ღონისძიებაში მონაწილეობდნენ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილი. პრეზენტაციას აგრეთვე ესწრებოდნენ გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის სხვა მაღალი რანგისა და WWF Caucasus-ის წარმომადგენლები.
შეგახსენებთ, რომ TEEB – ეკოსისტემებისა და ბიომრავალფეროვნების ეკონომიკა (The Economics of Ecosystems and Biodiversity) – ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო ინიციატივაა, ხოლო საქართველო მისი ერთ-ერთი პირველი საპილოტე ქვეყანაა. ინიციატივის მიზანია საზოგადოებისათვის ბიომრავალფეროვნებისა და ეკოსისტემური სერვისების მნიშვნელობის უკეთ გაცნობა; აგრეთვე, ქვეყნების განვითარების გეგმებში და ცალკეული სახელმწიფო გადაწყვეტილებების მიღებისას ბუნებრივი რესურსების ღირებულების სათანადოდ გათვალისწინებისათვის მყარი არგუმენტების მომზადება.
კვლევას, რომელიც მიმდინარეობდა 2011-2012 წლებში, ახორციელებდა WWF Caucasus. კვლევის პროცესში შეიქმნა მრჩეველთა საბჭო სამინისტროების, აკადემიური, არასამთავრობო და ბიზნეს-სექტორის წარმომადგენელთა შემადგენლობით, გაიმართა სამუშაო შეხვედრები.
კვლევამ ნათელყო, რომ საქართველოს ეკონომიკის ძირითადი და პერსპექტიული დარგები – ენერგეტიკა, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა და სატყეო სექტორი – მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ბუნებრივ კაპიტალსა და ეკოსისტემების სერვისებზე, როგორიცაა მტკნარი და მინერალური წყლის რესურსები, ხელუხლებელი ბუნებრივი ეკოსისტემები და ლანდშაფტები, ნაყოფიერი ნიადაგი, გენეტიკური მრავალფეროვნება, მერქნული და არამერქნული ტყის პროდუქტები და სხვა.