ამასთან, საქართველო დღეიდან “განსაკუთრებული ყურადღებით დააკვირდება” სოჭის ოლიმპიადის საორგანიზაციო ღონისძიებებს და თუ საბოლოოდ დარწმუნდება, რომ სპორტული თამაშების ზედმეტი პოლიტიზაცია და საქართველოს წინააღმდეგ მისი მიზანმიმართული გამოყენება ხდება, “ხელისუფლება შესაბამის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს მიიღებს”.
“ოლიმპიადის მეჩირაღდნეთა სიაში ივან ნაჩაევის ჩასმით რუსეთის ფედერაციის მიზანი მხოლოდ საქართველოს დამცირებაა. ქართველები თუ წავლენ ოლიმპიადაზე, წაიყვანონ ის მეზენიტე, რომელმაც ნაჩაევის თვითმფინავი ჩამოაგდო,” _ აღნიშნავს პოლიტოლოგი მამუკა არეშიძე “ჯი-ეიჩ-ენთან”.
პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე მიიჩნევს, რომ საქართველომ სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობა არ უნდა მიიღოს. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ოლიმპიადა ყოველთვის მშვიდობის სიმბოლო იყო, სოჭის ოლიმპიადამდე რამდენიმე თვის ადრე რუსეთი საქართველოსთან შუღლს კვლავ აღვივებს და საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებს პატივს არ სცემს. “ამიტომ, საქართველომ ამ შემთხვევაში ოლიმპიადაში მონაწილეობაზე უარი უნდა განაცხადოს”.
ჩიტაძე 1980 წლის მოსკოვის ოლიმპიადას იხსენებს, რომელშიც დემოკრატიული ქვეყნების უმრავლესობამ მონაწილეობა იმის გამო არ მიიღო, რომ საბჭოთა კავშირის ჯარები რამდენიმე თვით ადრე ავღანეთში შეიჭრნენ.
“ამიტომ, მოსკოვის ოლიმპიადაში მონაწილეობა მხოლოდ 86-მა სახელმწიფომ მიიღო, მაშინ როცა 1984 წელს ამერიკის ოლიმპიადაში 154 სახელმწიფო მონაწილეობდა,” _ აღნიშნავს პოლიტოლოგი “გურია ნიუსთან” საუბრისას.
კითხვაზე, რამდენად გონივრულია ბოიკოტი და ამ შემთხვევაში ვინ დაუდგება საქართველოს გვერდით, ჩიტაძე პასუხობს, რომ “შეიძლება საქართველოს სოლიდარობის ნიშნად სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობაზე უარი არცერთმა სახელმწიფომ არ განაცხადოს. თუმცა, საქართველო მაინც არ უნდა დაესწროს ოლიმპიადას”.
“რუსეთი ჩირაღდანს გადასცემს ვინმე ნაჩაევს, რომელსაც ხელი ქართველების სისხლში აქვს გასვრილი. გარდა ამისა, რუსეთი აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ოლიმპიურ კომიტეტს აღიარებს და ბუნებრივია, რომ საქართველომ მონაწილეობა არ უნდა მიიღოს,” _ ამბობს ჩიტაძე.
რას მოიგებს საქართველო იმ შემთხვევაში თუ არ წავა სოჭის ოლიმპიადაზე და რას წააგებს თუ წავა?! ამ კითხვაზე პოლიტოლოგი პასუხობს, რომ “არწასვლით” საქართველო საერთაშორისო თანამეგობრობას დაუმტკიცებს, რომ მას ეროვნული ღირსება და თავმოყვარეობა გააჩნია და არასოდეს შეეგუება მისი ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაციას. ამგვარად, ბევრი ქვეყანა ჩათვლის, რომ საქართველოს ღირსება გააჩნია,” _ აღნიშნავს ჩიტაძე.
“რუსეთი საქართველოს ინტერესებს იგნორირებას უკეთებს, საოკუპაციო ხაზის გადმოწევას აგრძელებს და ა.შ. ამ ყველაფრის მიუხედავად, საქართველო თავის წარმომადგენლებს სოჭის ოლიმპიადაზე თუ მაინც მიავლენს, ალბათ, გამოჩნდება ის, რომ საქართველო კრემლთან დათმობაზე მიდის და ამას არამარტო რუსეთი, არამედ მთელი დემოკრატიული საზოგადოებაც დაინახავს,” _ აცხადებს ჩიტაძე.
განსხვავებული მოსაზრება აქვს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არჩილ გამზარდიას. როგორც საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი მიიჩნევს, რუსეთი დაინტერესებულია იმით, რომ საქართველომ ოლიმპიადაში მონაწილეობა არ მიიღოს, რამდენადაც ამით საქართველო მსოფლიო პროცესის მიღმა დარჩება.
“ზოგადად, რუსეთი დაინტერესებულია, რომ საქართველო საერთაშორისო ყურადღების მიღმა დარჩეს, რისი ტენდენციაც ბოლო წლებში შეიმჩნევა,” _ ამბობს გამზარდია.
ამასთან, მას გაუგებრად მიაჩნია სოჭის ოლიმპიადის ბოიკოტირება და აღნიშნავს, რომ საქართველოს არ მონაწილეობით ისევ მხოლოდ საქართველო დაიჩაგრება.
“მითუმეტეს, რომ არცერთ სხვა ქვეყანას არ გამოუცხადებია სოლიდარობა ჩვენთვის. ეს იქნება პოლიტიკის ზედმეტი შეჭრა პროცესში, როგორც მოხდა ევროვიზიის შესარჩევ კონკურსში და ამით მხოლოდ ქვეყანამ წააგო.
ბოიკოტი სოლიდარობის მიზნით კეთდება ხოლმე, შესაბამისად, ჩნდება შეკითხვა: რომელი ერთი ქვეყანა მაინც არის სოლიდარული ჩვენი ბოიკოტისა, ჩვენ გვიერთდება და რუსეთს ბოიკოტს უცხადებს ოლიმპიადაზე?!
ნებისმიერი საზოგადოებრივი აქტივობა (სახელმწიფო იქნება თუ სახელმწიფოს სახელით საზოგადოებრივი გაერთიანება) უნდა იყოს კონკრეტულ შედეგზე ორიენტირებული. მოცემულ შემთხვევაში, ოლიმპიადის ბოიკოტი ვერ იქნება იმაზე ეფექტურ შედეგზე ორიენტირებული, ვიდრე ხელისუფლების პოზიციაა. თუმცა, ამავდროულად, ვფიქრობ, რომ ხელისუფლებამ და ოლიმპიურმა კომიტეტმა აუცილებლად უნდა იმუშაონ ერთ მეტად მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიცაა საქართველოს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რეგიონების დამოუკიდებელი სტატუსით გამოსვლა და ძალისხმევა უნდა მიმართონ საერთაშორისო ორგანიზაციების როგორც ინფორმირებულობაზე, ასევე მათგან კონკრეტული პოზიციების გამოვლენის უზრუნველყოფაზე,” _ აცხადებს გამზარდია და დასძენს, რომ საქართველო მსოფლიოს ნაწილად თუ გრძნობს თავს, უნდა მიიღოს მონაწილეობა.
“არაერთი ტრიბუნა არსებობს საიმისოდ, რომ საქართველომ პოზიციები დააფიქსიროს. ოლიმპიადა – ეს არის მსოფლიო პროცესი და ამ შემთხვევაში, რუსეთი მხოლოდ გეოგრაფიული არეალია,“ _ უთხრა „გურია ნიუსს“ გამზარდიამ.