როგორც პოლიკლინიკა “შუა ქალაქის” ექიმი მანანა ელიზბარაშვილი ამბობს, კომპანია “მედიკომის” ხელმძღვანელმა კახა ლომსაძემ მერიისგან სამკურნალო-პროფილაქტიკურ ცენტრი “შუა ქალაქი” შეიძინა. თუმცა, ფული ჯერ არ გადაუხდია და ამიტომ, მას პოლიკლინიკაში ცვლილებების განხორციელების უფლება არ აქვს.
ამის მიუხედავად, მერიამ ინვესტორის მიერ წარმოდგენილი დირექტორის კანდიდატურა მაინც დაამტკიცა, რომელსაც ექიმები დაუპირისპირდნენ და სამუშაო კაბინეტის კარიც აუჭედეს. ექიმები აცხადებენ, რომ ვინაიდან, ინვესტორი გაკოტრებულია და პოლიკლინიკის ფინანსების განკარგვის უფლებაც არ აქვს, იგი ცდილობს, ეს ახალი დირექტორის საშუალებით მოახერხოს და ბანკში გარანტად ექიმების ხელფასები ჩადოს.
სამკურნალო-პროფილაქტიკურ ცენტრ “შუა ქალაქი”-სა და მასთან ერთად ბავშვთა მე-13 პოლიკლინიკის (ორივე პოლიკლინიკა ლაღიძის ქუჩაზეა და მერიამ ორივე აუქციონის წესით კომპანია “მედიკომს” მიაკუთვნა გასული წლის 20 ნოემბრის განკარგულებით) საკითხზე დღეს დედაქალაქის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის გაფართოებულ სხდომზე იმსჯელეს.
ფრაქცია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ზაზა გაბუნიამ თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ დავით ჭედიას თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება მოითხოვა, რადგან ის სხდომაზე იმ კითხვებზე პასუხის გასაცემად არ გამოცხადდა, რაც მისი მისამართით არსებობს.
“დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა. მაგრამ, სამწუხაროდ, თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი, რომლის უშუალო პასუხისმგებლობა იკვეთება პოლიკლინიკების გასხვისებასთან დაკავშირებით, არ გამოცხადდა. ეს არის ცალსახა უპასუხისმგებლობა. ამიტომ, მე დღეს გამოვუცხადე უნდობლობა დავით ჭედიას და ვიწყებ პროცესს იმისთვის, რომ თბილისის საკრებულომ მიიღოს დადგენილება, რომლის საფუძველზე მერიას დავით ჭედიას თანამდებობიდან გათავისუფლებას მოვთხოვთ,” _ განაცხადა ზაზა გაბუნიამ.
მისივე თქმით, ხელმძღვანელის გათავისუფლება მის გაფუჭებულ საქმეს არ უშველის, მაგრამ ისეთი უპასუხისმგებლო ჩინოვნიკი, როგორიც ჭედიაა, თანამდებობაზე არ უნდა დარჩეს.
ექიმი მანანა ელიზბარაშვილი ინვესტორის უკანონო მოქმედებების სქემაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ “მედიკომს” შპს “შუაქალაქი”-ს სხვა პირებზე გასხვისება სურს.
“ეს ინვესტორი ყიდულობს კლინიკებს და მერე ასხვისებს. ასე გაასხვისა მან 7 პოლიკლინიკა. ლომსაძე არის აბსოლუტურად გაღატაკებული ადამიანი. კაპიკი არ გააჩნია! რა ინვესტორია! მის უკან დგას კორუფციული ჯგუფი, რომელიც პოლიკლინიკების დასაკუთრებითაა დაინტერესებული.
მან აუქციონების შედეგად შეძენილი სამკურნალო დაწესებელებების წილები გადააფორმა ყოფილ მაღალ ჩინოსნებზე. ისეთებზე, როგორებიც არიან, ანდრია ურუშაძე და კახა ბაკურაძე. იგივე უნდა ჩვენს შემთხვევაშიც. ჩვენთან მოჰყავს ხან ინდოელები, ხან ჩინელები. ის ვერ ახერხებს წილის გადაფორმებას, იმიტომ, რომ ჩვენ ვყვირით,” _ აღნიშნავს ელიზბარაშვილი.
მისი თქმით, ექიმებსაც უნდოდათ “შუაქალაქის” წილის შეძენა, მაგრამ აუქციონზე კორუფციული გარიგებები მოხდა და ვერ შეაღწიეს.
საკრებულოს სხდომაზე ინვესტორმა კახა ლომსაძემ მისი მისამართით დასმულ შეკითხვებს არ უპასუხა და განაცხადა, რომ საკრებულო მისი უფროსი არ არის და ანგარიშსაც არ ჩააბარებს. ლომსაძემ სხდომა დატოვა, რასაც დეპუტატების მწვავე რეაქცია მოჰყვა.
“ის გაიქცა საკრებლოს სხდომიდან, იმიტომ რომ არ აქვს კითხვებზე პასუხი. ის მოქმედებს აბსოლუტურად თვითნებურად. არ აინტერესებს არც ბენეფიციარები, არც ექიმები,” _ აღნიშნა ლომსაძის ქცევაზე მანანა ელიზბარაშვილმა.
“ფრაქცია ქართული ოცნება – თბილისელების” წარმომადგენელმა გულიკო ზუმბაძემ სხდომაზე აღნიშნა, რომ კლინიკების გასხვისებამ პრობლემები შექმნა მთელს ჯანდაცვის სისტემაში:
“წინა ხელისუფლებას პირველად ჯანდაცვასთან დაკავშირებით ძალიან არასწორი მიმართულებები ჰქონდა არჩეული. პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტში წუწუნებენ, რომ ბევრი კლინიკის გასხვისების გამო, წარმატებით ვერ ახორციელებენ რეფორმებს,” _ აღნიშნა ზუმბაძემ.
საკრებლოს სხდომაზე მოწვეულმა თბილისის მერიის ჯანდაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა ქაცარავამ აღნიშნა, რომ პოლიკლინიკების პრივატიზებაში პრობლემას ვერ ხედავს. თუმცა, მისი თქმით, თუ ინვესტორის მიერ აღებული ვალდებულებები არ სრულდება, ეს საგამოძიებო ორგანოების საქმეა.
“პრივატიზებაში პრობლემა არ არის. მხოლოდ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ობიექტებით ჩვენ ჯანდაცვაში შედეგს ვერ მივიღებთ. ამიტომ, კერძო მესაკუთრეზე გასხვისება სწორად მიმაჩნია. პროკურატურამ “მედიკომის” საკითხი უკვე შეისწავლა და ჩემი ინფორმაციით, პრივატიზების პროცესში დარღვევა არ დაფიქსირებულა. თუ რაიმე შესასწავლია, ეს აუდტის სამსახურმა, თუნდაც ფინანსურმა პოლიციამ უნდა შეისწავლოს. ინვესტორი აცხადებს, რომ შპს “შაქალაქში” ე.წ. შავი ბუღალტერია მოქმედებს, ექიმები ჯიბეში იდებენ ფულს, ამიტომ, სიტუაციის კონტროლი სჭირდება და ამის საშუალებას არ აძლევენ,” _ განაცხადა ქაცარავამ.
“გურია ნიუსის” კითხვაზე – როცა ინვესტორს თანხა გადახილი არ აქვს და მაინც აძლევს თავს უფლებას დირექტორის კანდიდატურა წარადგინოს და მერიაც უმტკიცებს, მიაჩნია თუ არა ეს სწორად, ქაცარავა გვპასუხობს, რომ მერია ინვესტორს დაეხმარა, შესულიყო პოლიკლინიკაში და ემართა სიტუაცია.