პროცესს მეთვალყურეობას სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ღვინის ეროვნული სააგენტო და სპეციალურად “რთველი 2013”-ის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით გურჯაანში შექმნილი საკოორდინაციო შტაბი უწევს.
სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია, მინისტრის პირველი მოადგილე დავით შერვაშიძე და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან დავითაშვილი თელავის მუნიციპალიტეტში 17 სექტემბერს ყურძნის ჩაბარების პროცესს გაეცნენ და ღვინის საწარმოები დაათვალიერეს.
“საქართველოში წელს ყურძნის კარგი მოსავალია. ათეული წლების მანძილზე, “რთველი 2013″-ის ფარგლებში, წელს პირველად, ერთ დღეში 4 000 ტონა ყურძენი გადამუშავდება. წლევანდელი რთველი გარდამავალი ეტაპი იქნება მეღვინეობა-მევენახეობის დარგის განვითარებაში. სახელმწიფო მაქსიმალურად შეუწყობს ხელს ჯანსაღ კონკურენციას და საბაზრო პირობებს. წელს, სავარაუდოდ, 150 ათას ტონა ყურძნის მოსავალს ველოდებით. ჩვენმა ხელშემწყობმა პროექტმა კარგი შედეგი გამოიღო,” _ განაცხადა შალვა ფიფიამ.
მინისტრმა რთველის პროცესში გაცემული სესხების სტატისტიკაზეც ისაუბრა: “პირველ, მეორე, მესამე და მეოთხე კომპონენტში მთლიანად 98 მილიონი ლარის სესხებია გაცემული, დაახლოებით 5 300 ბენეფიციარზე. ამას გარდა, არის მეხუთე კომპონენტი კონკრეტულად მეღვინეებისთვის, ყურძნის შესაძენად. ამის ფარგლებში დღეის მდგომარეობით (17 სექტემბრისთვის), 42 მილიონი ლარია დამტკიცებული. ანუ საერთო ჯამში 140 მილიონი ლარის სესხია დამტკიცებული და გაცემული შეღავათიანი აგროსესხის ფარგლებში”.
შეღავათიანი აგროსესხების დადებით ეფექტზე “შუმის”, “წინანდლის ძველი მარნისა” და “თელავის ღვინის მარნის” საწარმოების წარმომადგენლებმაც ისაუბრეს. აღნიშნულმა კომპანიებმა შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, საწარმოების გაფართოება-გადაიარაღება და წარმოების გაზრდა განახორციელეს.
კომპანია “შუმი” წელს 1200 ტონა ყურძნის (800 ტონა საფერავი და 400 ტონა რქაწითელი და მწვანე) გადამუშავებას გეგმავს. დღეისთვის კომპანიამ, საერთო ჯამში, უკვე გადაამუშავა 670 ტონა ყურძენი. “შუმის” პროდუქცია ექსპორტზე რუსულ ბაზარზეც გადის. უკვე ექსპორტირებულია 32 000 ბოთლი ღვინო.
აკაკი ცოფურაშვილი. კომპანია “შუმის” გენერალური დირექტორი: “ორგანიზებულად მიდის ყველაფერი. სუბსიდიისთვის ჩავაბარებთ გაცემის დამადასტურებელ დოკუმენტებს და შემდეგ ჩაგვერიცხება შესაბამისი ანაზღაურება. რაც შეეხება ექსპორტს, მსოფლიოს 17 ქვეყანაში გაგვაქვს ღვინო. უკრაინა ჩვენი ძირითადი გასაღების ბაზარია. ეს სესხები ძალიან დაგვეხმარება, რადგან რთველი ის პროცესია, როდესაც მობილიზებულად, ძალიან მოკლე ხანში ხდება დიდი რაოდენობით თანხების გაცემა. ჩვენთვის თითოეულ თეთრს აქვს მნიშვნელობა. ქარხანა მარტო წინანდალში გვაქვს, ვენახები კი სხვადასხვა რაიონში. ეს ქარხანა მოიცავს ყველაფერს: ყურძნის მიღებას, გადამუშავებას და ჩამოსხმას”.
“წინანდლის ძველი მარანი” წელს 2 000 ტონა ყურძნის გადამუშავებას გეგმავს. ამ ეტაპზე საწარმოში უკვე გადაამუშავეს 1 300 ტონა. კომპანიამ პროდუქციის ექსპორტი რუსულ ბაზარზეც დაიწყო. უკვე ექსპორტირებულია 60 000 ბოთლი ღვინო. 30 000 ბოთლი უახლოეს დღეებში გაიგზავნება.
ელდარ მილდიანი, წინანდლის “ძველი მარნის” მეპატრონე: “წითელ ყურძენს დღეში 200-250 ტონას ვიბარებდი. ახლა ვიბარებ დღეში 100-120 ტონას. ამ ეტაპზე წინანდლის ზონიდან მოგვაქვს. მერე უკვე სხვა ზონებიდანაც ავიღებთ. წელს განსაკუთრებული რთველია. ყურძენიც ადრე დამწიფდა და კარგი ხარისხისაცაა. რაც შეეხება სესხს, ორი სახის ავიღე: ერთი _ ყურძნის ჩაბარებისთვის, მეორე _ საწარმოების გასაფართოებლად. ესეც ძალიან კარგი დახმარებაა. მე 500 ათასი ლარის ფარგლებში ავიღე დანადგარებისთვის 7-წლით 1%-იანი სესხი, რაც ძალიან დიდი ხელშეწყობაა ჩემთვის. წელს მეტი ჭურჭელი რომ მქონოდა, მეტ ყურძენს მივიღებდი. სულ ვავსებ, რაც მაქვს”.
“თელავის ღვინის მარანის” საწარმოში უკვე გადამუშავდა 4 000 ტონა ყურძენი. საერთო ჯამში, კომპანია 6 400 ტონა ყურძენს გადაამუშავებს.
ზურაბ რამაზაშვილი, კომპანია “თელავის მარნის” ერთ-ერთი დამფუძნებელი: “ჩვენმა კომპანიამ სესხი სახელმწიფოს თანადგომით აიღო. ამ შემთხვევაში სახელმწიფო აფინანსებს თანხის გარკვეულ ნაწილს. ეს ძალიან კარგია ჩვენთვის, რადგან დიდი თანხის აკუმულირების და რთველის უკეთ ჩატარების საშუალება მოგვეცა. ღვინის ეროვნული სააგენტო ძალიან კარგად მუშაობს. ეს არის ყველაზე ორგანიზებული რთველი, რომელიც ოდესმე ჩატარებულა. 15 წელია, ბაზარზე ვართ და ჩემი აზრით, ეს ყველაზე წარმატებული რთველია ყველა თვალსაზრისით. საწარმოების გაფართოების მიზნით, მილიონი ლარის ღირებულების კრედიტი ავიღეთ და ახალი რეზერვუარები შევიძინეთ. ჩვენ ღვინო გაგვაქვს 20-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის, რუსეთშიც. რაც უფრო მეტი გასაღების ბაზარი იქნება, მით უკეთესია კომპანიისთვის.”
ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ წელს ბევრი დახურული ღვინის ქარხანა გაიხსნა და ყურძნის ჩაბარება ისევ დაიწყო: “ქარხნების ტექნიკური მდგომარეობა სხვადასხვაა, არსებობენ მოწინავე ქარხნები და ისეთებიც, რომლებიც უფრო ნაკლებად აღჭურვილები არიან ტექნოლოგიურად. ზოგი საწარმო აღარ ფუნქციონირებდა და ახლა დაიწყეს ყურძნის ჩაბარება. მათ დრო სჭირდებათ, მოწინავე ქარხნებს რომ დაეწიონ. რამდენიმეწლიან პერსპექტივაში, ვფიქრობ, ასეც იქნება”.
დავითაშვილის თქმით, სწორედ საწარმოების ტექნიკური გადაიარაღებისთვის გამოიყო 7-წლიანი სესხი და ფაქტობრივად, ყველა ღვინის კომპანიას ჰქონდა წვდომა მასზე: “თითოეულ კომპანიას შეეძლო მილიონ ლარამდე სესხის აღება. კომპანიას 1% გამოსდიოდა გადასახადი, იქიდან გამომდინარე, რომ სახელმწიფო ამ საპროცენტო განაკვეთის 12%-ის ღირებულების სუბსიდირებას ახდენდა. რაც შეეხება რთველისთვის სესხს, ერთ კომპანიას 10 მილიონ ლარამდე შეუძლია აიღოს. უკვე არის 3, 4, 5-მილიონამდე სესხები, რომლებიც გაცემულია. ეს სესხები არის სუფთა საბანკო პროდუქტი, სახელმწიფო არ ერევა მის გაცემაში. სახელმწიფო უბრალოდ აკონტროლებს მიზნობრიობას და მიზნობრიობის შესაბამისობის შემთხვევაში ახდენს სესხის სუბსიდირებას”, _ აღნიშნავს ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი.
რაც შეეხება მოსახლეობას, ისინი წელს მიმდინარე რთველს ყველაზე ნაკლებად პოლიტიზებულს უწოდებენ და მცირეოდენი რიგების მიუხედავად, პროცესს მაინც დადებითად აფასებენ.
“მაქვს 4 ტონა. ვაბარებ 1 ლარად და 3 თეთრად. კმაყოფილი ვარ ფასით, თუ მეტს მოგვცემენ, უკეთესი იქნება. საფერავი ჩავაბარე 2 ტონა, 1 ლარად და 13 თეთრად. შარშან ლარში ჩავაბარეთ. ტრანსპორტირება ჩვენია. თუმცა უკეთესი იქნება, თვითონ გამოგვიგზავნონ ტრანსპორტი და ისე გადაგვიხადონ ლარი და 3 თეთრი. რქაწითელზე არ არის რიგები, საფერავზე უფრო იყო. იმიტომაც მოვიტანე “თელავის ღვინის მარანში”. რიგები ყურძენს არაფერს არ ვნებს, თვითონ ქარხნებმა იდარდონ, თუ რამე მოუვათ”, _ ამბობს ზურაბ ჭიკაძე, რომელმაც ყურძენი ართანიდან ჩამოიტანა.
ილია როსტოშვილი, გურჯაანის მცხოვრები: “კმაყოფილი ვარ რთველის პროცესით. ახლახან დავკრიფე ყურძენი. ცოტა პრობლემები შექმნეს ქარხნებმა ჩაბარებაზე, მაგრამ გამოსწორდა სიტუაცია. მე ზუსტად ვიცი, სად ჩავაბარებ ყურძენს”.
ამბროსი მღვდელაძე: “მე ილიას ნათესავი ვარ. ერთ ტონამდე დავკრიფეთ. აქვეა, ორმოცდაათ მეტრში ჩასაბარებელი ქარხანა. სულ რქაწითელია, მესამე წლის ვაზია. 3 წლის ვენახი რომ ასეთი კარგი იყოს, იშვიათია. ვენახები მთავრობისგან გამოყოფილი ვაუჩერით შეწამლეს. მე თვითონაც მაქვს ხაშმში ვენახი. განთქმულია ხაშმის საფერავი. ჩვენთან ცოტა გვიან არის რთველი, ალბათ, თვის ბოლოს იქნება. პირდაპირ ვყიდით ხოლმე 2 ლარად, იქვე მოდიან ჩამბარებლები. იშვიათია, 2 ლარი გადაიხადოს რომელიმე ქარხანამ. სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი ვაუჩერით მე ტექნიკა ვიყიდე, თუმცა, შემეძლო შესაწამლი მასალაც მეყიდა, მაგრამ რაც მჭირდებოდა, იმის ყიდვა ვამჯობინე”.
ალექსანდრე მეურმიშვილი რუსეთიდან ახლახან დაბრუნდა და გურჯაანში რთველში აქტიურ მონაწილეობას იღებს. მეურმიშვილის თქმით, მისი რუსი ეროვნების ცოლი ნადია რუსეთიდან სპეციალურად რთველისთვის ჩამოვიდა და პროცესით ძალიან კმაყოფილია: “საქართველოში არ ვყოფილვარ დიდი ხანია. ჩამოვედი რუსეთიდან და სახლი ვიყიდე. ვენახი იმხელა არ მაქვს, რომ ჩამებარებინა. ცოტა რომ მოუმატონ ყურძნის ფასი, ხალხი უფრო დაინტერესდება და უფრო გააშენებს ვენახებს. მე ვფიქრობ, რომ შემდეგში ვენახი გავაშენო, იმიტომ რომ მომგებიანია. ღვინოებიც გავიდა რუსეთში. ჩემი აზრით, საქართველოს ყველა ქვეყანასთან კავშირი გამოადგება”.
(R)