და აღნიშნავს, რომ თამბაქოს მავნე ზეგავლენის გამო საქართველოში წელიწადში 11 000 ადამიანი იღუპება.
ხუნდაძე ამბობს, რომ აქციზის გაძვირება 10%-ით მოხდება და ეს ეტაპობრივი პროცესი იქნება. კანონში შესატანი ცვლილებები მზადდება, რომელსაც ჯანდაცვის კომიტეტი მალე განიხილავს. სავარაუდოდ, შემცირდება მოსაწევი ადგილების რაოდენობა საზოგადოებრივი დაწესებულებებში, ასევე აიკრძალება თამბაქოს გაყიდვა იმ ადგილებში, სადაც ახლოა საბავშვო დაწესებულებები და აიკრძალება ყველა სახის რეკლამა. სტატისტიკის თანახმად, საქართველოში წლის განმავლობაში 10 მილიონი ღერი სიგარეტი იყიდება, რასაც ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე არასახარბიელოდ მიიჩნევს.
“სტატისტიკა არასახარბიელოა _ საქართველოში წელიწადში თამბაქოს მავნე ზეგავლენით გამოწვეული დაავადებებით 11 000 ადამიანი იღუპება. აქედან 3 000 პასიური მწეველი. ასევე ბაზარზეც არასახარბიელო მდგომარეობაა _ წლის განმავლობაში 10 მილიონი ღერი სიგარეტი იყიდება. ასე რომ, ამ მხრივ მოსახლეობა გარკვეული საფრთხის წინაშეა თამბაქოს გამო და საჭიროა მივიღოთ გარკვეული ზომები. ასევე, გვაქვს საერთაშორისო ვალდებულება _ 2004 წელს ხელი მოეწერა საერთაშორისო კონვენციას, რომლის რატიფიცირება 2006 წელს მოხდა და ეს კონვენციაც გარკვეულ ვალდებულებებს გვაკისრებს _ მკაცრად უნდა განისაზღვროს მოწევის ადგილები, შეიზღუდოს იმ ადგილების რაოდენობა, სადაც მოწევაა დაშვებული. ასევე, უნდა მოხდეს რეგულაცია, რომ არ იყიდებოდეს იმ ადგილებში, სადაც ახლოსაა არასრულწლოვანთა სასწავლო დაწესებულებები. უნდა აიკრძალოს ყველა სახის რეკლამა. აქციზის მატება უნდა იყოს მცირედი, მაგრამ ეტაპობრივად, ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს, რომ თამბაქო არ იყოს ადვილად ხელმისაწვდომი. მომზადებულია საკანონმდებლო ცვლილება, რომელზეც იმუშავა კომისიამ, განსაზღვრა სტრატეგია და მუხლობრივი ცვლილებები. ველოდებით, რომ კომიტეტში შემოვიდეს ეს ცვლილებები განსახილველად. აქციზი გაიზრდება 10-% ით და ეს არ ხდება იმიტომ, რომ ბიუჯეტი შეივსოს. აქცენტი არის ნაკლებ ხელმისაწვდომობაზე,” _ განაცხადა ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ.