უცვლელად გთავაზობთ გიგი უგულავას კომენტარს, რომელიც მისი პრესსამსახურის მეშვეობით გავრცელდა: “პირველი ოქტომბრის მერე ვისაც არ ეზარებოდა თბილისის მერიასა და გამგეობაში ყველა მაკონტროლებელი შემოვიდა. ვისაც ისევ ვიმეორებ არ ეზარებოდა, იმიტომ, რომ დაწყებული კონტროლის პალატიდან და დამთავრებული პროკურატურით კაცი აღარ დარჩა, ვინც არ დაიკითხა, დოკუმენტი არ დარჩა რაც არ წაუღიათ, აი ესე ბადით თევზაობას დაემსგავსა ეს გამოძიება. ამიტომ, ახლა საკრებულოს სარევიზიო კომისია, რომელიც პირდაპირ პოლიტიკური ინსტრუმენტია ახალი უმრავლესობის საკრებულოში შემოვა თუ გავა ამას არსებითი მნიშვნელობა არა აქვს. ის ვერც არსებით რამეს მოიტანს და ის წინასწარვე პოლიტიკურად მოტივირებულია, რომ არაფერი ვთქვათ მის კომპეტენციის ხარისხზე. რა თქმა უნდა ეს უკავშირდება სამწუხაროდ იმ გადაწყვეტილებას, იმ არაკომპეტენტურ დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებას, რომელიც საკრებულომ მიიღო. მე ვგულისხმობ ამხანაგობების პროგრამების შეჩერებას. ამით მათ სილა გააწნეს უამრავ თბილისელს, რომელიც კორპუსში ცხოვრობს, რომელსაც პრობლემები აქვს და რომლის პრობლემების ეფექტური მოგვარების საშუალება არის ეს. მათი არგუმენტი უსუსურია, თითქოსდა ნაციონალური მოძრაობის კოორდინატორები არიან ისინი, სიმართლე გითხრათ, არავის კოორდინატორები ისინი არ არიან, ისინი არიან ჩვეულებრივი მოქალაქეები, რომელიც კორპუსმა აირჩია და შესაბამისად აი ამ პროგრამების განხორციელებისთვის იღებდნენ ძალიან მცირე, დაახლოებით 100 ლარ ანაზღაურებას. არსებობს გამოთქმა და ჭკვიანი ადამიანი, თუ ჭკვიანი პარტია თუ ჭკვიანი ჯგუფი ამ გამოთქმით იხელმძღვანელებდა, რომ ნაბან წყალს ბავშვი არ უნდა გადააყოლო. არ გაითვალისწინეს მათ ჩვენი მოსაზრებები და შედეგიც მივიღეთ ის, რომ პრაქტიკულად მოგვიწევს შეწყვეტა დაფინანსების ლიფტების, სახურავების, შიდა კომუნიკაციების, სადარბაზოების კეთილმოწყობის და ა.შ. სამწუხაროდ ჯერჯერობით ვერაფერს ვეღარ გააკეთებს საკრებულო, იმიტომ, რომ საბიუჯეტო ცვლილება ნოემბრამდე აკრძალულია. იმის გამო, რომ საპრეზიდენტო არჩევნებია. პასუხისმგებლობა ბუნებრივია თავიდან ბოლომდე ეკისრება პირადად საკრებულოს თავმჯდომარეს და ასევე იმ 24 ადამიანს, ვინც ამ გადაწყვეტილებას დაუჭირა მხარი. მათი არგუმენტი აბსოლუტურად უსუსურია, თითქოს მერიის მიერ წარდგენილ ბიუჯეტში იყო ეს. ბუნებრივია ჩვენს მიერ წარდგენილი ბიუჯეტი იყო, მაგრამ ვიცოდით რა, რომ შეიძლება ბიუჯეტი ჩავარდნილიყო და საერთოდ საბავშვო ბაღების და ყველაფრის პარალიზება მომხდარიყო, ამიტომ ჩვენ იძულებული ვიყავით დავთანხმებოდით ამას, მაგრამ ასევე გავაფრთხილეთ იმ შედეგებზე, რომელიც დადგებოდა. შედეგი იქნება ძალიან სავალალო და უნდა სამწუხაროდ ვაღიაროთ, რომ ამ თავხედურმა და აღვირახსნილმა არაკომპეტენტურობამ, კიდევ ერთხელ დააზარალა თბილისელების ინტერესი”, _ ნათქვამია პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ მასალაში, რომელიც ყოველგვარი ჩასწორების გარეშე შემოგთავაზეთ.