საპრეზიდენტო კანდიდატის, დავით ბაქრაძის პლაკატების გაკვრა ოზურგეთში და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში დაიწყეს. “ნაცმოძრაობის” წარმომადგენლების ინფორმაციით, პლაკატების უმეტესობა უკვე განადგურებულია.
_ პლაკატების გაკვრიდან მეორე დღეს უკვე დაიწყეს ჩამოხევა, რაც ნამდვილად სამარცხვინო საქციელია. ჩვენთვის არ არის ცნობილი, თუ ვინ გააკეთა ეს. კარგი იქნება, შესაბამისი უწყება თუ დაინტერესდება ამ ფაქტით, _ გვითხრა საპრეზიდენტო კანდიტატის დავით ბაქრაძის ოზურგეთის შტაბის ხელმძღვანელმა, მიხეილ გოგოტიშვილმა.
“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ოზურგეთის ოფისის იურისტის ჯაბა ზერეკიძის თქმით, წინასაარჩევნო მოწოდებების, განცხადებების, წარწერების, ფურცლების, ფოტო და სხვა მასალების გავრცელებისათვის ხელის შეშლა საქართველოს საარჩევნო კოდექსის შესაბამისად, გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
_ აღნიშნულ სამართალდარღვევებზე შესაბამის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, _ თქვა ჩვენთან საუბრის დროს ჯაბა ზერეკიძემ.