_ სხდომამ სამუშაო საათებს გადააჭარბა და სპეციალური განკარგულებაც კი მივიღეთ, რომ არასამუშაო დრო გამოგვეყენებინა. საკმაოდ მაღალი კონკურსი იყო, განცხადება 529 ადამიანს ჰქონდა შემოტანილი და თითოეულს კანონის სრული დაცვით ეყარა კენჭი, – აღნიშნა ნაკაიძემ, რომლის თქმით, საოლქო საარჩევნო კომისიის თითოეულ წევრს სპეციალური ფორმა გადაეცა, სადაც ისინი კონკურსანტებს ხმას აძლევდნენ:
– ამის შემდეგ პროგრამით ითვლებოდა ხმები და ასე ხდებოდა გამარჯვებულის გამოვლენა, – აღნიშნა ნაკაიძემ.
ჩვენს შეკითხვას, რაიმე სახის ზეწოლა ხომ არ ყოფილა საოლქოს რომელიმე წევრზე ზვიად ნაკაიძემ გვიპასუხა, რომ ასეთი რამ ლანჩხუთში ნამდვილად არ დაფიქსირებულა და მას პარტიული სუბიექტის მიერ წარმოდგენილ არც ერთ წევრზე რაიმე ზეწოლის მსგავსი არ შეუნიშნავს.
ლანჩხუთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ჩვენთან საუბარში თქვა, რომ მაქსიმალურად ცდილობს არჩევნების დღემ მშვიდ და ამომრჩევლებისთვის კომფორტულ გარემოში ჩაიაროს:
– ყველა პრევენციულ ღონისძიებას ვატარებთ, რომ ხარვეზები არ გვქონდეს. სხვათა შორის, საპარლამენტო არჩევნებზე დაფიქსირდა უპრეცედენტო შემთხვევა _ არ შემოსულა არც ერთი საჩივარი, რაც სწორედ ამ პრევენციული ღონისძიებების შედეგია.
რაც შეეხება საარჩევნო სიებს, სიებში არც თუ ბევრი გარდაცვლილი იყო. საკმაოდ კარგად ვთანამშრომლობთ საჯარო რეესტრთან, არჩევნების პერიოდში ოქმებს კომისიის წევრებს ვურიგებთ და ვავსებინებთ გარდაცვალების ოქმებს. ვცდილობთ, ამის შემდეგ მოხდეს მათი ბაზიდან ამოღება. რაც შეეხება ამომრჩევლების რაოდენობას, ამ ეტაპზე ლანჩხუთში არის 30 208 ამომრჩეველი _ შარშანდელთან შედარებით, ცოტათი მეტი. დაზუსტებული ციფრი პირველი სხდომისთვის იქნება მზად, _ დასძინა ზვიად ნაკაიძემ.