ლეიკემიით დაავადებულ ჰოსპიტალიზირებული ბავშვებისთვის შექმნილი სასწავლო გარემო მოინახულეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და შრომის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრმა დავით სერგეენკომ. სასწავლო ოთახს და მის ფუნქციებს გაეცნენ საქართველოში მყოფი პიცბურგის(აშშ) საუნივერსიტეტო კლინიკის ონკოჰემატოლოგიური მიმართულების პროფესორებიც. სასწავლო ოთახი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შესაბამისი ინვენტარით, ტექნიკით, სხვადასხვა თვალსაჩინოებებით და საკითხავი კლასგარეშე ლიტერატურით აღიჭურვა. ამჟამად, ჰოსპიტალში მკურნალობა 27 ბავშვს უტარდება, აქედან 14 სკოლის ასაკისაა.
ლეიკემიით დაავადებულ მოზარდებს თვეობით უწევთ სკოლის გაცდენა, ახალი პროგრამის ამოქმედების შემდეგ კი მათ საგანმანათლებლო სერვისი ჰოსპიტალთან ახლომდებარე 147-ე საჯარო სკოლიდან მიეწოდებათ. 147-ე საჯარო სკოლიდან კლინიკაში ივლიან პედაგოგები, რომლებიც ბავშვებს შესაბამის გაკვეთილებს ჩაუტარებენ. ადგილზევე მოხდება მულტიდისციპლინალური გუნდის მიერ ბავშვების შეფასება და მათი ინტერესების გამოკვეთა. ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობით, მოსწავლისათვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმა შეიქმნება,რომელიც მაქსიმალურად გაითვალისწინებს მოსწავლის ყველა საგანმანათლებლო საჭიროებას და მისი დაკმაყოფილების გზებს, მოსწავლის ინტერესებსა და ინდივიდუალურ შესაძლებლობებს, აგრეთვე ყველა დამატებით აქტივობას.
საგანმანათლებლო პროცესის წარმართვას დახმარებას გაუწევს ფსიქოსოციალური სამსახური, რომელსაც სოროსის ფონდი აფინანსებს და უცხო ენების შემსწავლელი (ონლაინ) კომპანია. აღსანიშნავია, რომ ამ კომპანიამ მოსწავლეებს ინგლისური ენის უფასო პაკეტი გადასცა.
ერთობლივი პროექტის მიზანია, მკურნალობის დამთავრების შემდეგ ეს ბავშვები საზოგადოებას სრულყოფილ მოქალაქეებად დაუბრუნდნენ.