სხდომა კომიტეტის თავმჯდომარე ელმარ ბროკს მიჰყავდა.
თეა წულუკიანმა 15-წუთიან მოხსენებაში ის რეფორმები მიმოიხილა, რომელთაც საქართველოში იუსტიციის სამინისტრო ახორციელებს, და ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ყველა ეს რეფორმა საქართველოს ევროკავშირის სამართლებრივ სისტემასთან აახლოებს.
მოხსენების შემდეგ მინისტრმა კომიტეტის წევრების შეკითხვებს უპასუხა. შეკითხვები ეხებოდა როგორც საკუთრივ რეფორმებს, ისე ქვეყანაში მიმდინარე პროცესებსა და მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებს.
თეა წულუკიანის განცხადებით, ქვეყანა გამჭვირვალე და დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად ემზადება და ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად საპრეზიდენტო უფლებამოსილება მოქმედმა პრეზიდენტმა დემოკრატიული გზით არჩეულ პრეზიდენტს გადააბაროს.
მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ დღეს საქართველოში თვისობრივად სხვა სამართლებრივი გარემოა. მისი განცხადებით, სასამართლო დამოუკიდებელია აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლისაგან.
“მთავრობაში მოსვლის შემდეგ აღმოვაჩინეთ, რომ პროკურორთა უმრავლესობამ არ იცის, რომ პროკურორმა ბრალდებულს დანაშაული უნდა დაუმტკიცოს. ეს მათ არ სჭირდებოდათ, რადგან სასამართლო დამოკიდებული იყო ჩემს წინამორბედზე, რომელიც ქვეყნიდან გაიქცა არჩევნების მეორე დღესვე.
ჩვენ არ გვჭირდება მორჩილი სასამართლო. პირველი განკარგულება, რომელიც მე, როგორც ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა, გავეცი, იყო ის, რომ პროკურატურას შეეწყვიტა სასამართლოზე ზეწოლა. ჩვენ ახალი კანონებით ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ სასამართლოში მხარეთა შეჯიბრების პრინციპს“, − განაცხადა თეა წულუკიანმა.
მისივე თქმით, იუსტიციის სამინისტრომ უკვე დაიწყო სასამართლო რეფორმის მეორე ტალღა. ცვლილებათა ახალი პაკეტის ძირითადი მიზანი კი მოსამართლეთათვის დამოუკიდებლობის ხელშეწყობა იქნება.
თეა წულუკიანმა, ასევე, ისაუბრა საქართველოში უმცირესობების უფლებებზე, რელიგიათა შორის დიალოგის აუცილებლობაზე და აღნიშნა, რომ ყველა სახის დისკრიმინაცია ამიერიდან კანონით დაისჯება.
იუსტიციის მინისტრი ქვეყნის საგარეო კურსსაც შეეხო და განაცხადა, რომ იუსტიციის სამინისტროს განსაკუთრებული როლი აკისრია ვიზადიალოგისა და ასოცირების ხელშეკრულებისთვის სამოქმედო გეგმის შესრულებაში.
“საქართველოს მთავრობა აგრძელებს მტკიცე სვლას ევროკავშირისკენ. ეს არ არის რომელიმე მთავრობის არჩევანი; ეს ქართველი ხალხის არჩევანია. ქართველი ხალხი არ ირჩევს ევრაზიულ ან რომელიმე სხვა კავშირს, მან დიდი ხანია, ევროპულ ოჯახთან ინტეგრირება არჩია. ჩვენ დიდი იმედით ვუყურებთ ვილნიუსის სამიტს, როგორც ამ გზაზე ერთ-ერთ მნიშვნელოვან ეტაპს“, − განაცხადა თეა წულუკიანმა.
კითხვა-პასუხის დასრულების შემდეგ შეხვედრა კომიტეტის თავმჯდომარე ელმარ ბროკმა შეაფასა.
“ის რეფორმები, რომელთა შესახებაც თქვენ ისაუბრეთ, და რომელთაც იუსტიციის სამინისტრო უძღვება, სამაგალითო უნდა იყოს სხვა ქვეყნებისთვის. ეს რეფორმები არის სწორი გზა ვილნიუსის სამიტისა და ჩვენი მომავალი თანამშრომლობისთვის“, − აღნიშნა ბროკმა.