რუსული მედიის ცნობით, პუტინმა საგარეო საქმეთა სამინისტროს ე. წ. სამხრეთ ოსურ მხარესთან შესაბამისი მოლაპარაკებების წარმოებაც დაავალა.
“ვავალებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, სამხრეთ ოსურ მხარესთან გამართონ მოლაპარაკებები და მოლაპარაკებების შედეგად, რუსეთის ფედერაციის სახელით, აღნიშნულ შეთანხმებას ხელი მოაწერონ,” _ ნათქვამია რუსეთის პრეზიდენტის განცხადებაში.
ხელშეკრულების პროექტის თანახმად, რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის საზღვარი დგინდება და კავკასიონის მწვერვალზე გადის. რუსეთის მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, სახელმწიფო საზღვრის ხაზი გამოსახულია ტოპოგრაფიული რუკაზე, რომელიც ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილია. აღნიშნული შეთანხმების პროექტს რუსეთის მთავრობამ მხარი ცოტა ხნის წინ დაუჭირა და დასამტკიცებლად პრეზიდენტ პუტინს გადაუგზავნა.
“აღნიშნული დოკუმენტი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოამზადა და მიმართულია ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობების გაძლიერებისაკენ,” _ აცხადებენ რუსეთის მთავრობის პრესსამსახურში.
მანამდე, ე.წ. სამხრეთ ოსეთის მთავრობის თავმჯდომარემ “საზღვრის” დემარკაციისა და დელიმიტაციის საკითხებში მურატ ჯიოევმა განაცხადა, რომ ისინი მზად არიან რუსეთთან “სახელმწიფო საზღვრის” შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერონ.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აღნიშნულთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
წყარო: http://www.russkie.org/index.php?module=fullitem&id=30426