ლევან კორკოტაშვილი შსს-ს თანამშრომლებს ცემაში ადანაშაულებს
“კორკოტაშვილს ყბის ძვალი აქვს გატეხილი. სასწრაფო ოპერაციას საჭიროებს. თუმცა, სათანადო სამედიცინო დახმარება არ აღმოუჩინეს,” _ აღნიშნავს ადვოკატი თამაზ ქაშიაშვილი “გურია ნიუსთან” საუბრისას.
კორკოტაშვილს ბრალი სსკ-ს 260-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წაყენებული, რაც ნარკოტიკული ნივთიერებების შენახვას გულისხმობს. ადვოკატის თქმით, კორკოტაშვილი ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ ნარკოტიკები მისი არ იყო და ბრალდება შეთითხნილია.
“ქუჩაში მიდიოდა, როდესაც დააკავეს. ბრალდების ოქმში წერია, რომ ნარკოტიკული ნივთიერება მანქანასთან ეგდო და ვითომ, ბრალდებულმა დააგდო,” _ აცხადებს ქაშიაშვილი.
ადვოკატის ინფორმაციით, დაკავებულს ნარკოტესტი არ ჩატარებია, რადგან მას 30 სექტემბერს ყბა-სახის ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული და ექიმის მიერ დანიშნულ ძლიერმოქმედ გამაყუჩებლებს იღებდა.
“ოპერაციის შემდეგ ძვლები რკინის ფირფიტებით ჰქონდა დამაგრებული და ცემის დროს ჩაემტვრა. ახლა ფაქტობრივად, ვერ საუბრობს, ვერ ჭამს, ვერ სვამს და ძალიან მძიმე მდგომარეობაშია,” _ ამბობს ადვოკატი.
ამასთან, მისივე ინფორმაციით, კორკოტაშვილის დაკავება დღისით მოხდა, თვითმხილველებიც არსებობენ და ბრალდებული მათ სახელებსაც ასახელებს. კორკოტაშვილი ასევე, იმ პოლიციელებიდან ერთ-ერთის გვარსაც იხსენებს, რომლებმაც ის დააკავეს. მისი სახელია გივი სანთელაძე, ხოლო მეორე სამართალდამცავის ვინაობა მისთვის უცნობია.
ასევე, შემთხვევა თბილისში მოხდა. თუმცა, კორკოტაშვილი დუშეთის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს, ამის მიზეზად კი, ადვოკატიის ინფორმაციით, ბრალდების მხარემ თბილისის იზოლატორებში ადგილის არ ქონა დაასახელა.
პოლიციელების მიერ ლევან კორკოტაშვილის ცემის ფაქტთან დაკავშირებით, საიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშილი გამოეხმაურა. მინისტრმა ორგანიზაცია არასწორი და დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ დაკავებული ექვსჯერაა ნასამართლევი.
“კონკრეტულად ეს პიროვნება, კორკოტაშვილი, ექვსჯერაა ნასამართლევი. გავერკვიე და 30 სექტემბერს ამ ადამიანს ჩაუტარდა ოპერაცია და როგორც ამიხსნეს და მოვისმინე ექიმებისგან, მას შეეძლო ხელოვნურად სახის კერძოდ, ერთი ნაწილის ასე ვთქვათ, ამოვარდნა. შესაბამისად, არავითარი ფიზიკური ზეწოლა არ ყოფილა პოლიციის მხრიდან. მინდა ვთხოვო ყველას, მანამ რაიმე ინფორმაციას გაავრცელებენ პოლიციის შესახებ, ჩვენ გვყავს პრესსამსახური, რომელიც ოპერატიულად მუშაობს 24 საათის განმავლობაში და მათ შეუძლიათ ნებისმიერი ინფორმაცია გადაამოწმონ 24 საათის განმავლობაში და ვთხოვ მათ, რომ არ შეიყვანონ საზოგადოება შეცდომაში. აქვე მინდა ვთხოვო ყველას, რომ პოლიციას მისცენ ნორმალურად მუშაობის საშუალება,” _ განაცხადა ღარიბაშვილმა.
კორკოტაშვილის სასამართლო პროცესი დღეს შედგა. ქაშიაშვილის განცხადებით, ბრალდების მხარე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვდა. თუმცა, სასამართლომ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და ბრალდებული გირაოთი გაათავისუფლა.
მამაკაცი ამბობს, რომ შსს-ს გენინსპექციის თანამშრომელმა სცემა
პროფესიით ქორეოგრაფი დავით კაპანაძე აცხადებს, რომ შსს-ს გენინსპექციის თანამშრომელი ლაშა ცნობილაძე სამოქალაქო ფორმაში გადაცმულ პოლიციის 30 თანამშრომელთან ერთად მას ფიზიკურად გაუსწორდა.
კაპანაძე 147-ე სკოლაში ცეკვას ასწავლის. როგორც იგი “გურია ნიუსთან” ამბობს, შემთხვევამდე რამდენიმე დღით ადრე, თავის კოლეგა თამაზ ჟორჟოლიანთან შელაპარაკება მოუვიდა. მოგვიანებით, კაპანაძეს მისთვის უცნობმა პირმა დაურეკა და ლაშა ცნობილაძის სახელით გაეცნო. უთხრა, რომ თამაზ ჟორჟოლიანის სიძეა და გინება დაუწყო. კაპანაძე და ცნობილაძე შეთანხმდნენ, რომ შეხვდებოდნენ და “ყველაფერს გაარკვევდნენ”.
“მკითხა, სად ხარო, ვუთხარი სადაც ვიყავი, დიღმის მასივში… 30-მდე პოლიციელთან ერთად მოვიდა. შენ ხარ კაპანაძე?! ხოდა, დაეგდე მანქანაშიო… წიხლები ჩამარტყა, ჩამიმტვრია ნეკნები და დიღმის პოლიციაში წამიყვანეს. ჩემი სამსახურეობრივი საქმეები პოლიციის განყოფილებაში ნეკნებჩამტვრეულს გამირჩიეს.
განყოფილებაში მიყვანის შემდეგ ისე მცემეს, რომ არაფერი აღარ დამმჩნეოდა, თავში მირტყამდნენ, მაგინებდნენ. საშინელებაა უძლური რომ ხარ, დათრგუნული და შეურაცხყოფილი. ვფიქრობდი, ეს რას მოვესწარი-მეთქი. ასეთ რაღაცებს ტელევიზორში და პრესაში რომ ვნახულობდი, არ მჯეროდა. ვფიქრობდი, რომ ასე არ ხდებოდა. საკუთარ თავზე გამოვცადე ახლა და დავრწმუნდი,” _ ამბობს კაპანაძე და დასძენს, რომ შემდეგ ნარკოლოგიურში გადაიყვანეს.
“ჩემი პოლიციაში მიყვანა რაღაცით ხომ უნდა გაემართლებინათ და ოპერატიული ინფორმაცია გვქონდაო, ეს მომდეს შარად. დავუშვათ, სისხლში ნარკოტიკი აღმომაჩნდა, ამისათვის არსებობს სასჯელი, რომელსაც სასამართლო მომისჯის, მაგრამ ის ფაქტი, რომ ნეკნები ჩამიმტვრიეს და ჩემს სამსახურეობრივ საქმეებს შსს-ს გენინსპექციის მაღალჩინოსანი პოლიციის უფროსის კაბინეტში მირჩევს, ეს რა არის?!
სასამართლოზე ყველაფერს ვიტყვი და სამართლებრივად ვიბრძოლებ. სამი კორპუსის თვალწინ, ჩემი მოსწავლეებისა და მეზობლების თვალწინ ნეკნები ჩამიმტვრიეს,” _ უთხრა კაპანაძემ “გურია ნიუსს”.
შსს-ში კაპანაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფენ და აცხადებენ, რომ პოლიციელებს მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ.
“30 სექტემბერს პოლიციელებს ჰქონდათ ინფორმაცია, რომ დავით კაპანაძე იმყოფებოდა ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ და როდესაც გადაჰყავდათ ნარკოლოგიურში შემოწმების მიზნით, მან პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია. როდესაც გადაიყვანეს ნარკოლოგიურ შემოწმებაზე, მას დაუდგინდა სუბოტექსის შემცველი ნივთიერების და მარიხუანას მომხარების ფაქტი. ის იმავე დღეს ხელწერილით გამოუშვეს. ამის შემდეგ მან დარეკა დიდუბე–ჩუღურეთის რაიონულ პოლიციაში და განაცხადა, რომ უცნობმა მამაკაცმა სცემა. როდესაც გამომძიებელმა დაიბარა დაკითხვაზე, მან განაცხადა, რომ მისი მხრიდან არ იყო სწორი განცხადება. თქვა, რომ იცრუა, იყო ნასვამ მდგომარეობაში და აღნიშნულის შესახებ იმიტომ მოიტყუა, რომ საავადმყოფოში არ გადაეხადა თანხა. მან ჩვენებაში ასევე დააფიქსირა, რომ დაზიანება მიიღო თავისივე დაუდევრობის გამო და პრეტენზია არავის მიმართ არ აქვს,” _ განაცხადეს შსს-ში.
უწყების ცნობით, კაპანაძის წინააღმდეგ სამართალწარმოება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 45–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით უკანონოდ შეძენა ან შენახვას გასაღების მიზნის გარეშე გულისხმობს. ასევე, გამოძიება მას პოლიციისადმი დაუმორჩილებლობასაც ედავება.
საიას თავმჯდომარე კახა კოჟორიძე “გურია ნიუსთან” აცხადებს, რომ ორივე შემთხვევა საკმაოდ მძიმე დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და პროკურატურას ამ საქმეების დაუყოვნებლივ გამოძიებას სთხოვს.
“პროკურატურა დაინტერესებული უნდა იყოს, რომ დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება, რადგან ასეთი ფაქტები ცხადია, ძალიან უარყოფითად აისახება სამართალდამცავი ორგანოების ნდომაზე. არამარტო ის, რომ პოლიციელი სცემს მოქალაქეს, არამედ ისიც, რომ შემდეგ სისტემა ამას არ იძიებს და პირიქით, ხელის დაფარებას ცდილობს. იმედია, ამ შემთხვევაში ასე არ მოხდება და გამოიძიებენ,” _ ამბობს კოჟორიძე.
მამუკა მიქაუტაძის საქმე
ბოლო თვეების ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმე მამუკა მიქაუტაძის გარდაცვალებას ეხება. 36 წლის მიქაუტაძემ სიცოცხლე თვითმკვლელობით 6 ივლისს პოლიციაში დაკითხვის შემდეგ დაასრულა. როგორც მიქაუტაძემ სიკვდილამდე მეუღლეს და მეგობრებს განუცხადა, მას სამართალდამცავებმა მეგობრის წინააღმდეგ ჩვენება იძულებით მიაცემინეს. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით იყო აღძრული, რაც პირის თვითმკველობამდე მიყვანას გულისხმობს.
მოგვიანებით, შს სამინისტრომ გაავრცელა სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გამოქვეყნებული დასკვნა, რომლის მიხედვითაც, მიქაუტაძეს სხვა ფიზიკური დაზიანებები, გარდა ჩამოხრჩობით მიღებული ტრავმისა, არ ეტყობოდა.
მანამდე, გარდაცვლილის ოჯახის თანხმობით, “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” მიერ დაქირავებულმა ექსპერტმაც გამოაქვეყნა დასკვნა. ექსპერტიზის ორ დასკვნას შორის სხვაობაა. დამოუკიდებელი ექსპერტიზის ბიურო “ვექტორის” დასკვნაში წერია, რომ გვამს ცხვირის მარცხენა ნესტოზე ეტყობა სისხლნაღვენთი, რაც არის ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანების შედეგი, მაშინ როცა სახელმწიფო ექპერტიზის ბიუროს დასკვნაში ამის შესახებ არაფერია ნათქვამი.
20 ივლისს შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშილმა განაცხადა, რომ მიქაუტაძის საკითხთან დაკავშირებით საზოგადოებას კითხვები აღარ დარჩა.
კრიმინალური პოლიციის მე-4 განყოფილების უფროსმა 18 წლის ახალგაზრდა დაჭრა
მიმდინარე წლის 26 მაისს შს სამინისტროს კრიმინალური პოლიციის მე-4 განყოფილების უფროსმა დავით გელაძემ 18 წლის გიგი სვანი დაჭრა. აღნიშნული ინფორმაცია თავდაპირველად 14 ივნისს “ნაციონალურმა მოძრაობამ” გაავრცელა.
“არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი გელაძე თბილისში, გადაჭარბებული სიჩქარით მართავდა თავის ავტომობილს. მან ასევე დიდი სიჩქარით ჩაუქროლა მოქალაქეს, რომელმაც აღშფოთება გამოხატა. ამის შემდეგ გელაძემ გააჩერა მანქანა და შევიდა მოზარდთან კონფლიქტში. რადგანაც ჭავჭავაძის გამზირზე ბევრი ვიდეოთვალია, მან მოზარდი ყიფშიძის ქუჩაზე გაიყვანა, სადაც თავზე იარაღი დაადო და გაისროლა. გასროლამდე მოზარდმა ტყვიის აცილება მოასწრო, რის შედეგადაც ტყვია თავის ნაცვლად მხარში მოხვდა,” – განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატმა გივი თარგამაძემ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ გელაძე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
მოგვიანებით, საკითხთან დაკავშირებით განცხადება საქართველოს პროკურატურამაც გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ გელაძეს წარედგინა ბრალდება სს კოდექსის 117-ე მუხლის პირველ ნაწილით (სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება).
“12 ივნისს თბილისის პროკურატურამ მიმართა სასამართლოს დ. გელაძისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით. 14 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა პატიმრობის გამოყენების შესახებ და ბრალდებულ დ. გელაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა გირაო 15 000 ლარის ოდენობით,” _ აღნიშნული იყო პროკურატურის განცხადებაში.
პროკურატურამ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გელაძესთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 15 ათასი ლარის შეფარდების თაობაზე გაასაჩივრა. თუმცა, სააპელაციო სასამართლომ პროკურატურის სარჩელი არ დააკმაყოფილა და საქალაქო სასამართლოს განაჩენი ძალაში დატოვა.
“გურია ნიუსმა” გიგი სვანის მამასთან დაკავშირება სცადა. თუმცა, მიხეილ სვანი ჟურნალისტებთან საუბრის კატეგორიული წინააღმდეგია. სასამართლოს პრესსამსახურში კი განგვიცხადეს, რომ საქმის არსებითი განხილვა 30 ოქტომბერსაა ჩანიშნული. პროცესს მოსამართლე გიორგი დარახველიძე გაუძღვება.
ვალერიან თელიას საქმე
ბათუმში, 28 მარტს აჭარის შს მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელ ვალერიან თელიასა და საია-ს აჭარის ბიუროს თანამშრომელ როინ ფარტენაძეს შორის ინცინდენტი მოხდა.
საია-ს ინფორმაციით, ქუჩაში მოძრაობისას, მათ მძღოლს პოლიციის უფროსმა შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა და მისი მიმართულებით ანთებული სიგარეტი ისროლა. პოლიციის უფროსმა ფარტანაძის მანქანაში ჩასმა სცადა, რაც შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა.
შსს-ს გენერალური ინსპექციის მიერ გავრცელებული დასკვნის თანახმად, აღნიშნულ ინცინდენტში ვალერიან თელიას ბრალეულობა არ იკვეთება, ხოლო შს მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადებით, თელიამ დაიცვა პოლიციელის მუნდირი.
მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ თელიას მართვის მოწმობა არ აქვს.
ამასთან, საიამ თელიას ნარკოტესტზე შემოწმება მოითხოვა. თუმცა, მოულოდნელად აღმოჩნდა, რომ შსს-ს მაღალჩინოსანი ცერებრული შეტევისა და ნერვული კრიზის დიაგნოზით ხელვაჩაურში მდებარე კლინიკა “მედინას” რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა.
საია იმედს გამოთქვამდა, რომ თელიას საავადმყოფოში მოთავსება ნარკოტესტზე უარის თქმის მიზეზი არ გახდებოდა, რადგან თუკი მას მკურნალობა მორფინის შემცველი პრეპარატებით ჩაუტარდა, მისთვის ნარკოტესტის გაკეთება ვეღარ მოხერხდებოდა.
თუმცა, შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ თელიას, ისევე როგორც სამინისტროს ყველა დანარჩენ თანამშრომელს, ნარკოტესტზე შემოწმება ჩატარებული ჰქონდა და მის ირგვლივ ატეხილ ამბავს სასაცილო უწოდა.