მიუხედავად, შსს-ს მიერ მიღებული გადაწყვეტილებისა, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გარკვეული ინფორმაცია გაესაჯაროებინა, გამოძიების შედეგებს სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა და თითქოს შეთანხმებულად ყველა აღნიშნავს, რომ სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაცია უფრო მეტ კითხვებს ბადებს, ვიდრე აქამდე არსებობდა.
ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ხათუნა ლაგაზიძე “გურია ნიუსთან” ამბობს, რომ საზოგადოებას შსს-ს მიერ შემოთავაზებული ინფორმაციის არ დასაჯერებლად, ალტერნატიული წყარო უნდა ჰქონდეს.
მისივე თქმით, გაცილებით საინტერესოა იმაზე მსჯელობა, თუ ვის დაკვეთას ასრულებდა ჩაკუტაევი და არა ის, სინამდვილეა თუ არა გასაჯაროებული ინფორმაცია.
“თუ ეს ვერსია ნამდვილია, ჩემთვის გაცილებით საინტერესოა სად შეიძლება კვალი მიდიოდეს, რადგან აქ შეიძლება ვეძიოთ აფხაზური და ავღანური კვალი. ასვე, აფხაზური და რუსული ერთად და ცალკე რუსული. მას ამ ვიდეოების დამზადებ რომელიღაცა მხარემ დაუკეთა, ერთპიროვნულად რა ინტერესი შეიძლებოდა ჰქონოდა?!
“თუ სიმართლეა ის, რომ ის ავღანელების მასწავლებელიც იყო, ასეთ შემთხვევაში რატომ არ შეიძლება თეორიის დონეზე ვიგულისხმოთ, რომ ავღანეთში ჩვენს სამხედრო ბაზაზე განხორციელებულ ტერაქტსა და ამ ვიდეორგოლს შორის გარკვეული ბმა არსებობდეს?! ვფიქრობ, ამ მიმართულებით დაწვრილებითი კვლევა-ძიებაა საწარმოებელი. შესაძლოა შესაბამის ორგანოებს აქვთ კიდევაც ეს ინფორმაცია, მაგრამ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე არ ასაჯაროებენ.
“მეეჭვება შუა აზიიდან გამოსულ პიროვენებას ისეთი აზარტი ჰქონდეს, რომ ინდივიდუალურად მსგავსი ვიდეოების გაკეთების სურვილი გასჩენოდა. საკითხი უნდ დადგეს ასე: ეს იყო ავტორი თუ შემსრულებელი? თუ შემსრულებელია სინტერესოა ვინაა დამკვეთი”, _ ამბობს ლაგაზიძე.
ლაგაზიძის მსგავსად დამკვეთის შესაძლო არსებობაზე საუბრობს საზოგადოებრივი კომინიკაციების სპეციალისტი არჩილ გამზარდია. მისივე თქმით, შსს-ს გამოხატულება, რომ რაღაც ბოლომდე არ თქვა, შეიძლება გავამართლოთ თუ ეს გამოძიების ან სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარეობს, მაგრამ მეტი განამრტებაა საჭირო იმის თაობაზე, რომ კიდევ რაღაც სხვა ხდება, რათა რაღაც ფორმით მაინც საზოგადოება საქმის კურსში იყოს.
“იმ პრომოუშენის პირობებში, როგორც დაანონსდა, რომ ერთი თვეა საქმე დაიხურა და ეს საკითხი უმაღლეს დონეზე იქნა წარმოდგენილი, მინიმუმ, ამ გადასახედიდან, დიდ იმედგაცრუებას იწვევს. ნებისმიერი დანაშაული შეიძლება ასეთივე წარმატებით მიეწეროს ნებისმიერ ამორფულ, ან თუნდაც კონკრეტულ პიროვნებას, რომლის პასუხისგებისა და მოძიების ხარისხი ნომინალურია. მით უმეტეს, რომ საზოგადოებას არ გვაქვს კონტროლი იმისა, გავარკვიოთ ეს ადამიანი უბრალოდ ვაცი ხომ არ არის, რომელიც გამოიყენეს?! ცნობილია, რომ თავის დროზე საქმის დასახურად, არ არსებულ ადამიანებსაც აწერდნენ რაღაც-რაღაცეებს.
“თუ ჩვენ ვირწმუნებთ, რომ ეს ინფორმაცია სანდოა, ამ შემთხვევაში ბევრად უფრო მეტი შეკითხვები ჩნდება. ანუ, რა იყო ამ ვიდეოს შექმნის მოტივაცია. ან ვიღაც ფანატიკოსი უნდა არსებობდეს, რომელიც მთელი ცხოვრება პროვოკატორობს, მიკროსამყაროს იქმნის და ამ გადასახედიდან აქტივობებს ახორციელებს, ან არსეობობს დამკვეთი, რომლის მოტივაცია საგარეო ორიენტირებში უნდა ვეძებოთ.
“ისმის კიდევ ერთი შეკითხვა: რატომ არის საინტერესო მსგავსი ვიდეოების დამზადება ახლა, როცა შედარებით სიმშვიდეა, და რატომ არ ხდებოდა მსგავსი პროვოკაციები მაშინ, როცა წლების განმავლობაში საქართველოს-რუსეთსა დ კონფლიქტურ რეგიონებს შორის საინფორმაციო ომი მიმდინარეობდა?! თუ ის აფხაზეთში ცხოვრობს მისთვის მოტივაცია ბევრად მეტი იყო გასული წლების განმავლობაში, ვიდრე დღეს. მას მოტივაცია არ უნდა ჰქონოდა. ლოგიკურად რომ განვაგრძოთ მსჯელობა, მივდივართ იქამდე, რომ დამკვეთი არ არის მხარე, რომელიც საქართველოს იქით მდებარეობს, ის საქართველოდანაა და იმ რელაურ ძალას წარმოადგენს, რომელსაც ქვეყანაში დესტაბილიზაცია აწყობს”, _ განმარტავს”გურია ნიუსთან“ საუბრისას გამზრდია.
ცნობისთვის, შსს-მ დღეს ჯიჰადის ვიდეოებთან დაკავშირებით შემდეგი მასალა გაავრცელა:
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ინტენსიური საგამოძიებო და ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებების შედეგად დადგენილია დანაშაულის ჩამდენი პირი – 1989 წლის 6 მარტს დაბადებული ყირგიზეთის მოქალაქე სამარ ჩოკუტაევი, რომელიც სოხუმში მობილური კავშირგაბმულობის ერთ-ერთ კომპანიაში მუშაობს.
მის მიმართ დაწყებულია სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 330-ე პრიმა მუხლით.
სამარ ჩოკუტაევს ბრალი დაედო “საქვეყნოდ ინფორმაციის გავრცელებაში ტერორისტული აქტის ჩადენისაკენ მოწოდების მიზნით, რაც წარმოშობს ასეთი დანაშაულის ჩადენის საფრთხეს”.
საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებათა ერთობლიობით უდავოდ დადგენილია, რომ ბრალდებული სამარ ჩოკუტაევი არის მაღალი კვალიფიკაციის IT სპეციალისტი და დანაშაული მან საქართველოს არაკონტროლირებად ტერიტორიაზე ჩაიდინა, კერძოდ:
2013 წლის 4 ივნისს ბრალდებულმა სამარ ჩოკუტაევმა ინტერნეტ სივრცეში მომხმარებელ Hammad Zaman-ის სახელით განათავსა ვიდეორგოლი TALIBAN JIHAD AGAINST GEORGIAN TROOPS IN AFGHANISTAN, რომელიც შეიცავს ავღანეთში მყოფი საქართველოს შეიარაღებული ძალების და საქართველოს პრეზიდენტის მიმართ მუქარას.
შუალოდ ვიდეორგოლის, აგრეთვე, ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენისას გამოყენებული ტექნოლოგიის დეტალური შესწავლისა და სათანადო ექსპერტიზის ჩატარების შედეგად დადგინდა:
პირველი: ვიდეომასალა, რომელიც გამოყენებულია მუქარის შემცველი ვიდეორგოლის შესაქმნელად, მოპოვებულია თავისუფალი წვდომის ინტერნეტ სივრცეში, რგოლი შექმნილია ამ ვიდეომასალის დამონტაჟების შედეგად და მის დასამზადებლად ავტორს არ დასჭირვებია რომელიმე ქართული ტელეკომპანიის ვიდეოარქივთან უშუალო, ანუ ფიზიკური წვდომა.
მეორე: დანაშაული ჩადენილია აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან.
კვალის დაფარვის მიზნით, სამარ ჩოკუტაევმა გამოიყენა ქართული GSM ოპერატორების (მაგთიკომი, ჯეოსელი, მობიტელი) USB ინტერნეტ-მოდემები. აღსანიშნავია, რომ აფხაზეთის ტერიტორიის გარკვეულ ნაწილზე ვრცელდება საქართველოში მოქმედი სამივე GSM ოპერატორის სიხშირე, თავად ანძები კი, რომლებითაც ბრალდებული სარგებლობდა, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა განლაგებული.
მესამე: გამოძიებით უდავოდ დადგენილია, რომ სამარ ჩოკუტაევმა, აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან, მალაიზიაში წინასწარ მომზადებული სერვერის გამოყენებით, დაშიფრული ხაზით შეაღწია ქ.თბილისში, ორ სხვადასხვა მისამართზე მდებარე კერძო სტრუქტურათა ოფისების ინტერნეტ-ქსელში და კვალის არევის მიზნით, იმგვარად ატვირთა მუქარის შემცველი ვიდეორგოლი აღნიშნულ ოფისებში განთავსებული როუტერების გამოყენებით, რომ შექმნილიყო შთაბეჭდილება, თითქოს დანაშაული ამ ოფისების მიმდებარე ტერიტორიაზე იქნა ჩადენილი. შეგახსენებთ, რომ გამოძიების საწყის ეტაპზე, სწორედ თბილისში განთავსებული IP მისამართები იქნა იდენტიფიცირებული ქართველი სამართალდამცველების მიერ.
სამარ ჩოკუტაევს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად დაუსწრებლად შეუფარდა პატიმრობა.
ამჟამად ხორციელდება ბრალდებულის ძებნის ღონისძიებები, როგორც საქართველოში, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ.
გამოძიება გრძელდება და მისი შედეგების კვალდაკვალ, შინაგან საქმეთა სამინისტრო გააგრძელებს მოქალაქეთა ინფორმირებას ამ საქმესთან დაკავშირებით.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მადლობას უხდის მოკავშირე ქვეყნების სპეცსამსახურებს ამ საქმის გამოძიებაში გაწეული ქმედითი დახმარებისათვის.