გიორგი მარგველაშვილი მთავრობის წევრებთან დავით ნარმანიასთან და შალვა ფიფიასთან ერთად წალენჯიხის მოსახლეობას შეხვდა და საპრეზიდენტო პროგრამის პრიორიტეტები გააცნო.
ჩხოროწყუს შეხვედრაზე მიმავალ გიორგი მარგველაშვილს წალენჯიხის რაიონის სოფელ კანთში, სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები დახვდნენ. მათ გიორგი მარგველაშვილს 2011 წელს სოფელში დამწვარი სკოლის ბედით დაინტერესება სთხოვეს. საპრეზიდენტო კანდიდატმა მოისმინა ადგილობრივების პრობლემა და ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ აღნიშნა, რომ 2014 წლის განათლების სამინისტროს ბიუჯეტში გათვალისწინებულია სკოლის მშენებლობა, სოფელ კანთში სკოლა 2015 წლის სასწავლო წლისთვის აშენდება.
სკოლის დაწვის შემდეგ კანთელებმა საკუთარი ინიციატივით გამოათავისუფლეს მაღაზიის შენობა და იქ გახსნეს სკოლა, სადაც დღეს 40 მდე ბავშვი სწავლობს.
გიორგი მარგველაშვილს იგივე პრობლემით სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები ჩხოროწყუს რაიონის სოფელ მუხურშიც დახვდნენ. მათ პრეზიდენტობის კანდიდატს სთხოვეს სკოლის რეაბილიტაცია, ვინაიდან ბოლო 10 წელია ბავშვებს მძიმე პირობებში უწევთ სწავლა. გიორგი მარგველაშვილი შეკრებილებს საკითხის შესწავლას დაჰპირდა.
(R)