მონაცემებს “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი” (IDFI) აქვეყნებს.
პროკურატურის მიერ მიწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ 2012 წლის 1 ნოემბრიდან – 2013 წლის 9 მაისამდე სასამართლოსათვის წარდგენილმა შუამდგომლობების რაოდენობამ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების -“სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადება და ჩაწერის შესახებ” შეადგინა 1207 შუამდგომლობა.
„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა” (IDFI) თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოებს, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს, მთავარ პროკურატურას და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს მიმართა და შემდეგი სახის სტატისტიკური ინფორმაცია გამოითხოვა:
1) დაწესებულებების მიერ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების – “სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადება და ჩაწერის შესახებ” სასამართლოსათვის წარდგენილი შუამდგომლობების რაოდენობა;
2) სასამართლოების მიერ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების – “სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადებისა და ჩაწერის” შესახებ დაკმაყოფილებული შუამდგომლობების რაოდენობა;
3) სასამართლოების მიერ მოსამართლის სანქციის გარეშე განხორციელებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებიდან -“სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადება და ჩაწერა” კანონიერად ცნობილი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების რაოდენობა;
4) სასამართლოების მიერ მოსამართლის სანქციის გარეშე განხორციელებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებიდან -“სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადება და ჩაწერა” არაკანონიერად ცნობილი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების რაოდენობა;
IDFI -მ საჯარო დაწესებულებებიდან მოთხოვნილი ინფორმაციის საჯაროობასთან დაკავშირებით განსხვავებული და ურთიერთგამომრიცხავი პასუხები მიიღო.
საქართველოს მთავარი პროკურატურა ერთადერთი გამონაკლისი აღმოჩნდა იმ უწყებებს შორის, რომელმაც საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი არ თქვა.
ბათუმის საქალაქო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი ინფორმაცია არ წარმოადგენს საიდუმლო ინფორმაციას, თუმცა მიუთითებს, რომ აღნიშნული სტატისტიკა არ გააჩნია და არც აპირებს ინფორმაციის მიწოდებას იმიტომ, რომ სასამართლოს აპარატი დაკავებულია სხვა საქმეებით და ამ ტიპის ინფორმაციის დამუშავება არ წარმოადგენს სასამართლოს საქმიანობისათვის აუცილებელ საჭიროებას.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური მიიჩნევენ, რომ მოთხოვნილ ინფორმაციაზე არ ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-4 ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტების თანახმად.
IDFI -ის მიერ მოთხოვნილ ინფორმაციას რეაგირება არ მოჰყოლია ქუთაისის საქალაქო სასამართლოსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს მხრიდან. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა კანონმდებლობით დადგენილ ვადებში შეიტანა სარჩელი ქუთაისისა და თბილისის საქალაქო სასამართლოებში ამავე სასამართლოებისათვის შესაბამისი საჯარო ინფორმაციის გაცემის დავალდებულების მოთხოვნით.
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 2013 წლის 12 მარტის გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა ინსტიტუტის სარჩელი. სასამართლომ დასაბუთებაში აღნიშნა, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია არ იყო დაცული და დამუშავებული სასამართლოში და მისი მომზადება მოითხოვდა დიდი რაოდენობით საქმეების მოძიებასა და დამუშავებას, რაც ხელს შეუშლიდა სასამართლოს ნორმალურ ფუნქციონირებას მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული ფუნქციების განხორციელების პროცესში. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი დაუმუშავებელი ინფორმაციის რაოდენობა არ იყო ადმინისტრაციული ორგანოს ადამიანური რესურსების პროპორციული.
თბილისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილ სარჩელთან დაკავშირებით საქმის განხილვისას, თბილისის საქალაქო სასამართლომ “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისათვის” მოწოდებულ შესაგებელში აღნიშნა, რომ მოთხოვნილი ინფორმაცია წარმოადგენდა სახელმწიფო საიდუმლოებას “სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის “ა” ქვეპუნქტისა და “ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად და არ მიეკუთვნებოდა საჯარო ინფორმაციის კატეგორიას.
მიუხედავად სასამართლოს პოზიციისა, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ 2013 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილებით სრულად დააკმაყოფილა “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” სარჩელი და არ გაიზიარა აღნიშნული ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნების საკითხი. მოსამართლე ნინო ონიანმა მიიჩნია, რომ მოთხოვნილი ინფორმაცია წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას და დაავალდებულა მოპასუხე მხარე (თბილისის საქალაქო სასამართლო) გასცეს აღნიშნული ინფორმაცია.
“ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საჯარო დაწესებულებებს განსხვავებული მოსაზრებები გააჩნიათ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობასთან დაკავშირებით სტატისტიკური ინფორმაციის გასაჯაროების თაობაზე“-აცხადებენ IDF-ში.
ქუთაისის და ბათუმის საქალაქო სასამართლოებმა საკუთარი პასუხით დაადასტურეს მოთხოვნილი ინფორმაციის საჯაროობა, თუმცა უარი განაცხადეს ინფორმაციის გაცემაზე იმ მიზეზით, რომ მოთხოვნილი ინფორმაცია არ იყო დამუშავებული სასამართლოში და მისი მომზადება მოითხოვდა დიდი რაოდენობით საქმეების მოძიებასა და დამუშავებას, რაც ხელს შეუშლიდა სასამართლოს ნორმალურ ფუნქციონირებას;თბილისის საქალაქო სასამართლომ მოთხოვნილი ინფორმაცია მიიჩნია სახელმწიფო საიდუმლოებად; შინაგან საქმეთა სამინისტრომ და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა მიიჩნიეს, რომ მოთხოვნილ ინფორმაციაზე არ ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სრულყოფილად გასცა ინსტიტუტზე მოთხოვნილი ინფორმაცია მიიჩნია რა ის საჯარო მონაცემებად.