ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ქეთრინ ეშტონის პრეს-სპიკერმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც უმაღლესი წარმომადგენელი ღრმა შეშფოთებით აღნიშნავს საქართველოში, ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გასწვრივ, რუსული უსაფრთხოების ძალების მიერ გადაადგილების შემზღუდავი ღობეებისა და სხვა ფიზიკური დაბრკოლებების აღმართვის მიმდინარე პროცესს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ მსგავსი ქმედებები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას წარმოადგენს, მნიშვნელოვან სირთულეებს უქმნის მაცხოვრებლებს ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის ორივე მხარეს და სერიოზულ საფრთხეს უქმნის რეგიონში სტაბილურობას და უსაფრთხოებას.
უმაღლესი წარმომადგენელი რუსეთის ფედერაციას საქართველოში ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გასწვრივ აღმართული დაბრკოლებების დემონტაჟისკენ მოუწოდებს და კიდევ ერთხელ გამოხატავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.