მხარეებმა განხორციელებული და მიმდინარე პროექტების შესახებ ისაუბრეს და მომავალი თანამშრომლობის კონტურები მოხაზეს. კერძოდ, საუბარი შეეხო იმერეთსა და ქვეყნის სხვა რეგიონებში ახალი ნაგავსაყრელების მშენებლობას, აჭარაში წყალმომარაგების პროექტის მიმდინარეობას, დეცენტრალიზაციის რეფორმას, ახალ გრანტს, რომელსაც გერმანიის მთავრობა საქართველოს ნაპირსამაგრი სამუშოებისთვის გამოუყოფს.
გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკი სამინისტროსთან უფრო აქტიური თანამშრომლობის მზაობას გამოხატავს. “გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკი უკვე მიღწეული თანამშრომლობით კმაყოფილია და მაქსიმალურად არის დაინტერესებული საქართველოში დამატებითი პროექტების განხორციელებით,” – განაცხადა ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ევა ვიტიმ.
დავით ნარმანიამ ყურადღება იმერეთის ახალი რეგიონული ნაგავსაყრელის მშენებლობაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ნაგავსაყრელისთვის, რომლის ასაშენებლად გამოყოფილი ადგილიც კერძო საკუთრებაში მყოფ ტერიტორიაზე აღმოჩნდა, ახალი ადგილი იძებნება.
შეხვედრისას მინისტრმა განსაკუთრებული აქცენტი თვითმმართველობის რეფორმაზე გააკეთა. “სამინისტრო ინტენსიურად მუშაობს ამ მიმართულებით,” – განაცხადა დავით ნარმანიამ, – „შესაბამისი კანონი შემუშავებულია და მისი ამოქმედების შემდეგ პროცესები აქტიურად წარიმართება.”