“შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა მოსამსახურე ვალდებულია, მკაცრად დაიცვას პოლიტიკური ნეიტრალობის პრინციპი – არ მიიღოს მონაწილეობა საარჩევნო სუბიექტის მიერ წარმოებულ აგიტაციასა და კამპანიაში, დაიცვას ამ ინსტრუქციით დადგენილი სხვა მოთხოვნები. კერძოდ, საარჩევნო სუბიექტის/კანდიდატის მიერ ორგანიზებული აგიტაციისა და კამპანიის (შეკრების) დროს, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის და შეკრების მონაწილეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებებში მონაწილე შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეული მოსამსახურე ვალდებულია:
_ ეცვას დადგენილი ნიმუშის ფორმის ტანსაცმელი;
_ იმ შემთხვევაში, თუ სააგიტაციო კამპანია (შეკრება) იმართება შენობის გარეთ, არ მიუახლოვდეს ამგვარი შეკრების მონაწილეებს 5 მეტრის მანძილზე (გარდა კანონით განსაზღვრული შემთხვევებისა) და არ დაუშვას შეკრების მონაწილებთან დაპირისპირებული ძალის მიახლოვება;
_ იმ შემთხვევაში, თუ სააგიტაციო კამპანია (შეკრება) იმართება შენობაში ან სხვა დახურულ სივრცეში, დაიცვას შენობის მხოლოდ გარე პერიმეტრი და არ დაუშვას შენობაში დაპირისპირებული ძალის შესვლა. ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეს კატეგორიულად ეკრძალება ამგვარ შენობაში შესვლა, გარდა კანონით განსაზღვრული შემთხვევებისა”.
უწყებათაშორისი კომისია მიიჩნევს, რომ საქართველოს კანონმდებლობა არასაკმარისად განმარტავს აგიტაციისა და აგიტაციაში მონაწილეობის ცნებებს. აქედან გამომდინარე, კომისია ადგენს, რომ წინასაარჩევნო აგიტაციად უნდა ჩაითვალოს წინასაარჩევნო ღონისძიების ორგანიზებაში მონაწილეობა, საარჩევნო მასალების გავრცელება, მხარდამჭერთა სიებზე მუშაობა, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლობებში ყოფნა, წინასაარჩევნო ღონისძიებისას საარჩევნო სუბიექტის/კანდიდატის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ მიმართული, ამომრჩეველთა აზრის ფორმირების მიზნით განხორციელებული ქმედება (სიტყვით მიმართვა, ტაში, სტვენა, ზეპირი ან წერილობითი მოწოდება), მსვლელობა, მაისურის ან სხვა ატრიბუტის ტარება შესაბამისი საარჩევნო სუბიექტის/კანდიდატის მხარდამჭერი გამოსახულებით, სოციალურ ქსელებში აგიტაცია ან კონტრაგიტაცია.