სამუშაო შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძემ და დემოკრატიული მმართველობის პროგრამის დირექტორმა მარის მიკელსონმა გახსნეს.
“ღია მმართველობის პროგრამა ბრაზილიისა და აშშ-ს პრეზიდენტების მიერ არის ინიცირებული. მისი მიზანია საერთაშორისო დონეზე უზრუნველყოს ხელისუფლებების გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება და ეფექტიანობა. საქართველო ამ ინიციატივას 2011 წელს შეუერთდა. 2012-2013 წლის სამოქმედო გეგმაც ამავე წელს დამტკიცდა.
დღევანდელი შეხვედრაზე სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებმა, სამოქალაქო სექტორის მონაწილეობით, ერთმანეთს გაუზიარეს ინფორმაცია, თუ როგორ სრულდება ეს სამოქმედო გეგმა, რომელის განხორციელებაც, პრინციპში, დასასრულს უახლოვდება,” _ განაცხადა ალექსანდრე ბარამიძემ.
მრგვალი მაგიდის პირველი სესია შესრულებული სამუშაოს განხილვას დაეთმო. სამოქმედო გეგმის ანგარიშები წარადგინეს იუსტიციის სახლმა; სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ; მონაცემთა გაცვლის სააგენტომ; შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ; სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა; საჯარო სამსახურის ბიურომ; კონკურენციისა და შესყიდვების სააგენტომ; საქართველოს მთავარმა პროკურატურამ; შს სამინისტრომ, “საქართველოს საკანონმდებლო მაცნემ”.
მეორე სესიაზე იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკურმა დეპარტამენტმა “ღია მმართველობის პარტნიორობის” განახლებული სამოქმედო გეგმა წარადგინა. ინფორმაციის თავისუფლებისა და განვითარების ინსტიტუტის წარმომადგენელმა მონაწილეებს საკუთარი წინადადებები და მოსაზრებები გააცნო. ღონისძიების ბოლოს დისკუსია გაიმართა.
პროექტ “ღია მმართველობის” მიზანია, სახელმწიფო მმართველობაში უზრუნველყოს საზოგადოების მეტი ჩართულობა, მთავრობის მუშაობა უფრო ღია და გამჭვირვალე გახადოს და ტრადიციად აქციოს ხელისუფლების წარმომადგენლების ანგარიშვალდებულება საკუთარი მოქალაქეებისადმი.