მთავრობის კანცელარიაში შეხვედრისას მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების აქტუალური საკითხები განიხილეს. სახელმწიფო მინისტრმა განსაკუთრებულად აღნიშნა ევროკავშირის წვლილი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისა და საქართველოს ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის მტკიცედ გატარების საქმეში.
მხარეებმა ისაუბრეს ბოლო პერიოდში რუსეთის მიერ განხორცილებულ ქმედებებზე. ხაზი გაესვა აღმოსავლეთ პარტნიორობის ვილნიუსის სამიტისათვის მზადებას და ამ სამიტზე საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების, ღრმა და ყოვლისმოცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის ჩათვლით, პარაფირებასა და შემდგომში დროულად ხელმოწერის მნიშვნელობას.
საუბარი შეეხო საქართველოში წინასაარჩევნო პროცესების მიმდინარეობას, მართლმსაჯულების სფეროში მიმდინარე რეფორმებსა და საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ ევროკავშირის სპეციალური მრჩევლის, თომას ჰამარბერგის მიერ მომზადებულ ანგარიშს.
მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-ევროკავშირის 2014-2017 წლების თანამშრომლობის პრიორიტეტების, ევროკავშირის ფინანსური დახმარებისა და მის შესახებ მოსახლეობის ცნობიერების დონის ამაღლებაზე. ასევე, დონორთა კოორდინაციის პროცესის გაუმჯობესებაზე. ევროკომისიის წარმომადგენლებს მიეწოდათ ინფორმაცია საქართველოს ეროვნული განვითარების სტარატეგიის შემუშავების პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებითაც.
“მომავალი წლების განმავლობაში საქართველო მიიღებს მნიშვნელოვან დახმარებას იმ პრიორიტეტული მიმართულებების მიხედვით, რომელიც შეთანხმდა საქართველოს მთავრობასა და ევროკავშირს შორის. ეს დახმარება, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას ეხება, ვინაიდან ეს რეფორმები, ცვლილებები და ასოცირების შეთანხმების ხელმოწერაც საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის ტემპების დასაჩქარებლადაა მიმართული,” _ აღნიშნა პეტრიაშვილმა.
“ჩვენ გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა, რადგან საქართველო აპირებს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღოს, რომელიც ევროკავშირში მის მომავალს ეხება. საუბარია, ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების პარაფირებაზე.
ამავდროულად, ევროკავშირი მსჯელობს პარტნიორ ქვეყნებთან, მათ შორის საქართველოსთან, სამომავლო თანამშრომლობის ფარგლებში დახმარების თემებთან დაკავშირებით. წლის დასაწყისში გვქონდა ძალიან ნაყოფიერი საუბარი და შევთანხმდით იმ სფეროებზე, რომელშიც ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები მხარდაჭერას აღმოუჩენენ საქართველოს და რომელიც შესაბამისობაშია ეროვნული ეკონომიკური განვითარების სტრატეგიასთან და ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები მოდის. თანამშრომლობის ხარისხის მიმართ ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი.
მიღწევებს შორის უნდა გამოვყოთ მართლმსაჯულების სექტორის რეფორმა, რომლის ფარგლებში თანამშრომლობა 2014 წელსაც არის დაგეგმილი.
ასევე, უნდა აღინიშნოს სამომავლოდ დაგეგმილი თანამშრომლობა ეკონომიკის განვითარებისთვის ისეთ მნიშნველოვან სექტორში, როგორიცაა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარება. ასევე, იმ საჯარო უწყებების შესაძლებლობათა გაძლიერება, რომლებიც ასოცირების დღის წესრიგის შესრულებასა და ღრმა და ყოვლისმომვცელი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ამოქმედებაში იქნებიან ჩართულნი,” _ განაცხადა მიხაელ კოლერმა.