ანგარიშში საუბარია, რომ საქართველოს აქვს უნიკალური შესაძლებლობა, დაამკვიდროს არა მხოლოდ დამოუკიდებელი, არამედ ეფექტიანი სასამართლო სისტემა, სადაც მოსამართლის ხელშეუხებლობა და ინდივიდუალური პასუხისმგებლობა იქნება გაზრდილი. პარლამენტმაც და აღმასრულებელმა ხელისუფლებამაც აქტიურად უნდა უნდა შეუწყონ ხელი მოსამართლეთა ხელშეუხებლობას და მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებების პატივისცემას.
თომას ჰამარბერგის შეფასებით, საჭიროა ნაბიჯების გადადგმა მომავალში, რათა გაძლიერდეს ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობა. მაგალითად, – მოხდეს იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმა, ასევე, – გაუმჯობესდეს მოსამართლეთა დანიშვნისა და დაწინაურების პროცედურები. გარდა ამისა, დასკვნაში აღნიშნულია, რომ ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს გამჭვირვალედ და სასამართლოს აქტიური მონაწილეობით.
“ასოციაცია – საქართველოს მოსამართლეთა ერთობა” იზიარებს ანგარიშში წარმოდგენილ რეკომენდაციებს და აღნიშნავს, რომ ხელს შეუწყობს დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და ეფექტიანი სასამართლო სისტემის ჩამოყალიბებას. ამ მიზნის მისაღწევად ასოციაცია აქტიურად მუშაობს, როგორც კანონმდებლობის გაუმჯობესების, ასევე – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის მონიტორინგის მიმართულებით. ასოციაციის მხრიდან სასამართლო სისტემის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად ერთ-ერთი უპირველესი მოთხოვნა სწორედ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომების სასამართლოს შიდა ქსელში პირდაპირი ტრანსლირებაა. აუცილებელია, რომ სასამართლოს გამჭვირვალობა უპირველესად დაიწყოს სისტემის შიგნით. ამ საკითხის გადაწყვეტის მიზნით, ასოციაცია მოთმინებით აგრძელებს თანამშრომლობას იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან და იმედოვნებს, რომ იგი დადებითად გადაწყდება, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული პროცესი, იუსტიციის საბჭოს მხრიდან არაერთი დაპირების მიუხედავად, გაურკვეველი მიზეზების გამო დღემდე ჭიანურდება.
ასოციაცია გააგრძელებს სასამართლოში არსებული მდგომარეობისა და სისტემის განვითარების პროცესის მუდმივ მეთვალყურეობასა და ქმედით საქმიანობას, რომლის საბოლოო მიზანი არის ინდივიდუალური მოსამართლის როლის გაძლიერება, სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის დამკვიდრება და შესაბამისად, საზოგადოებაში მოსამართლის, როგორც ინსტიტუციის მიმართ პატივისცემის გაძლიერება.