როგორც ცესკოში აღნიშნავენ, თავიდან გადაწყვეტილი იყო, რომ თბილისის 20 საარჩევნო უბანზე კენჭისყრის პარალელურად საცდელ რეჟიმში ხმის მიცემა ელექტრონულად მოხდებოდა.
“ამ ეტაპზე ესეც გადავიფიქრეთ, რადგან პროექტის განხორციელება ცალკე რეჟიმში უკეთესი იქნება, ვიდრე ამ დაძაბულ საარჩევნო გარემოში. როდესაც არჩევნები დასრულდება, შემდეგ მოვაწყობთ სიმულაციას, სადაც ამ პროექტს, რომელიც ცესკომ შეიმუშავა, არჩევნებისგან აბსოლუტურად განცალკევებულად გამოვიყენებთ. ეს იქნება დადგმული კენჭისყრის პროცესი. ვნახავთ, როგორ განხორციელდება და თუ წარმატებული იქნება, გადავწყვეტთ, როგორ იქნება შესაძლებელი მისი ინტეგრაცია,” _ აცხადებენ ცესკოში.
ამასთან, უწყების ინფორმაციით, აღნიშნული პროექტის გასაცნობად ცესკოში როგორც საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები, ისე ადგილობრივი არასამთავრობო სექტორისა და პოლიტიკური გაერთიანებების წარმომადგენლებიც ჰყავდათ მიწვეული, რომელთაც პროექტი დადებითად შეაფასეს.
იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულმა პროექტმა გაამართლა, ცესკოში არ გამორიცხავენ, რომ მისი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის გამოყენებაც გადაწყდეს.
“ვნახოთ. ამას წინასწარ ვერ გეტყვით. უბრალოდ, არის ასეთი პროექტი, რომელიც იდეაში ძალიან კარგია. საერთაშორისო გამოცდილებაც, რომ ავიღოთ ძალიან ბევრ ქვეყანაში იყენებენ ამ ტიპის სისტემებს, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებშიც,” _ განუცხადეს “გურია ნიუსს” ცესკოში.