შეხვედრებზე სახელმწიფო მინისტრმა ამერიკულ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკური მისწრაფებებისა და ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების მხარდაჭერისთვის და განსაკუთრებით აღნიშნა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ამ მხარდაჭერის მნიშვნელობა.
ალექსი პეტრიაშვილმა ამერიკულ მხარეს ინფორმაცია მიაწოდა ბოლო დროს საქართველოში, კერძოდ, დიცსა და დვანში განვითარებული მოვლენების შესახებ. შეხვედრებზე ხაზი გაესვა ამ ფაქტებზე მკაცრი რეაგირების მოხდენის აუცილებლობას.
“ამერიკის შეერთებული შტატების როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი ხელისუფლება, ზოგადად ვაშინგტონის ისტებლიშმენტი აპირებს, რომ უახლოეს მომავალში უფრო მკაცრი და მძაფრი რეაგირება მოახდინოს და პირდაპირი გზავნილები გაუგზავნოს ამ საოკუპაციო ზოლის გავლების ავტორებს-რუსეთის ხელმძღვანელობას, ვინაიდან ყოვლად დაუშვებელია, რომ 21-ე საუკუნეში დამოუკიდებელი ქვეყნის ტერიტორიაზე ხდებოდეს საოკუპაციო ხაზების გავლება”,_ აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა.
შეხვედრებზე სახელმწიფო მინისტრმა საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებზეც ისაუბრა. ალექსი პეტრიაშვილმა ამერიკულ მხარესთან ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის პერპექტივა, ნოემბერში ვილნიუსში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი და მის შემდგომ განსახორციელებელი ნაბიჯები განიხილა.
ვიზიტის ფარგლებში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ვიქტორია ნულანდს შეხვდება. ასევე, დაგეგმილია დისკუსია ატლანტიკურ საბჭოში, სადაც ალექსი პეტრიაშვილი სიტყვით გამოვა და შეხვედრის მონაწილეების შეკითხვებს უპასუხებს.