რის მიხედვითაც, ზოგიერთ მათგან მაღალი რისკფაქტორების პაციენტის მიღება აღარ შეეძლებათ.
აღნიშნული ინიციატივა, მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც ბოლო პერიოდში მშობიარე ქალებისა და ჩვილ ბავშვთა გარდაცვალების შემთხვევებმა იმატა. ასევე, გაიზარდა იმ ექიმების რიცხვიც, რომელთაც გარდაცვლილის ოჯახის წევრები არაპროფესიონალიზმში სდებენ ბრალს.
ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, საქართველოში ხუთ წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობა ყველაზე მაღალი 1990-1999 წლებში დაფიქსირდა. ამ წლების მონაცემებზე დაყრდნობით, ეს რიცხვი 45-ს შეადგენდა. 2000-2004 წლებში ეს მაჩვენებელი თითქმის განახევრდა და 25 შეადგინა, ხოლო 2005-2009 წლებში 16-მდე შემცირდა.
“იუნისეფის” კვლევის თანახმად, საქართველო, 5 წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობით, 44 ქვეყანას შორის 42 ადგილზეა. ამ მაჩვენებლით საქართველოს მხოლოდ აზერბაიჯანი და ყაზახეთი ჩამორჩება.
რაც შეეხება 2013 წლის მონაცემებს, აპრილში ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი წინა მონაცემებთან შედარებით მესამედით იყო გაზრდილი. თუ მანამდე ყოველ 10 000 ახალშობილზე 19-20 ახალშობილი იღუპებოდა, ბოლოდროინდელი მონაცემებით ეს რიცხვი 30-მდე გაიზარდა.
ცნობილი არაა, როგორი მდგომარეობაა უკანასკნელი 6 თვის მანძილზე, თუმცა, როგორც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მარიამ ჯაში აცხადებს, ეს მონაცემები უკვე შეჯერებულია და 12 სექტემბერს სამინისტროს წარმომადგენლები სამშობიარო სახლების ხელმძღვანელებთან შეხვედრას გამართავენ, სადაც დედათა და ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობის ბოლო 6 თვის სტატისტიკურ მონაცემებს და მათ მიზეზებს განიხილავენ.
სწორედ, აღნიშნული სტატისტიკის გათვალისწინებით, სამშობიარო სახლებს დონეები განესაზღვრებათ, რის მიხედვითაც მათ მაღალი რისკფაქტორების პაციენტის მიღება აღარ შეეძლებათ.
მისივე თქმით, ადმინისტრაციულ სტატისტიკურ მონაცემებსა და სამინისტროში ოპერატიულად შემოსულ ინფორმაციას შორის, მნიშვნელოვანი სხვაობაა: “სხვადასხვა სამშობიარო სახლებს კრიტერიუმები დაუმტკიცდება, რომელიც მოგვცემს იმის საშუალებას, რომ საქართველოს მასშტაბით ზუსტად გვქონდეს განსაზღვრული, რომელ სამშობიარო სახლს რა რისკის შემცველი პაციენტის მიღების შესაძლებლობა აქვს. თუ კონკრეტულად რომელიმეს არ ექნება მაღალი რისკის ორსულის და ჩვილის მართვის უნარი, დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს პაციენტის სხვაგან გადაყვანა,” _ აღნიშნავს ჯაში.
აღნიშნულ ინიციატივას დადებითად აფასებს მედიცინის მუშაკთა პროფესიული კავშირის პრეზიდენტი ჯონი ჯანაშია და აღნიშნავს, რომ ამ ინიციატივასთან ერთად აუცილებელია ამუშავდეს პრევენციული მედიცინაც; “თუ დღევანდელი რეალობა გვიჩვენებს, რომ ყველა სამშობიაროს არ შეუძლია მაღალი დონის მომსახურება. ეს გამართლებულიცაა და ვეთანხმები ამ ინიციატივას. თუმცა, ვფიქრობ, რომ აუცილებელია ამ ინიციატივასთან ერთად ამუშავდეს პრევენციული მედიცინა. ანუ, სანამ სამშობიარომდე მივა პაციენტი, ის უნდა იყოს ისეთ დონემდე გამოკვლეული, რომ ამ გამოკვლევებს მოსალოდნელ გართულებებზე პირდაპირი პასუხის თქმა შეეძლოთ,” _ ამბობს “გურია ნიუსთან” საუბრისას ჯანაშია.