“უბრალოდ მაშინ არ იყო გაშუქებული ეს ინციდენტები. გამომდინარე იქედან, რომ ამჟამად პოლიტიკური სიტუაცია განსხვავებულია, ამის გამჟღავნება და აფიშირება უფრო მეტად ხდება, თუმცა მე ვერ ვიტყვი, რომ რაღაც განსაკუთრებული ხდება. რა თქმა უნდა, არის პრობლემები იგივე ჭელასთან დაკავშირებით. ის ფორმა, რაც იქ ხდებოდა მიუღებელი და შეურაცხმყოფელია საქართველოს მოქალაქე მაჰმადიანებისთვის. რა თქმა უნდა, ამ ფაქტს ვსწავლობთ. გამოთხოვილი გვაქვს ინფორმაცია და ამის შესახებ ცალკე გავაკეთებთ დასკვნას. იცით რა არის, ყოველთვის იქნება ვიღაც ვინც შეეცდება მღვრიე წყალში თევზის დაჭერას.
_ რა სახის პრევენციული ღონისძიებები უნდა გატარდეს მსგავსი სახის ინციდენტების თავიდან ასაცილებლად?
_ მნიშვნელოვანია საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკა იყო გამართული, მას ჰქონდეს სწორი და პირდაპირი დიალოგი ყველა კონფესიასთან. დალაგებული ურთიერთობები და პირდაპირი კავშირი ჰქონდეს ნებისმიერ ორგანიზაციასთან. მე ვფიქრობ, ამ მხრივ ძალიან ბევრია გასაკეთებელი. ზოგადად ფონი არის მძიმე. ასეთი ფაქტები ნამდვილად არის. საზოგადოებაში აგრესიაა დაგროვილი. ერთ დღეს, შესაძლოა ეს აგრესია გამოყენებული იქნას რელიგიური და ეთნიკური ნიშნით დაპირისპირებისთვის. სწორედ ამ აგრესიისა და სიძულვილის დაძლევისკენ უნდა იყოს მიმართული მთელი პოლიტიკა. ვფიქრობ, ძალიან ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი, რადგან ამ მიმართულებით ცოტა რამ კეთდება.