აღნიშნული ფესტივალი 1997 წელს მსოფლიოს ლიდერი საერთაშორისო ხელოვნების ფესტივალების (ედინბურგის, ადელაიდის, პერტის, მელბურნის) და მათი ლეგენადრული დირექტორების გადაწყვეტილებითა და უშუალო მონაწილეობით დაარსდა. როგორც ორგანიზატორები ამბობენ, წელს საფესტივალო პროგრამა განსაკუთრებით გამოირჩევა მსოფლიო დონის ხელოვანების მოზღვავებითა და ჟანრობრივი მრავალფეროვნებით. ამჯერად თბილისელ მაყურებელს თავის ხელოვნებას უჩვენებენ: პიტერ ბრუკი, ირინა ბრუკი, დიმიტრი კრიმოვი, საშა ვალცი, კულბერგ ბალეტი და სხვები.
დღეს 20:15 საათზე ფესტივალი აფრიკელი ავტორის, კემ თემბას პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლით “კოსტუმით” გაიხსნება. სპექტაკლის რეჟისორია პიტერ ბრუკი.
14 ოქტომბერს ფესტივალს თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი უმასპინძლებს. მაყურებელი იხილავს რეჟისორ დიმიტრი კრიმოვის სპექტაკლს “კატია, სონია, პოლია, გალია, ვერა, ოლია, ტანია…” სპექტაკლი 20:15 წუთზე დაიწყება.
ფესტივალი 27 ოქტომბრამდე გაგრძელდება.