნებულმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას შუამდგომლობით მომართა სოფ. ოზურგეთში მცხოვრები ნონა ბლაგიძისათის დახმარების საკითხზე, რომელსაც 1 სექტემბრის სტიქიის შედეგად სახლი დაუზიანდა. ნონა ბლაგიძე 1 სექტემბრის სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახთა ბაზაში იმყოფება, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს უკვე გადაუგზავნა, რათა დაზარალებულთა დასახმარებლად თანხის გამოყოფა მოხდეს. რაც შეეხება მეორე საკითხს, იმისათვის რომ მუნიციპალიტეტის გამგეობას ნონა ბლაგიძისათვის ერთჯერადი დახმარება გაეწია, მას დოკუმენტაცია სრულყოფილად უნდა წარმოედგინა, _ აცხადებს ნინო სალუქვაძე.
თუმცა, როგორც ნონა ბლაგიძემ “ გურია ნიუსთან“ საუბარში აღნიშნა, მას ერთჯერადი დახმარებისთვის ყველა სახის დოკუმენტაცია ჰქონდა წარდგენილი.